ენათმეცნიერების ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

დაარსდა 1936 აკად, ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ბაზაზე. 1941 წლიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, „ენიმკის“ გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“, რომელსაც 1950-იდან ეწოდება ენათმეცნიერების ინსტიტუტი. 1988 წელს მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელი. ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: ვ. თოფურია (1943-49), გ. ახვლედიანი (1949–50), არნ. ჩიქობავა (1950–52), ი. გიგინეიშვილი (1952–53), ქ. ლომთათიძე (1953–63, 1975–87), ვ. ფანჩვიძე (1963–75), ბ. ჯორბენაძე (1987–93), გ. კვარაცხელია (1993-2006). 2006-იდან ინსტიტუტი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა ქართული ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების – მათი ფონეტიკის, გრამატიკული სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემატიკა. ინსტიტუტის სტრუქუტრული ერთეულებია: ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური ენების, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიის, სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების, მთის იბერიულ-კავკასიური ენების, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებები. 2006-მდე მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის, ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის, ონომასტიკის პრობლემური კვლევის, ქართველურ ენათა დიალექტოლოგიური ატლასის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებასთან არსებული კომპიუტერული ლინგვისტიკის, ქართველურ ენათა (ზუგდიდის) ლაბორატორიები და ენციკლოპედიისა და ინფორმაციის ჯგუფი.

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო ორგანოა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ (დაარსდა 1946); აგრეთვე: „ქართველურ ენათა სტრუქტურების საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ქართველოლოგიური კრებული“, „დიალექტოლოგიური კრებული“, „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“. ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა საკავშირო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს“ (დაარსდა 1974, ბოლო ტ. – 2013). 1950–64 წლებში ინსტიტუტმა გამოსცა რვატომეული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (1971 ინსტიტუტს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია); ინსტიტუტის მიერ გამოცემულია რამდენიმე ასეული მონოგრაფია, კრებული, სხვადასხვა სახის ლექსიკონები.

ინსტიტუტს მუდმივი სამეცნიერო კონტაქტები აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან.

ინსტიტუტის თაოსნობით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ტარდებოდა რეგიონალური სამეცნიერო სესიები, რომლებიც ეძღვნებოდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს. ჩატარებულია 13 ასეთი სესია. სხვადასხვა წლებში სესიას მასპინძლობდა თბილისი, მაჰაჩყალა, ნალჩიკი, მაიკოპი, ჩერკესკი, გროზნო, ვლადიკავკაზი, სოხუმი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ქ. ლომთათიძე. 1991 მოეწყო კავკასიოლოგთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი. 1998 გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა არნ. ჩიქობავას იუბილეს. ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ორ საინტერესო სამეცნიერო სესიას, რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სესიასა და კონფერენციას „ქართული ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები“. მოხსენებები იბეჭდება „მასალების“ სახით.

ენათმეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ს. ჯანაშია, გ. წერეთელი, ე. თოფურია, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, ი. გიგინეიშვილი, ტ. გუდავა, მ. ქალდანი და სხვ.

გ. თოფურია


ლიტერატურა

  • ლომთათიძე ქ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1977, №1;
  • საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1936-1972). – „იკე“, XIX, თბ. 1974;
  • „იკე“, XXX, თბ., 1991.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები