წერეთელი გრიგოლ
წერეთელი გრიგოლ ფილიმონის ძე - (დ. - 1870, პეტერბურგი - გ. - 1938, თბილისი) - ბიზანტიოლოგი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული კლასიკური ფილოლოგიის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1905).
სარჩევი |
ბიოგრაფია
1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, 1893-1897 წლებში ასწავლიდა პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში. იყო ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატ-დოცენტი (1897-1902), პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი (1902-1905), ტარტუს უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული პროფესორი და კათედრის გამგე (1905-1914). 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გრიგოლ წერეთელი უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორად მოიწვია. 1920-1937 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1923-1931 წლებში ასევე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
შრომები
- „შემოკლებათა სისტემა ბერძნულ ხელნაწერებში“ (1904),
- „ბერლინის მუზეუმის ბერძნული პაპირუსები“ (1905-1904),
- „რუსული და ქართული კოლექციების პაპირუსები“ ხუთ ტომად (1925-1935),
- „მენანდრეს ახალი კომედიები“ (1914),
- რუსულ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელო - „ბერძნული ლიტერატურის ისტორია“ 3 ტომად, სამეცნიერო სტატიები ალკეოსის, საფოს, ანაკრეონტის შემოქმედებაზე.
თარგმანები
გრიგოლ წერეთელმა თარგმნა:
- ბერძენი ლირიკოსები (1927),
- ჰორაციუსის ოდები (1936),
- „მენანდრეს კომედიები“ (1936);
- ჰეროდეს „მიმიამბები“ (1929),
- აპოლონ როდოსელის „არგონავტიკა“
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი (დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით), თბ., 1961;
- ს. ყაუხჩიშვილი, გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, თბ., 1969.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი