ეპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოსი – მხატვრულ-სიტყვიერი შემოქმედების ძირითადი გვარი ლირიკასა და დრამასთან ერთად. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული ენიდან, epos - სიტყვა, თხრობა, ამბავი, ისტორია.

ზოგადი გაგებით ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები (ზღაპარი, მითი, თქმულება, ლეგენდა, იგავი, პოემა, ბალადა). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება. ამ შემთხვევაში მსჯელობის საგანია პოეტური ეპოსი, რომლის ნიმუშები უხვად მოიპოვება მსოფლიო ფოლკლორში (მაგალითად: ფინური კალევალას რუნები, რუსული ბილინები, ირლანდიური საგები, უკრაინული დუმები, უზბეკური და აზერბაიჯანული დასტანები, სომხური დავით სასუნცის სიმღერა, ფრანგული როლანდის სიმღერა, ტრისტან და იზოლდა, გერმანული ნიბელუნგების სიმღერა).

ეპოსში განვიხილავთ ფოლკლორულ ნაწარმოებთა დიდ ჯგუფს, რომელშიც მხატვრულად ასახულია თავდადებული ბრძოლა პროგრესულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ იდეათა განხორციელებისათვის. ასეთი ნაწარმოებები აგებულია მძაფრ სიუჟეტებზე და სრულდება მუსიკალურად; ლექსი სასიმღეროა ან რეჩიტატივით გადმოსაცემი პროზა – მოსათხრობი მთქმელ-შემსრულებელნი შერეული ფორმის თხზულებათა პროზაულ ნაწილს მუსიკალურ საკრავზე აყოლებით მოუთხრობენ, მსმენელებს სიუჟეტურად ამზადებენ მომდევნო სალექსო ნაწილისათვის, რომელიც აკომპანემენტთან უფრო ორგანულადაა დაკავშირებული და სიმღერით წარმოითქმის.

საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ტრადიცია არსებობს. ფართო სიუჟეტური ტილოების შექმნა ყოევლთვის განპირობებული იყო ჟანრთა მხატვრული თავისებურებებით, მწვავე საზოგადოებრივი კონფლიქტებით. ჩვენი ქვეყანა არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა. ამის გამო ეპოსი განვითარების სხვადასხვა საფეხურს გვიჩვენებს. ნაწარმოებებიც შესაძლებელია შესაბამისად დავაჯგუფოთ:

  1. მითოლოგიური, ორი ქვეგანყოფილებით – წარმართული (დალის საფერხულო ლექს-ბალადები, კოპალასა და იახსარის რიტუალური ლექსები, ღვთაებათა გაჩენა) და ქრისტიანულ-აპოკრიფული (ადამ და ევას, აბრამის, იობის, სოლომონ ბრძენის ნათლისმცემელი და გლახის ლექს-ლეგენდები);
  2. საგმირო (ამირანის თქმულება, როსტომიანი);
  3. სამიჯნურო-სატრფიალო (აბესალომ და ეთერის თქმულება, ტარიელიანი) და
  4. საისტორიო შინაარსის ეპიკური ნაწარმოებები (არეშიძეთა ამოწყვეტა, არსენას ლექსი, ფირალის ეპოსი)

დასახელებული ჟანრები გარკვეული თანმიმდევრობით იჩენენ თავს ფოლკლორში და ქრონოლოგიურადაც ერთმანეთისაგან დაცილებულნი არიან. ურთიერთკავშირის თვალსახრისითაც მათ შორის არაა ერთგვარობა. მითოლოგიური და საგმირო ეპოსის ნიმუშები შინაარსითაც და გამომსახველობითი სამუალებითაც მეტ ნათესაობას ამჟღავნებენ, ვიდრე პირველი და მესამე, ან მეორე და მეოთხე ჯგუფის ნაწარმოებები. ეს იმის მომასწავებელია რომ საფეხურებრივად მითოლოგიური და საგმირო ეპოსები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ეპოსის სხვა სახეები. მხატვრული ფორმის თვალსაზრისით ოთხივე ჟანრში წმინდა პოეტური ნაწარმოებები სჭარბობს, ე. ი. საქმე გვაქვს დასრულებულ ხალხურ პოემებსა და ბალადებთან, რომლებიც ერთი ძირითადი გმირის ამაღლებული მხატვრული სახის შექმნას ემსახურებიან (დალი, ამირანი, კოპალა, იახსარი, მინდია, სოლომონ ბრძენი, აბრამი, იობი). წმინდა ლექსით ვარიანტებთან ერთად იმავე სიუჟეტის პროზაული და ლექსნარევი ვარიანტებიც მასიურია (ამირანიანი, ეთერიანი). იგივე სურათი ჩანს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხთა ფოლკლორშიც. ამის კვალობაზე კარდინლური მნიშვნელობის პრობლემა დგება დღის წესრიგმი: რა რას უსწრებს წინ, რომელია ამოსავალი – პროზა თუ პოეზია? ქართული საგმირო ეპოსის საფუძველზე ეს ევოლუცია შემდეგნაირად წარმოგვიდგება: სასაუბრო ფრაზა-თხრობა რიტმული პროზა, ნარევი ვარიანტები ლექსის და პროზის მონაცვლეობით, დასასრულ წმინდა ლექსი – პოემა.

ჩვეულებრივ ეპიკური გმირი ლოკალური საფეხურიდან ეროვნულ საფეხურს აღწევს. არსენას სახის დამუშავება პირველად მის მშობლიურ კუთხეში – ქვემო ქართლში დაიწყო, მერე, გმირის სამოქმედო ასპარეზის გაფართოებასთან ერთად, თანდათან შეიჭრა მეზობელ კუთხეთა ზეპირსიტყვიერებაში და ინტეგრაციის გზით ზოგად ქართულ მოვლენად იქცა – გლეხთა განთავისუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა საქართველოში, ჩეხური იანოშიკისა და ინგლისური რობინ გუდის ლექს-სიმღერების მსგავსად. ხალხურ ეპოსში ზოგჯერ ისეთი სახეები გვხვდება რომელსაც ლოკალური გმირის საფეხური არ გაუვლია. ასეთია, მაგალითად, მიჯაჭვული ამირანი. მიზეზი ისტორიული წარსულია, ამირანის სიუჟეტური ბირთვე იმ ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ქართველობა ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა და ეთნიკურ-ტომობრივი დიფერენცირება დაწყებული არ იყო.

ეპიკური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელია ციკლიზაცია, ძირითადი გმირების სახელებთან ნაირნაირი სიუჟეტის დაკავშირება (როსტომიანში ზურაბისა და ბეჟანის ისტორია, ნართები, ავთანდილისა და ტარიელის თავგადასავალი) ფოლკლორის ისტორიაში ცნობილია პერიოდები, როცა ეპიკური შემოქმედების აყვავება და აღორძინება ხდება სამხედრო დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ომების ეპოქებში განსაკუთრებულ აქტივობას საგმირო ეპოსი იჩენს. ეს თავისთავად იმის მაჩვენებელიას რომ ეპოსის თითოეულ სახეს (მითოლოგიურს, საგმიროს, სამიჯნუროს, საისტორიოს) აღმოცენება-განვითარების სპეციფიკური პირობები სჭირდება, მაშასადამე, ეპიკური ნაწარმოებების ნებისმიერი შექმნა ან გადანერგვა შესაძლებელი არ არის. საგმირო და მითოლოგიური ეპოსის კლასიკური ნიმუშების შექმნის ეპოქა დიდი ხანია დამთავრა, დალისა და ამირანის თქმულებების განმეორება შეუძლებელია. ისინი ეროვნული კულტურის ისტორიაში შევიდნენ როგორც წინა თაობათა მაღალესთეტიკური მემკვიდრეობა და საკაცობრიო მნიშვნელობის განზოგადებანი.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, 1968;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, I, 1959;
  • მისივე, ტრადიციული ფოლკლორული ჟანრების ბედი სოციალისტურ საზოგადოებაში, „სკოლა და ცხოვრება“,№3, 1961;
  • ქს. სიხარულიძე, ნარკვევები, 1958;
  • ელ. ეირსალაძე, ქართ. სამონადირო ეპოსი, 1964;
==წყარო==

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები