პალიასტომის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა – ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან.

პალიასტომის ტბა სიდიდით მესამე გამდინარე ტბაა საქართველოში (ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ), რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ტბის ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუ­ალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ². ზღვ. დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე (0,3 მ დაბლა) ტბაა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენა­ კადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა და შავ ზღვას უერთდება.

ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ­ერთი ძირითადი გასაჩერებელი და გამოსაზამთრებელი ადგილია.

ლეგენდები პალიასტომის ტბაზე

1. ტბის ადგილას უხსოვარ დროში ქალაქი ყოფილა აშენებული, ქალაქში ეკლესია მდგარა, სადაც ანდრია პირველწოდებულის ხელით მოტანილი ღვთისმშობლის ხატი ესვენა. ქალაქის მცხოვრებნი იმდეთად გაამპარტავნდნენ, რომ არ ერიდებოდნენ ეკლესიის სიწმიდეს და შიგ ეკლესიაში ცხენებზე ამხედრებულნი შედიოდნენ. სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა მათთვის, ღმერთმა ეკლესიის შესასვლელი ისე დაადაბლა, რომ ცხენებით ვეღარ შესულიყვნენ ეკლესიაში. ახლა ცხენებს ეკლესიის კედლებთან ტოვებდნენ, მაგრამ შესვლისას ქედს მაინც არ იხრიდნენ. წვებოდნენ, ჯერ ფეხებს შედგამდნენ, მერე კი ტანსაც შეიტანდნენ. რომ ვერაფრით ასწავლა მორჩილება და ქედის მოდრეკა ხალხს, ღმერთმა გადაწყვიტა წყლით დაეფარა პალიასტომი.

ამ ქალაქში ერთადერთი კაცი იყო ღვთისმოსავი, სახელად კიკო. ღმერთი გამოეცხადა მას სიზმრად და გაუმხილა თავისი განზრახვა: აიღე ღვთისმშობლის ხატი და წაიღე შემოქმედში, რადგან ქალაქი პალიასტომი უნდა დაიღუპოსო. ასეც მოიქცა კიკო: გამოიტანა ხატი ეკლესიიდან და, ქალაქს გასცილდა თუ არა, ღმერთმა წარღვნა მოუვლინა პალიასტომს და დატბორა. ასე გაჩნდა აქ ტბა. კიკო, უფლის ბრძანებისამებრ, წავიდა შემოქმედში და იქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ უფალმა ბახვში მიავლინა იგი. კიკოც წავიდა ბახვში და იქაურ ეკლესიაში დაასვენა ღვთისმშობლის ხატი.

2. არსებობს ასეთი ლეგენდაც პალიასტომის ტბის შესახებ, რომელიც აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“: „ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები