ბილინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილინა – რუსული ეპიკური სიმღერა, ბილინები ასახავენ XI-XVI სს. სინამდვილეს. ძველი სახელწოდებაა სტარინა, სტარინკა, სტარინუშკა. ტერმინი ბილინა შემოიღო XIX ს. 40-იან წლებში სახაროვმა ამჟამად ტერმინი ბილინა საყოველთაოდ გავრცელებულია.

ბილინის მთავარი მოქმედი ძალა ხალხია და მისი საუკეთესო წარმომადგენელი ბოგატირები — სახალხო გმირები. ბილინის გმირთა შორის ცენტრალური ადგილი ილია მურომეცს – გლეხის შვილს უჭირავს. თათრობის პერიოდში იწყება ბილინების ციკლიზაცია ძირითადი გმირების გარშემო დობრინია ნიკიტიჩი, ალიოშა პოპოვიჩი, ილია მურომეცი ბილინის ძირითადი გმირები არიან. ისინი რუსი ხალხის თვისებებს განასახიერებენ. XVI საუკუნეში, მოსკოვის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, ახალ ეროვნულ-პატრიოტულ აღმავლობას აქვს ადგილი. ბილინა ზოგად-რუსული ეპოსია.ბილინების მთავარი მარაგი გადარჩენილი და ჩაწერილია ჩრდილოეთში ე. წ. ტბების მხარეს – ონეგის ტბის, პინეგის, მიზენის პეჩორის ნაპირებზე, ასევე თეთრი ზღვის სანაპიროებზე. ბილინები გავრცელებულია აგრეთვე ციმბირში – ალტაისა და კოლიმაზე და სამხრეთ (კაზაკებით დასახლებულ) რაიონებში.

ბილინების უძველესი ჩანაწერი შესრულებულია ურალზე, დიდი კოლექციები შეკრებილია და გამოცემულია პ. რიბნიკოვის, ა. გილფერდინგის, ვს. მილლერის და სხვ. მიერ. ე. წ. საისტორიო სკოლა თავის ძირითად გამოკვლევებს ბილინების ანალიზზე ამყარებდა. ცნობილია ბილინის ოსტატი შემსრულებელნი: ტ. რიაბინინი და მ. კრივოპოლენოვა;

ბილინის რამდენიმე ძირითადი ციკლი გამოიყოფა: პირველია საგმირო, ე. წ. კიევის ციკლი, რომელიც თავად ვლადიმირისა და მისი ბოგატირების გარშემო ჩამოყალიბდა. სამშობელოს დაცვა მისი ძირითადი იდეაა. ბოგატირები დაპირისპირებულია გაუატანელ და ხარბ ვლადიმირთან. მეორე ციკლში ნოველისტური ბილინებია გაერთიანებული. ეს ძირითადად რუსეთის ქალაქ ნოვგოროდის ციკლის ნაწარმოებებია. გმირები აქ ხშირად ვაჭართა სამყაროს ეკუთვნიან (ვასკა ბუსლაევი და სადკო) (ცალკე ჯგუფს წარმოადგენს ე. წ. „სკომოროხების ბილინები“. მათთვის დამახასიათებელია მკვეთრი დემოკრატიული ტენდენციები. მეფე, ბოიარები და გლეხები ერთმანეთს უპირისპირდებიანრ. ბილინის ერთ-ერთი მთავარი ხერხი ჰიპერბოლაა ხშირად გვხვდება კომპოზიციური სამმაგობა, ეპიკური განმეორებანი, მყარი ეპითეტები, მედარებანი, პარალელიზმები, ლექსი ტონიკურია რითმა დაქტილური. ბილინას ტრადიციული საწყისის და დამაბოლოვებელი ფორმულები გააჩნია ახასიათებს ე. წ. Loci communes (საერთო ადგილები), ისინი გადადიან ერთი ბილინიდან მეორეში. დაშლის შედეგად ბილინა ზოგჯერ ზღაპრის სახეს იღებს.

ელ. ვირსალაძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები