ნადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადი − შრომითი ურთიერთდახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა. საქართველოში ამგვარ დახმარებას სხვადასხვა შრომითი პროცესის დროს მიმართავდნენ.

ნადი არაა ქართული წარმოშობის სიტყვა, მაგრამ მისი ტრადიცია ადგილობრივ ნიადაგზე და ქართულ ეთნიკურ გარემოში იყო შექმნილი და განვითარებული. შრომითი ურთიერთდახმარება თავდაპირველად დახმარების ნებაყოფლობით პრინციპს ემყარებოდა, ყოველგვარი ვალდებულებებისა და შრომა-მიგების გარეშე. ტერიტორიულ-სამეზობლო სათემო ურთიერთობის პირობებში ნადში მოიწვეოდა ნათესავები, მოყვრები, ახლო და შორი მეზობლები. ადრე მსგავსი ურთი ერთდახმარება სამეურნეო-ნათესაური ჯგუფის ფარგლებში თავსდებოდა, მოგვიანებით მასში არანათესავი მეზობლებიც ჩაერთო. მონათესავე სახლეულების ნადური შრომითი გაერთიანება „ჩვენიანების ნადის” ანდა „ჩემიანების ნადისა” თუ „შინაურული ნადის” სახელწოდებით იყო ცნობილი. განაყარი ბიძაშვილები თავის ვალდებულებად მიიჩნევდნენ საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი საზღაურისა და სანაცვლო დახმარების გარეშე მოძმეს მიხმარებოდნენ.

სახელწოდება ჩვენიანების ნადი განვითარებულ ტერიტორიული თემში ჩანს გაჩენილი მაშინ, როცა პოლიგენურ დასახლებაში გაჩნდა აუცილებლობა მეზობლური ნადისაგან შინაარსობლივად და ფუნქციურად გამოყოფილიყო ნადი, რომლის ორგანიზაციაც თემში წარმოდგენილ მონოგენურ უბნებში დასახლებულ ნათესაურ ჯგუფთა ფარგლებში მიმდინარეობდა. თემში ცალკეული ოჯახის ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის ამაღლება ნათესაური ორგანიზაციის წევრთა მიერ ძველი ერთობისა და სოლიდარობის შენარჩუნების მცდელობასა და მის გახანგრძლივებას განაპირობებდა.

გურიაშიც არსებობდა ნადის ფორმა, რომელშიც ნათესაური ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ასეთ ნადს მოყვარის ნადი ერქვა. ნადური გაერთიანება აჭარის არაერთ ხეობაში იყო დამოწმებული. მაჭახლის ხეობაში ნადს უშუალოდ ოჯახის პატრონი იწვევდა ანდა მის შეკრებას რომელიმე ახლობელს დაავალებდა. ნადის წევრთა რაოდენობა მთლიანად იყო დამოკიდებული სამუშაოს ოდენობაზე. ამის მიხედვით ნადი იყო პატარა და დიდი. ნადის საშუალებით ლოკალიზებული ნათესაური ჯგუფის შემადგენელი ოჯახი შრომით დახმარებას ყოველგვარი საზღაურის გარეშე ღებულობდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიმღები ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დახმარების ობიექტად თავად ქცეულიყო. თემში თითოეული ოჯახი, ქვრივის იქნებოდა იგი თუ შეძლებულის ანდა ღარიბის, მუდამ დახმარებას ექვემდებარებოდა, თუმცა სოლიდარობის ტრადიციული საფუძველი მოგვიანებით ზოგჯერ ირღვეოდა და დახმარებაც ფორმალურ შინაარს იძენდა.

თემის ეკონომიკურად შეძლებული ოჯახები დიდ ნადს ხშირად იწვევდნენ, მაშინ, როცა მცირემიწიან და მცირერიცხოვან ღარიბ ოჯახებს ამისათვის არც ეკონომიკური სახსრები და წარმოების საშუალებები გააჩნდათ და არც მიწის ისეთი დიდი ნაკვეთები ჰქონდათ, ნადის მოწვევა რომ დასჭირვებოდათ. მოგვიანებით მონათესავე ოჯახთა ერთ ნაწილს შეეძლო შრომა უსასყიდლოდ გაეცა, ხოლო მეორე ნაწილს — შრომითი დახმარება მიეღო.

აჭარაში ნადი ოცამდე ადამიანს აერთიანებდა. ნადის მოწვევა იცოდნენ ყანის თოხნის, თიბვის, მკის, შეშის მოჭრის, სახლის მშენებლობის, სახლისა და სამეურნეო ნაგებობებისათვის მასალის დამზადების, ახოსა და მოსავლის აღების, ხვნა-თესვისა და შეშის მოზიდვის დროს. განვითარებული შუასაუკუნეების ტბელ აბუსერისძის თხზულებაში მინიშნებულია მშენებლობის პროცესში თანასოფლელთა ურთიერთდახმარებისა და შრომითი კოოპერაციის გარკვეული ფორმის არსებობის შესახებ.

საცხოვრებლის აგება მეტად რთულ და შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა, რის გამოც მისი მშენებლობა ნათესაური ჯგუფის – ნოგროს საერთო შრომითი ძალებით მიმდინარეობდა. ხდებოდა ტყიდან საშენი მასალის ჩამოზიდვა-დამზადება. ოჯახის უფროსი ნადს შეძლებისდაგვარად სადილით უმასპინძლდებოდა. აჭარაში ნადში გამორიცხული იყო ყოველგვარი ანგარიშსწორება. მენადე ვალდებული იყო ნადის წევრებს მხოლოდ საჭმლით გამასპინძლებოდა. ნადში მონაწილეობას მთელი სოფელი იღებდა, მაგრამ პირველ რიგში მაინც მენადის მოგვარეები გამოდიოდნენ. საცხოვრებლის აგებისას პატრონიმიული ჯგუფისა და ნათესავ-მეზობლების შრომით დახმარებას საქართველოს სხვა კუთხეშიც საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა.


ლიტერატურა

  • მგელაძე, 1989:46-48, 50-51;
  • აბუსერისძე... 1941:15, 57, 60;
  • ჩიქოვანი, 1960:95-1-2;
  • ჩხეიძე, 1961:13;
  • შამილაძე, 1962;
  • მსხალაძე, 1962:45-53;
  • ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960;
  • ჩიჯავაძე, 1969:43;
  • ბექაია, 1974:30;
  • კახიძე, 1974:40; 1990;
  • სამსონია, 2005;
  • მიქელაძე, 1978:43;
  • გელაძე, 1980:46.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები