მოლიერი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:08, 7 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ მოლიერი

ჟან ბატისტ მოლიერი − (ფრანგ. Jean-Baptiste Molière, ნამდვილი გვარი – პოკლენი ფრანგ. Poquelin, 1622–1673), ფრანგი კომედიოგრაფი, რეჟისორი, მსახიობი და დასის ხელმძღვანელი. იგი, ერთსა და იმავე დროს, გახლდათ კლასიცისტური კომედიის ფუძემდებელიც და სახალხო ფარსის ტრადიციების მემკვიდრეც.

„1622 წლის 13 იანვარს დროზე ადრე მოევლინა კაცობრიობას ჟანბატისტ პოკლენი. გარდა იმისა, რომ ახალშობილი დღენაკლული იყო, არაფერი უჩვეულო არ შეიმჩნეოდა მის დაბადებაში. ბუნებრივია, არც დედამ, არც მამამ და არც ბებიაქალმა არ იცოდნენ, რომ ქალბატონი პოკლენი ასეთს ვეღარასდროს ვერ შობს და ვერც სხვა რომელიმე ქალბატონი შეძლებს რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოავლინოს მოლიერის მსგავსი”. (მ. ბულგაკოვი)

მოლიერის წინაპრები ხელოსნები იყვნენ. პოკლენმა კარგი განათლება მიიღო კლერმონის კოლეჯში, სადაც ლათინური შეისწავლა და პლავტუსსა და ტერენციუსს დედანში თავისუფლად კითხულობდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მოლიერმა ორლეანის უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ 1643 წელს 21 წლის პოკლენმა უარი თქვა მამის მფარველობაზე და პროფესიად მსახიობობა აირჩია. ამავე წლის 30 ივნისს ჟან-ბატისტი ხელშეკრულებას დებს ბეჟარების ოჯახთან და რამდენიმე მსახიობთან. მათ ჩაფიქრებული აქვთ თეატრის შექმნა. 1644 წლის 1 იანვარს განზრახვა სისრულეში მოჰყავთ და „ბრწყინვალე თეატრს“ (Illustre Théâtre აარსებენ. პოკლენი იღებს მსახიობურ ფსევდონიმს − მოლიერი. აქედან იწყება მოლიერის გზა გოლგოთისაკენ.

თეატრმა სულ 2 წლამდე იარსება. კარგი პიესების უქონლობისა და გამოუცდელი მსახიობების გამო საქმეები ცუდად მისდიოდათ. 2 წლის თავზე მსახიობები დაიქსაქსნენ. მოლიერი ბეჟარებთან და მოხეტიალე კომენდიანტების დასთან ერთად ბედის საძიებლად პროვინციაში გაემგზავრა. იქ კომედიოგრაფმა 13 წელიწადი დაჰყო. იქვე მიაგნო თავის ნამდვილ მოწოდებას − კომიკური მსახიობისა − ასევე გახდა დრამატურგი და დააგროვა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება.

1650 წელს მოლიერი დასს ჩაუდგა სათავეში და დაიწყო ფიქრი ორიგინალური რეპერტუარის შექმნაზე. პროვინციაში შეთხზა კომედიები. „დამთხვეული“, „სატრფიალო უსიამოვნება“. სიუჟეტი იტალიელი ავტორებისაგან ისესხა. ორივე კომედიაში მთავარი მოქმედი პირი მარჯვე მსახურია − ჭკუამახვილი, ცოცხალი, გამბედავი, გაცილებით უფრო ჭკვიანი, ვიდრე მისი უიღბლო ბატონი. 30 წლის გამობრძმედილ მსახიობსა და დრამატურგს კომედია „ცეტმა“ მოუტანა წარმატება, რომელიც 1658 წელს პარიზში ტრიუმფით დაბრუნების საწინდარი გახდა. დიდმა აღიარებამ პროვინციაში, პირველ ადგილზე წამოსწია მოლიერის დასი და მიიპყრო სამეფო კარის ყურადღება.

1658 წლის 2 ნოემბერს მოლიერის დასს, მეფის ბრძანებით, ბურგონის სასახლის თეატრის შენობა ებოძა. ამ დღიდან დრამატურგის მოშურნეთა რიცხვმა ერთი ორად იმატა. მათ 2 წელში დასი თავშესაფრის გარეშე დატოვეს.

„ლუდოვიკო XIV არ აკლებს წყალობას დასს და პალე როიალის თეატრს უთმობს. სწორედ ამ თეატრის სცენაზე ითამაშებს მოლიერი თავის უკანასკნელ როლს და სწორედ ეს სცენა გახდება მისი შედევრების, მარცხისა და წარმატებების ერთადერთი მოწმე”.

მეფე ითხოვდა − გასართობი სანახაობების დადგმას. ამ სურვილის საპასუხოდ, მოლიერი ახალ ჟანრს მიმართავს − საბალეტო კომედიებს.

პარიზში მოლიერმა 13 პიესა დაწერა, რომლებშიც მთავარი შემადგენელი მუსიკა იყო. თავის პიესებში მაყურებელზე ზემოქმედების განსაკუთრებულ საშუალებებს ეძებდა. ამ ძალისხმევამ მიიყვანა ახალ ჟანრამდე, რომელშიც ორგანულად მოხდა განსხვავებული ელემენტების შერწყმა: დრამატურგიის, მუსიკის, ცეკვის. თანამედროვეებმა დააფასეს მისი ნოვატორობა. წარმოდგენებს მაყურებელი არ აკლდა. საბალეტო კომედიებისთვის მუსიკას ჟან-ბატისტ ლული წერდა.

მოლიერის ეს ნაწარმოებები სტილისტურად ორ ჯგუფად იყოფა. პირველს მიეკუთვნება ამაღლებული ხასიათის ლირიკული პიესები ძირითადი პერსონაჟების ფსიქოლოგიური დახასიათებით. ასეთებია: „ელადას პრინცესა” (1664); „მელისერტა” და „კომიკური პასტორალი” (1666); „შესანიშნავი საყვარლები” (1670); „ფსიქეა” (1671). მეორე ჯგუფი _ ეს, ძირითადად, სატირული მიმართულების, ფარსის ელემენტებით გამდიდრებული ყოფითი კომედიებია. მაგალითად: „სიცილიელი” (1667); „ჟორჟ დანდენი” (1668); „ბატონი დე პურსონიაკი” (1669); „გააზნაურებული მდაბიო” (1670); „ძალად ექიმი” (1673).

სწორედ მოლიერი იყო ის პირველი ევროპელი დრამატურგი, რომელიც ანსამბლური თეატრის შექმნას შეეცადა. ოსტატურად იყენებდა განსხვავებულ გზებს თავისი მიზნის მისაღწევად − მუსიკის, ცეკვის, სიმღერის დრამატულ ქმედებასთან ჰარმონიულად შერწყმა სურდა. მოლიერის საბალეტო კომედიები, გარდა იმისა, რომ მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდნენ, მათ საზოგადოებრივი დატვირთვაც ჰქონდათ. ეს ნოვატორული პიესები (ლულის მუსიკასთან ერთად) ხელს უწყობდნენ ახალი მუსიკალური ჟანრების დაბადებას: ტრაგედია მუსიკით გადმოცემული, ანუ ოპერა; კომიკური ოპერებიც − რომლის აყვავებაც XVIII საუკუნეს უკავშირდება.

მალე, მოლიერი პარიზელ მაყურებელს ახალ, თვისობრივად მაღალი ხარისხის, სათეატრო პროდუქციას სთავაზობს.

„სასაცილო პრეციოზები” (1659) − პიესა საჭირბოროტო და სატირული, რომელშიც დრამატურგი დასცინის მოდურ, პრეციოზულ, სალონურ-არისტოკრატიულ სტილს. მოლიერისთვის მწარე სატირის საგანი პრეციოზული ლიტერატურის ნორმები ხდება.


უტრირებული პრეციოზულობით მოლიერმა პიესის გმირები − კატო და მადლონი ახალგაზრდა პროვინციელი, მდაბიო ქალები, დააჯილდოვა, რომლებიც პარიზში ჩამოსვლისთანავე კითხულობენ პრეციოზულ რომანებს და ცდილობენ საქციელით და მეტყველებით ამ წიგნების გმირებს მიბაძონ. ისინი დაცინვის საგანი ხდებიან. აქვე არიან მარკიზის და ვიკონტის ტანსაცმელში გამოწყობილი მსახურები − მასკარილი და ჟოდლე. საკუთარი, აბსურდული საქციელით და უცნაური მეტყველებით კატო და მადლონი არამარტო სიცილს იწვევენ მკითხველსა და მაყურებელში. ამ ერთმოქმედებიან პიესაში მოლიერმა მთელი სერიოზულობით დააყენა სიღრმისეული მორალურ-ზნეობრივი პრობლემები − სიყვარულის, ქორწინების და ოჯახის. კატო და მადლონი მშობლების დესპოტიზმის მსხვერპლნი არ არიან; პირიქით, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ. აპროტესტებენ რა ძველ პატრიარქალურ ცხოვრების წესს, რომელსაც მათ ბიძა და მამა ახვევენ თავს. უარს ამბობენ უსიყვარულო ქორწინებაზე. შეიძლება ეს იმ პრეციოზული რომანების დამსახურებაა, რომლებსაც კითხულობენ, მაგრამ იმავე რომანებმა ჩაუნერგეს ადამიანურ ურთიერთობებზე დამახინჯებული წარმოდგენა, რეალური ცხოვრებისგან შორს არის მათი შეხედულებები და წინაღობაა გონიერი და ბუნებრივი პიროვნული ზრდისთვის. სწორედ ამიტომ მოტყუვდებიან და მოსამსახურეებს, მხოლოდ ჩაცმულობის გამო, დიდგვაროვნებად ჩათვლიან.

მოლიერის კომედიამ ღრმა კვალი დატოვა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე: მან სერიოზული დარტყმა მიაყენა პრეციოზულობას – როგორც კულტურულ და სოციალურ მოვლენას. ამ პიესით კომედიოგრაფი სოციალური სატირის გზას დაადგა.

შემდგომ კი სწრაფად განვითარდა, როგორც მწერალი, რომელიც წინ წამოსწევს მწვავე სოციალურ პრობლემებს და ამიტომაც ყველა კომედიის სცენაზე დადგმისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს.

ასევე სოციალურ კომედიას მიეკუთვნება პიესები: „ქმრების სკოლა”, „ცოლების სკოლა”. პარიზში გატარებული, მოულოდნელობებით აღსავსე 15 წელი, მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა დრამატურგის შემოქმედებისთვის, ხოლო პირადი ცხოვრებისთვის − დამღუპველი და დაუნდობელი. მუდმივი შიში და ძრწოლა მეფის წყალობის დაკარგვაზე, პიესის აკრძალვის შემდეგ აღმომხდარი − „ჯალათებო!”. შუღლი და ღალატი... დრამატურგმა საზოგადოების ყველა ფენის რისხვა დაიმსახურა, დაწყებული სასულიერო პირებიდან, ბურჟუაზიით დამთავრებული. იმდენად ბასრი იყო მოლიერის კალამი, რომ გაღიზიანება გაბოროტებულ სიძულვილში გადაეზარდათ, ნებისმიერი მათგანი იშიშვლებდა დაშნას და გულს გაუპობდა „ტრაგიკ კომედიოგრაფს”, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან მოლიერმა მათ დაასწრო... ასეთმა მტრობამ გავლენა მოახდინა მოლიერის ჯანმრთელობაზე და 1673 წლის 17 თებერვალს, როცა მეოთხედ გათამაშდა კომედია „ძალად ავადმყოფი”, რომელშიც მოლიერი არგანს თამაშობდა, მსახიობს სცენაზე კრუნჩხვითი შეტევები დაეწყო, ის სახლში, რიშელიეს ქუჩაზე გადაიყვანეს, სადაც იმავე ღამეს, 51 წლის ასაკში, სული დალია ყველა დროის და ხალხების უდიდესმა კომედიოგრაფმა.

მოლიერი თავად ამბობდა, რომ საკუთარი ამბოხი 1665 წელს შექმნილ გმირს − დონ ჟუანს გადმოანთხევინა. ღვარძლით, სიმამაცით, ძალით, თუ გნებავთ, მომხიბვლელობითაც დაუპირისპირა იგი ობივატელურ, მეშჩანურ საზოგადოებას.

1664-1665 წლები ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა დრამატურგის ცხოვრებაში. ნაყოფიერი იმიტომ, რომ მან ისეთი კომედიები დაწერა, როგორებიცაა „ტარტიუფი” და „დონ ჟუანი”, მტკივნეული კი იმიტომ, რომ „ტარტიუფის” აკრძალვამ საბოლოოდ შეარყია მოლიერის ჯანმრთელობა.

„ტარტიუფი” აიკრძალა, შეურაცხყოფილი და გაბოროტებული საზოგადოება დრამატურგისგან მონანიებას – ბოდიშს ელოდა, ის კი ბუზღუნითა და ხველებით ესპანურ ლეგენდებში „იქექებოდა”. სწორედ ესპანური ლეგენდებიდან დაიბადა დონ ჟუანის სახე. 1665 წლის 15 თებერვალს კი სატირიკოსმა ფრანგ მაყურებელს ახალი „ეშმაკისეული” ქმნილება „დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი” უჩვენა.

ტრილოგია − „ტარტიუფი”, „დონ ჟუანი” და „მიზანთროპი” მოლიერის დრამატურგიის მწვერვალია. თუმცა, ამავდროულად, ის საზღვარია, რომელმაც გარდატეხა მოახდინა კომედიოგრაფის შეხედულებებზე − ადამიანზე, ხელოვნებაზე, საკუთარ თავზეც კი. მოლიერისეული სამყაროს აღქმა და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის განსაზღვრა ამ „ტრიპტიხის” შემდეგ, ვერ ვიტყვით, რომ სრულიად შეიცვალა, მაგრამ მისი კალამი ნაკლებად დიდაქტიკური და ბასრი გახდა.

მოლიერი მეტად დაკავებულია სანახაობრივი, წმინდა წყლის თეატრალური ტექსტების შექმნით, თანაც მისი გუნება-განწყობა სევდისკენ მიექანება; ის აღარ ეძებს ახალ თემებს, აღარ ქმნის არაორდინარულ პერსონაჟებს, მუშაობს ახალ უჩვეულო ინტონაციებზე, მოულოდნელ გადმოცემის ხერხებზე, და ერთხელ უკვე ნაპოვნის გაცოცხლებაზე. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი დრამატურგის შემოქმედების მესამე ეტაპი. ამ პერიოდს განეკუთვნებიან ისეთი კომედიები, როგორებიცაა: „ძუნწი”, „უნებლიეთ ექიმი”, „ბატონი დე პურსონიაკი”, „ჟორჟ დანდენი”, „გააზნაურებული მდაბიო”, „სკაპენის ოინები”, „შესანიშნავი საყვარლები”.


მარიკა მამაცაშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები