არქეოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეოლოგია – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος + λόγος სწავლება), მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის წარსულს სწავლობს ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის შესასწავლად. მას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.

არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით, პირველად გამოიყენა დიდმა ბერძენმა ისტორიკოსმა პლატონმა (ძვ. წ. IV ს.). სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომშიც. დაიწყეს არქეოლოგიური გათხრების წარმოება სამეცნიერო თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. გეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიის მონაცემების ანალიზით შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიის დაკავშირება დედამიწის ისტორიის პერიოდებთან. დროთა განმავლობაში შრომის იარაღებისა და ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლების შესწავლიდან არქეოლოგია გადავიდა პირველყოფილი საზოგადოების ისტორიულ შესწავლაზე. XIX საუკუნის ბოლოს დადგინდა კავშირი პალეოლითსა და ნეოლითს შორის, გამოიყო გარდამავალი ეპოქა – მეზოლითი.

განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას ეგვიპტეში, საბერძნეთში, თურქეთში, ირანში, ერაყში, წინა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში; შედეგად აღმოჩნდა ეგვიპტის, მესოპოტამიის, ეგეოსის უძველესი ცივილიზაციები. ასეთივე ძველი ადრინდელი მონათ-მფლობელური ცივილიზაციები აღმოჩნდა XX საუკუნის 20-იან წლებში ინდოეთში და შემდეგ ჩინეთშიც. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძირითადად XIX–XX სს.) საქართველოში მოხდა მსოფლიო ისტორიისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები. თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია-კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს, როგორიცაა: აერო-, ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვ. არქეოლოგიური კვლევების პროცესებში, გარდა არქეოლოგებისა, ჩართულნი არიან გეოლოგები, მშენებლები, ისტორიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., რომლებიც ერთობლივად აცოცხლებენ საუკუნეების წინათ არსებულ ცივილიზაციებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის საინტერესო და აუცილებელი მატეანის შექმნაში.

არქეოლოგია საქართველოში

არქეოლოგია საქართველოში XIX საუკუნეში ჩაისახა. მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბისა, XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვნისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის, ახალგორის განძის პოვნა და სხვ. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა იაშთხვაში აღმოჩენილი აშელის ეპოქის ძეგლი, წონის, კუდაროს, ჯრუჭალას და სხვა პალეოლითური ხანის მღვიმეები, ზედა პალეოლითური მღვიმე–ნამოსახლარები: დევის ხვრელი, საკაჟია და სხვა; აგრეთვე ქვემო ქართლში გამოვლენილი შულავრის ენეოლითური კულტურა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის. საქართველოს არქეოლოგიურ განვითარებაში ახალი ეტაპი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა, რომელმაც შეისწავლა სამთავროს სამაროვანი, არმაზისხევის, ბაგინეთისა და საკუთრივ მცხეთის ძეგლები. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთან. აღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობა კოლხეთის დაბლობზე, თრიალეთში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, ალაზნის სარწყავი სისტემის ტრასაზე, რუსთავში, ახალქალაქში, ვარციხეში, ჟინვალსა და ბორჯომის ხეობაში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი). არქეოლოგიურმა კვლევა–ძიებამ სრულიად ახლებურად წარმოადგინა წინაქრისტიანული ხანის საქართველოს კულტურული და სოციალურ–ეკონომიკური სახე. მცხეთის, ვანის, უფლისციხის, სოხუმის, ფიჭვნარის, ბიჭვინთის, ურბნისისა და სხვა აღმოჩენებმა გვიჩვენა საქართველოში პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა-განვითარების თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი ხელოსნური ნაწარმი. ამჟამად, საქართველოს მუზეუმებში (სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო საქართველოს მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; თბილისის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმები, აგრეთვე ახალციხის, მარტვილის, გურჯაანის, მესტიის, მცხეთის, რუსთავის, ფოთის, ცხინვალის, ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები) თავმოყრილია პალეოლითიდან დაწყებული და გვიანდელ შუასაუკუნეებით დამთავრებული მდიდარი არქეოლოგიური ფონდები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები