ალჰამბრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალჰამბრა

ალჰამბრა – (ესპან. Alhambra, არაბ. الحمراء წითელი), XIII საუკუნის არქიტექტურული ანსამბლი სამხრეთ ესპანეთში, ქ. გრანადის მახლობლად, მავრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში. ძირითადი განვითარება პოვა მუსულმანი ნასრიდების დინასტიის (1232-1492 წწ.) მმართველობის პერიოდში, როდესაც იბერიის ნახევარკუნძულზე გრანადა გახდა გრანადის საემიროს დედაქალაქი, ხოლო ალჰამბრა – მათი რეზიდენცია.

წარწერის ალჰამარას კომპლექსი

კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა: ციხესიმაგრის კედლები სათვალთვალო კოშკებით, მეჩეთი, საცხოვრებელი სახლები, აბანოები, ბაღები, საწყობები, სასაფლაო და სხვ. დღესდღეობით ის არის ისლამური არქიტექტურის მუზეუმი და ითვლება დასავლეთ ევროპის მავრიტანული ხელოვნების უმაღლეს მიღწევად. ნასრიდების სასახლეების მშენებლობა დაიწყო მუჰამედ I (1238–1273 წწ.) და დაამთავრა მისმა შვილმა მუჰამედ II (1273-1302 წწ.). იუსუფ I დროს (1333-1353 წწ.) აშენდა კოშკი კომარესი, მუჰამედ V დროს (1353-1391 წწ.) – ლომების სასახლე; გამოყოფილი იქნა ციტადელი ალკასაბა, საცხოვრებელი დასახლება ემირის სასახლით – მედინა. 1492 წლიდან გრანადა გადადის კათოლიკე მონარქების ხელში, რომლებმაც მეჩეთის ადგილზე ააშენეს წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, კარლ V სასახლე და სხვ. XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის საოკუპაციო არმიამ ნაწილობრივ დაანგრია ალჰამბრა, რომელსაც დაემატა 1821 წლის მიწისძვრა. ამ საუკუნის მეორე ნახევარში, ესპანეთის მთავრობამ სერიოზული სამუშაოები ჩაატარა ალჰამბრას რესტავრაციის მიზნით.

ალჰამბრას ბაღი

ალჰამბრას პირველი ციხესიმაგრე იყო ალკასაბას (არაბ. ალკასბა – „ციხე“) ციტადელი. მისი ღირსშესანიშნაობებია: ნახევარწრიული კოშკი სამზერი მოედნით, რომელიც აშენდა 1586 წელს; სამზერი გზა ჩრდილოეთის კედელზე; იარაღის მოედანი, რომელიც წარმოადგენდა სივრცეს ალკასაბის კედლებს შორის; სამზერი კოშკი – გეგმით კვადრატული, ოთხსართულიანი (სიმაღლე 27 მ), ციტადელზე ყველაზე მაღალი კოშკი; კოშკი ომაჟა – 26 მ სიმაღლის ექვსსართულიანი დონჟონი; კოშკი იდალგო, გატეხილი კოშკი, დენთის კოშკი, იარაღის კოშკი და სხვ. ალკასაბასა და ნასრიდების სასახლეებს შორის მოთავსებულია

კარლ V სასახლე
წყალსაცავების მოედანი. წყლის მიწოდება ხდებოდა მიწისქვეშა წყაროებიდან. ნასრიდების სასახლეების კომპლექსი შედგება სამი მონუმენტური ანსამბლისგან: მეშუარა (აუდენციისა და სასამართლოს შენობა), კომარესი (ემირის ოფიციალური რეზიდენცია) და ლომების სასახლე (კერძო აპარტამენტები). ალჰამბრის ყველაზე დიდებული სათავსია ელჩების დარბაზი კომარესის კოშკში, რომლის კედლები, ნიშები, თაღები, დერეფნები, გადასასვლელები მორთულია უამრავი ჩუქურთმით, ხვეულით, ნაძერწით, წარწერით და სხვა სამკაულით. განსაკუთრებული სიმდიდრითაა დამშვენებული ხის ჭერი, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მუსულმანურ ედემს ცენტრში ალაჰის ტახტით; ჭერი შემოსაზღვრულია სტალაქტიტური ფრიზით. ასევე აღსანი-შნავია კომარესის არაბული აბანოები ანუ ჰამამი, რომლებიც მოწყობილია რომაული აბანოების ანალოგიურად – ჰქონდა აპოდიტერიუმი, ფრიგიდარიუმი, ტეპიდარიუმი და კალდარიუმი. გათბობისათვის გამოყენებული იყო ჰიპოკაუსტის სისტემა, დამონტაჟებული იატაკის ქვეშ და კედლებში. XIV საუკუნეში აგებული ლომების სასახლის ცენტრალური ეზო შემოსაზღვრულია თაღოვანი გალერეებით, შემკული გაწყვილებული სვეტებით (124 სვეტი). აპარტამენტებში შესასვლელები გამოკვეთილია წინ გამოწეუ-ლი პორტიკებით. სახურავები უმეტესად წვეტურია კრამიტის ბურულით. ეზოს ცენტრში ფიალისებრი შადრევანია მოწყობილი, რომელსაც იჭერს სტილიზებული ლომის 12 ქანდაკება.
გალერეა

XVI საუკუნეში აგებული კარლ V სასახლე მკვეთრად განსხვავდება ანსამბლის სხვა შენობებისაგან. ის არის იტალიური მანერიზმის გავლენით შესრულებული რენესანსული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში. გეგმით კვადრატული ფორმის შენობა ორსართულიანია, რომლის ფასადებზე პილასტრებს ენაცვლება წყვილი თაღოვანი ფანჯრები. პირველი სართული შესრულებულია ტოსკანური, ხოლო მეორე – იონიური ორდერის შესაბამისად. აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელს ამკობს დორიული ორდერის სვეტების ოთხი ჯგუფი. მეორე სართულს ამშვენებს მდიდრული აივნები. სასახლის შიდა ეზო წრიული ფორმისაა, დიამეტრით 30 მ, რომელსაც მთელ პერიმეტრზე მიუყვება დორიული და იონიური ორდერის სტილში გაკეთებული სვეტების ღია გალერეები. ზედა ალჰამბრაში (მედინაში) განთავსებული იყო საცხოვრებელი ზონა (სახლები, აბანო, ბაზარი, სახელოსნოები, მეჩეთი და სხვ.) სასახლის მომსახურე პერსონალისთვის. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული რეკონკისტის შემდეგ, 1492 წელს, ალჰამბრა ფერდინანდ II არაგონელისა და დედოფალ იზაბელა I კასტილიელის სამეფო კარის სასახლედ იქცა, სადაც ქრისტეფორე კოლუმბმა მიიღო სამეფო მხარდაჭერა მისი ისტორიული საზღვაო ექსპედიციისათვის, ატლანტის ოკეანის გავლით ინდოეთამდე უფრო უსაფრთხო და მოკლე დასავლეთის გზის საძიებლად. ამ ექსპედიციის შედეგად კოლუმბმა აღმოაჩინა ევროპაში მანამდე უცნობი ამერიკის კონტინენტები, რასაც შემდეგ მოჰყვა ამერიკის სწრაფი კოლონიზაცია. 1492 წლის შემდეგ სასახლე ნაწილობრივ გადაკეთდა იმდროინდელი რენესანსის გემოვნების შესაბამისად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები