წარღვნა
წარღვნა - მსოფლიოს ხალხთა მითებსა და რელიგიურ ტექსტებში ამბავი ფართომასშტაბიანი წყალდიდობის შესახებ, რომელიც ღმერთის ნებით თავს დაატყდა ადამიანებს და მთელი დედამიწა წყლით დაფარა.
წარღვნა ისტორიული ფაქტია. ამას ადასტურებს როგორც არქეოლოგია და ძველი ლიტერატურა, ისე ფოლკლორი.
გადმოცემები წარღვნის შესახებ
ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლთა შორის უძველესი „გილგამეშის ეპოსი“ იწყება ასე: „რომელმან სიღრმე იხილა ხმელეთის კიდეგან... საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული, მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა“.
პლატონი გვიამბობს: მას, თურმე, ეგვიპტელი ქურუმებისაგან სმენია, რომ „ერთ ბნელსა და ავბედით ღამეს“ დაირღვა კანონზომიერება; ცთომილებმა ტრაექტორია იცვალეს და მოხდა კატასტროფა - ჩაიძირა და წყლით დაიფარა კონტინენტი, რომელსაც ატლანტისი ეწოდებოდა...
პროფ. ალექსანდრე ლოპუხინი თავს უყრის გადმოცემებს წარღვნის შესახებ და ამბობს, რომ ისინი მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. ყოველი მათგანისათვის საერთოა ხსოვნა საყოველთაო წარღვნის შესახებ, - თუ როგორ აღხოცა ღმერთმა კაცთა მოდგმა ერთი კეთილშობილი ოჯახის გამოკლებით.
ყველაზე დიდ მსგავსებას ბიბლიურ თხრობასთან ავლენს მექსიკაში გავრცელებული გადმოცემა: იქაური ნოე, კოქს-კოქსი, ცოლთან ერთად თავს შეაფარებს გემს. ქვეყანა წყლით დაიფარება. რამდენიმე დღის შემდეგ ცოლ-ქმარი გემიდან გამოუშვებენ ძერას, რათა შეიტყონ, იკლო თუ არა წყალმა. ფრინველი არ დაბრუნდება. მაგრამ შემდეგი მოციქული, პატარა ჩიტი - კოლიბრი, ნისკარტით აყვავებულ რტოს მოიტანს და ამით წარღვნის დამთავრებას ამცნობს პატრონს...
ბიბლია
უფალმა ღმერთმა ინება მიწის პირისაგან ადამიანისა და ყოველი ხორციელის აღგვა წყლის წარღვნით. ნოეს კი უბრძანა კიდობნის გაკეთება. ასწავლა მისი მომზადება. შეიყვანა ნოემ კიდობანში ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა, ყველა წყვილ-წყვილად, წმიდა პირუტყვისაგან შვიდ-შვიდი წაიყვანა, უწმინდურისაგან ორ-ორი. შევიდნენ კიდობანში ნოე და მისი შვილები, ცოლები, რათა განრიდებოდნენ წარღვნას, მეშვიდე დღეს მოვიდა წარღვნა ქვეყნად (დაბ. 7. 7-10).
ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს დადგა წყალი და შეწყდა წვიმა. არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი და გამოჩნდა მთის მწვერვალები. ჯერ კიდევ იდგა წყალი მიწის პირზე და ვერ იპოვეს ბრჭყალის მოსაჭიდი ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებულმა ფრინველებმა. მეშვიდე დღეს ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან, „დაბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე“ (დაბ. 8. 11).
წარღვნა არსებითად ახალ აღთქმასა და მის იდეალს - წუთისოფლის უკანასკნელ დღეს, სამოთხისა და სასუფევლის განახლებას მოასწავებდა. სასუფეველში კი მხოლოდ ნათელღებული, ზეციური წყლით განწმენდილი და განბანილი დაისადგურებს. როგორც ქაოსისაგან ღმერთმა თავდაპირველად შექმნა კოსმოსი, ასევე განახლდა სიცოცხლე წარღვნის შემდეგ და მისი წყალობით. წარღვნა შესაქმემდელი ქაოსის, ხოლო წარღვნის დასასრული და ცისარტყელა სამყაროს შექმნის, კურთხევისა და ღვთისმიერი აღთქმის სიმბოლური სახეა.
ახალი ისტორია მსხვერპლშეწირვით დაიწყო: მოხედა უფალმა ნოეს საკურთხეველს და შეიწირა სამადლობელი მსხვერპლი, რადგან მართალი კაცისაგან იყო გაღებული. თუმცა ეს არ იყო ჭეშმარიტი და კაცთა მოდგმის გამომსყიდველი მსხვერპლი, რადგან ნოესაც ადამიანური სისუსტეები გააჩნდა. სრულყოფილ მსხვერპლამდე ვრცელი გზა იყო გასავლელი.