აჭარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭარასაქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე. აჭარას ჩრდილოეთით გურია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - სამცხე. აჭარის სამხრეთით დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოში შემავალი შავშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია.

დღევანდელი აჭარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის რაიონებისაგან შედგება. პოლიტიკურად, გვიანფეოდალურ პერიოდში, აჭარა სამცხე-საათაბაგოს, შემდეგ კი საფაშოს ნაწილი იყო. ისტორიულ-გეოგრაფიულად, უფრო ადრე, აჭარა ზემო ქართლის (მესხეთის) ნაწილს შეადგენდა. ლეონტი მროველის მიხედვით, მეფე ფარნავაზის მიერ დანიშნული ოძრხის ერისთავის საგამგეო ტერიტორია აჭარასაც მოიცავდა (ქც, 1955, გვ. 24).

სარჩევი

ეტიმოლოგია

ტოპონიმი აჭარა სპეციალური კვლევის საგნად XIX. ს. 90-იანი წლებიდან იქცა. მისი მეცნიერული კვლევის ისტორია მ. ჯანაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. მეცნიერი ფიქრობდა, რომ სახელწოდება აჭარა მომდინარეობდა „ჭა“ სიტყვისაგან: „ჭა-რი – ა-ჭა-რი აჭარა.“ თუმცა სარწმუნო განმარტება არ ეძლეოდა არც თავკიდურ - ხმოვანს და არც -რა ელემენტს. აჭარის წარმოშობის პრობლემით დაინტერესდა აკად. ს. ჯანაშიაც, რომელმაც აჭარა გურიის ერთ-ერთი სოფლის (აჭი) სახელს დაუკავშირა. „მდინარე აჭყვას სათავეებთან ჩვენ ვხედავთ სახელწოდება აჭ-ს; აქედან არის ნაწარმოები აჭ-არა-ც, რომელმაც სახელწოდება მისცა ამ მთების სისტემას – აჭარის ქედი – და თვით ოლქსაც; ცხადია, აჭყვა ნიშნავს აჭის მდინარეს, ისევე როგორც სუფსა – სურის მდინარესო, – წერდა დიდი მკვლევარი.

ჭარას ეთნიკურ (სატომო) სახელ ჭანს უკავშირებდა პ. ინგოროყვა. მისი ვარაუდით აჭარა წარმომდგარი უნდა ყოფილიყო ა-ჭან-რა ფორმისაგან. თავკიდურ ა- ხმოვანს მკვლევარი სა-პრეფიქსის ნაშთად მიიჩნევდა, ხოლო -რა მარცვალს – მრავლობითი რიცხვის ფორმანტად: სა-ჭან-რა. იგი დაახლოვებით სა-ჭან-ებ-ო-დ თუ ჭან-ეთ–ად უნდა ყოფილიყო გაგებული.

უკანასკნელ ხანს აჭარის ეტიმოლოგიური კვლევის საინტერესო ცდა შემოგვთავაზა ამ რეგიონის ტოპონიმიის ცნობილმა სპეციალისტმა ი. სიხარულიძემ. მისი ვარაუდით ტოპონიმი აჭარა დაიყვანება ჭ ძირამდე, რომელიც სემანტიკურად წყალ- სიტყვას უკავშირდება. სახელწოდება აჭარას იგი ა-ა პრეფიქ-სუფიქსური წარმოშობის სახელად თვლის, თუმცა არაფერს ამბობს -რა- სეგმენტის რაობაზე. მკვლევარი ჭ. „წყალი“) ძირს ხედავს ეთნონიმ ჭან-ში, აგრეთვე გალა, ჭალანგარ… სიტყვებში.

ადგილობრივ გავრცელებული ხალხური ვერსია, თითქოს აჭარა თურქული აჯა მემლექეთი-საგან იყოს წარმომდგარი (ნიშნავს: „მშიერი ქვეყანა“), სამართლიანად უარყო ი. სიხარულიძემ, რამდენადაც ამგვარი „ეტიმოლოგია“ მარტო მეცნიერულად კი არ არის უსაფუძვლო (აჭარა იმ დროიდან არის წერილობით ძეგლებში დადასტურებული, როცა თურქ-ოსმალები არა თუ მეზობლობდნენ ჩვენთან, საერთოდ არ ჩანდნენ ისტორიულ არენაზე), არამედ საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც მავნე და მიუღებელია.

ჩვენი ვარაუდით, ტოპონიმი აჭარა შინაარსობრივად მართლაც წყალთან, წყლიანობა-სისველესთან უნდა იყოს დაკავშირებული, ოღონდ ამ შინაარსის გადმოცემა ტოპონიმში აღნიშნული ჩანს არა ოდენ ჭ თანხმოვნით, არამედ ჭარ- სიტყვით, რომელიც ქართული ენის მთელ რიგ დიალექტებში, ამდენად, ტოპონიმიაშიც, ხელშესახებ ფაქტად შეგვიძლია ვცნოთ.

ჭარი რაჭულ, აგრეთვე იმერულ დიალექტებში ნიშნავს: დაბალი, ნოტიო ადგილი (მისი სინონიმებია: ლენჭყი, ჭენჭყი). აქვე მოდის ზემო და ქვემო იმერული ჭაროფ-ი „ბალახით დაფარული ჭაობიანი ადგილი“). (შეადარეთ სოფ. ჭარები და ჭარების ეკლესია შიდა ქართლში (ცხინვალის რ.)…

ჭარო (ლეჩხ.) „შემოუსვლელი (უმწიფარი) სიმინდი, პური, ნოტიო ადგილი.

ჭაობ-ი (ჭარ-ობ-ი?) „მეტად ნოტიო ადგილი; სათიბი ნოტიო ადგილი“.

ჭანჭრობი და ჭაობი „წყლიანი ადგილი მწვანით და ბუჩქნარით დაფარული (ნ. საფლობი და წყალი). უთუოდ ამავე ჭარ სიტყვას მიესადაგება ზანური (მეგრული) ჭორ-ოფ-ა – (ქართ. ა, ზან. ო ხმოვნების კანონზომიერი მონაცვლეობით).

რაც შეეხება აჭარა სიტყვის პრეფიქსულ – ა ხმოვანს, იგი შეიძლება ქართული სა- წინსართის ზანური (შესატყვისის ხმოვნის ასიმილირებულ სახეობად მივიჩნიოთ: ო-ჭარ-ა –. ა-ჭარ-ა. დიდად საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ პალიასტომის ტბასთან, ფიჩორის ხეობაში, ყოფილა ადგილი, რომელსაც ოვჭარა (ოჭარას ტყე) ეწოდება: „ბოკვერაძის კუნძულს გვერდი ავუარეთ და მალე ოჭარას ტყეს მივადექით“. ოჭარა (ო-ჭარ-ა) კი სხვა არაფერია, თუ არა „წყლიანი, ნოტიო ადგილი“, „ქარებით მდიდარი მხარე“. ამ დასკვნას ობიექტურად მიესადაგება აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება.


ისტორია

ისტორიული ტრადიციით, საქართველოში ქრისტიანობა ყველაზე ადრე აჭარაში გავრცელდა. I ს-ში იგი აქ ანდრია მოციქულს უქადაგია. VII ს. სომხური გეოგრაფიის მიხედვით, აჭარა ქართლის პროვინცია იყო. VIII ს-დან იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, ე.წ. „ქართველთა სამეფოს“ ნაწილად იქცა. XI ს. შუა ხანებიდან ზემო აჭარა კლარჯეთთან და შავშეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა, XIII ს. შუა წლებიდან სამცხესაათაბაგოს ერთ-ერთი საერისთავო იყო.

XVII ს. 70-იან წლებში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს. II ნახევარში აჭარის ფეოდალებმა მაჰმადიანობა მიიღეს, გლეხობა კი კვლავ ქრისტიანობას იცავდა. ქრისტიანული სარწმუნოება აჭარაში XVIII ს. მიწურულამდე შემორჩა. XIX ს-შიც აქ არაერთი ქრისტიანი იყო, რომელიც ფარულად იცავდა ქრისტეს რჯულს. „ჩემს ახალგაზრდობაში, დასძინა მოხუცმა, ჩვენ ვლოცულობდით მათ ნანგრევებში ძველი ჩვეულებისამებრ. ვიცოდით, რომ ჩვენი მამა-პაპანი ერთ დროს ქრისტიანები იყვნენ და რომ ჩვენ თვითონ მოდგმით გურჯები ვართ... ძველი ქრისტიანული ჩვეულებიდან ზოგი რამ შემორჩენილა, მაგალითად, კვერცხების შეღებვა სააღდგომოდ" (ბაქრაძე, 1987, გვ. 49). თურქთაგან შევიწროების გამო, აჭარის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს სხვა მხარეებში გაიხიზნა. აქ ოსმალთა ბატონობა ნომინალური იყო. აჭარის მოსახლეობა სულთანს გადასახადს არ უხდიდა და რეგულარულ სამხედრო სამსახურში არ გადიოდა. მხოლოდ ომის დროს აძლევდა მოლაშქრეებს. შემორჩენილი იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.

თურქთა ბატონობის მიუხედავად, აჭარლებმა დაიცვეს და შეინარჩუნეს ქართული დედა-ენა და წეს-ჩვეულებები.

ფეოდალური ხანის აჭარა კულტურის მაღალ დონეზე იდგა. განვითარებული იყო არქიტექტურა, მწერლობა, წიგნების გადაწერა, ხით ხუროობა, ხისა და ტყავის დამუშავება. თურქთა ბატონობის დროს ძველი კულტურის მრავალი ძეგლი თითქმის მთლიანად განადგურდა. ჩვენამდე მოაღწია სხალთის ტაძარმა, რამდენიმე ციხემ და თაღოვანმა ქვის ხიდმა.

ხელოსნობა

აჭარლები იყვნენ „კაცნი დელოვანნი ხის მუშაკობითა“ (ვახუშტი, გვ. 677). ისინი მართლაც ხის დამუშავების ცნობილი ოსტატები იყვნენ და ფლობდნენ ხეზე დამუშავების მაღალ ხელოვნებას. აჭარული ხით ნაშენი სახლები გამორჩეული იყო. აჭარელ ოსტატებს სახლების ასაშენებლად აჭარის გარეთაც იწვევდნენ. აჭარლები ადრეშუასაუკუნეებში შესანიშნავი ქვითხუროებიც იყვნენ. მაგალითად, ტბელ აბუსერიძის თხზულებიდან ჩანს, რომ ქვითხურო ბოლოკ-ბასილი ეკლესიების ასაშენებლად თბილისსა და მის მიდამოებში დადიოდა. ქვითხუროობა, ეკლესიების მშენებლობა აჭარელთა გარე სამუშაოზე გასვლის ერთ-ერთი ფორმა იყო. ისინი „სიგლახაკისა მთის მოსარეწლისათგს“ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მუშაობდნენ“ (აბუსერიძე, 1981, გვ. 24). რაჭისა და სვანეთის მსგავსად, აჭარაც მთიანი, ნაკლებმოსავლიანი მხარე იყო, რამაც განაპირობა ხუროობის მაღალი დონე და გარე სამუშაოზე სიარული. XIX ს-ში აჭარელი გლეხები ჭვანისა და ღორჯომის ხეობებიდან ხარითა და ცხენით ქირაზე სამუშაოდ ჭიათურის მაღაროებშიც დადიოდნენ.

ორ-სამსართულიან აჭარულ სახლებში განსაკუთრებით მოწყობილი იყო და არის სასტუმრო ოთახები. აჭარაში, განსაკუთრებულ ადგილებში, სასტუმრო სახლებიც არსებობდა. ისინი „სასტუმრო ჯარგვალის“სახელით იყო ცნობილი და აშენებდა ჩვეულებრივ მოსახლეობა, სოფლის განაპირა ანდა გზაჯვარედინ ადგილებზე. სათანადოდ მოწყობილი ასეთი სახლები უფასო იყო. სასტუმრო სახლების მშენებლობის ძველი ქართული ტრადიცია XX ს-ის დასაწყისში მხოლოდ აჭარამ შემოინახა (ჩიქოვანი, 1972; მოწერელია, 1987). ყველა სახლი მორთული იყო ადგილობრივი ხელოსნების მიერ დამზადებული ავეჯით (ორნამენტირებული ტახტები, სკამ-მაგიდები, ჯამჭურჭელი). აჭარაში წნული ჭურჭლის მკეთებლებიც ბევრნი იყვნენ.

აჭარაში მზადდებოდა აგრეთვე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი. თოფები და დამბაჩები ოსტატურად იყო მოსევადებული. იარაღისათვის საჭირო რკინას ადგილზევე-მაჭახელში მოიპოვებდნენ (კახიძე, 1978).

მეურნეობა

აჭარა ხასიათდებოდა რა ვერტიკალური ზონალობით, მთაში აქ მეურნეობა სიმბიოზური ხასიათის იყო. აჭარაში სამიწათმოქმედო ყოფის თავისებურება ფერდობების დატერასება იყო. მიწის დატერასება ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაც იყო. ამასთანავე, იგი ხელს უწყობდა მიწის ფონდის გონივრულ გამოყენებას. ასეთი ტიპის ტერასები ბევრი იყო სამცხესა და შავშეთ-კლარჯეთში. აჭარელთათვის არც ურთიერთდახმარების ფორმები იყო უცხო, რომელიც აქ მოდგამის, მანიდის და ნადის სახელწოდებას ატარებდა (აჭარა ნადური სიმღერების მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა).

მართალია, აჭარლები გვიან მევენახეობა-მეღვინეობას აღარ მისდევდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ამ კუთხის მცხოვრებთათვის, მეურნეობის ეს დარგი ისტორიულად ტრადიციული იყო. აჭარაში ვაზის 70-მდე ჯიში ყოფილა გავრცელებული. მაჭახლის ხეობაში დიდი ადგილი ეკავა ჩხავერის მოშენებას. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, აჭარაშიც ვენახი მაღლარის ფორმით იყო წარმოდგენილი. აჭარაში ვაზის ფართოდ გავრცელებასა და მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ კულტურაზე მიუთითებს აქ გამოვლენილი ქვის ლოდში ამოკვეთილი საწნახელები (იყო ხის საწნახლებიც). მიწებში ნაპოვნია არაერთი უზარმაზარი ქვევრი: „თითქმის ყველა სოფელში დარჩენილა უზარმაზარი ქვევრები (შიგ ასი წლის წინ ჩასხმული ღვინოც კი უნახავთ) იმას-ღა ჰმოწმობს, რომ მევენახეობას აქ ოდესღაც საპატიო ადგილი ეჭირა და ცხოვრების ერთ სახსართაგანს შეადგენდა” (სახოკია, 1965, გვ. 222). აჭარაში ქვევრები ადგილზე მზადდებოდა (შუახევის, მაჭახლის და მერისის ხეობები); შემოჰქონდათ ბორჩხიდან (ჭოროხის ხეობა). გავრცელებული იყო დახურული ტიპის მარნები.

აჭარაში განვითარებული იყო მესაქონლეობა. აჭარული ერბო და კარაქი განთქმული იყო. ჯერ კიდევ XVIII ს-ის პირველ ნახევარში მიუთითებდა ვახუშტი ბაგრაგიონი (1979, გვ. 677) აჭარაში განსაკუთრებით გემრიელი და განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული ყველის შესახებ: „აქ აკეთებენ ყუელს... არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს შემგბარი კეთილსადმარ არს“. თ. სახოკია აჭარულ ყველს თუშურ ყველს ადარებდა. აჭარაში მეწველი კამეჩიც ბევრი ჰყოლიათ. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, აჭარაში ქრისტიანობის დროს ღორის მოშენებაც დაწინაურებული იყო.

აჭარაში XX ს-ში დიდი გაქანება ჰპოვა სუბტროპიკული კულტურების და თამბაქოს მოყვანამ.

აჭარაში ფრიად დაწინაურებული ყოფილა მეფუტკრეობაც. აქედან, დ. ბაქრაძის ცნობით, კონსტანტინეპოლის ბაზარზე ათი ათასი ოყა თაფლი და სანთელი გადიოდა. ყარსში თაფლი ხინოს (კინტრიშის) ხეობიდან მიჰქონდათ. მაჭახლის ხეობის სოფელ ევფრატიდან XIX ს-ში ასეულ ფუთობით თეთრი თაფლი და სანთელი გაჰქონდათ ართვინელ ვაჭრებს ცხენებზე აკიდებული გუდებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები