დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი (მოლიერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი” − ფრანგი კომედიოგრაფის მოლიერის კომედია, დაწერილი 1665 წელს. პირველად გაიდგა1665 წლის 15 თებერვალს.

„დონ ჟუანის” შქმნისას მოლიერმა პოპულარულ თემას მიმართა, რომელიც პირველად ტირსო დე მოლინამ ესპანური ლეგენდების დამუშავების შედეგად პიესად აქცია. ეს გადმოცემები დონ ხუან ტენორიოს, ცოდვილს, არამზადას და მექალთანეს ეძღვნებოდა, შემდეგ იტალიელებმა აიტაცეს დონ ხუანის ამბავი, მაგრამ ამ ისტორიამ თავისი მთავარი ავტორი მოლიერის სახით შეიძინა. კომედიოგრაფმა აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია შესთავაზა ფრანგულ საზოგადოებას, მან უარი თქვა მთავარი გმირის რელიგიურ-ზნეობრივ სახეზე. მისი დონ ჟუანი – ჩვეულებრივი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელია, მოვლენები კი, რომლებიც მის გარშემო ვითარდება, მისი ხასიათიდან, ყოფითი ტრადიციებიდან და სოციალური ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

მოლიერის „დონ ჟუანი”, რომელსაც პიესის პირველივე სცენაში საკუთარი მსახური – სგანარელი „ეშმაკის მოციქულად და ურჩხულად” ასაღებს, სინამდვილეში ახალგაზრდა მამაცი კაცია, რომელიც ვერანაირ წინაღობას ვერ ხედავს საკუთარი სურვილების ასრულებისას. ის ერთი პრინციპით ცხოვრობს – მისთვის ყველაფერი ნებადართულია!

დონ ჟუანში მოლიერი აღვირახსნილობას კი არ ამხელდა, არამედ იმ უზნეობას, რომელიც ასეთი ორგანული იყო XVII საუკუნის საფრანგეთისთვის. დრამატურგი კარგად იცნობდა ამ ტიპის ადამიანებს და ამიტომაც საოცრად მართებულად ააგო პერსონაჟის ხასიათი.

როგორც ყველა თავმომწონე ახალგაზრდა არისტოკრატს შეჰფეროდა, დონ ჟუანიც თავის ახირებებს ვალის აღებით იკმაყოფილებდა. ის ბურჟუა დიმანშის მოვალე გახლდათ, რომელსაც ყოველ ჯერზე საკუთარი გალანტურობითა და მომხიბვლელობით აჯადოებდა და თანხის დაბრუნების გარეშე ისტუმრებდა.

დონ ჟუანი უარს ამბობს ყოველგვარ ზნეობრივ პასუხისმგებლობაზე. ის აცდუნებს ქალებს, ღუპავს ოჯახებს, ცინიკურად რყვნის ყველას, ვინც გზაზე შემოხვდება: გულუბრყვილო გლეხის გოგოებს, როცა თითოეულ მათგანს ქორწინებას სთავაზობს; უქონელს, რომელსაც ოქროს მონეტას ჰპირდება, თუ ის ღმერთზე აუგს იტყვის; სგანარელს, რომელსაც გაკვეთილებს უტარებს − როგორ უნდა მოექცეს კრედიტორს, და ასე შემდეგ. ისეთი ბიდერმაიერული სიკეთეები, როგორებიცაა − ცოლ-ქმრული ერთგულება და წინაპრების პატივისცემა − მასში მხოლოდ დამცინავ ღიმილს იწვევენ. თუმცა ამასთან ერთად მოლიერი ობიექტურად აღნიშნავს თავისი გმირის ინტელექტუალიზმს, რომელიც დიდგვაროვნების ერთ-ერთი მახასიათებელია, მის ელეგანტურობას, გონებამახვილობას, სიმამაცეს, მომხიბვლელობას − ესეც დონ ჟუანის ხასიათის თვისებებია, რომლებითაც ის არამარტო ქალებს აჯადოებს.

სგანარელი მრავალშრიანი პერსონაჟია − უბრალოც არის და შორსმჭვრეტელიც, ის ხშირად განიკითხავს ბატონს, მაგრამ ასევე ხშირად აღფრთოვანებითა და სიყვარულით უყურებს. და, მართლაც, დონ ჟუანი გონიერი და განათლებულია, მას ფართო თვალსაწიერი აქვს; ის უნივერსალური სკეპტიკოსია, რომელიც დასცინის ყველას და ყველაფერს − სიყვარულს, მედიცინას, რელიგიას. დონ ჟუანი მეამბოხე ფილოსოფოსია! თუმცა დონ ჟუანის ეს თვისებები კონფლიქტშია მის მცდარ თავდაჯერებულობასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ უფლება აქვს შელახოს სხვისი ღირსება. ეს უკვე თვითნებობაში გადასული თავისუფლებაა და სწორედ ამგვარი მაქსიმალიზმი, საკუთარი სიმართლის გაფეტიშება აქცევს ამ პერსონაჟს ასეთ ცოცხალ მხატვრულ სახედ.

მეხუთე მოქმედებაში ეს მეამბოხე კაცი რადიკალურად იცვლება! − დონ ჟუანი ფარისეველი ხდება! სასოწარკვეთილ სგანარელს აღმოხდება: „ეს რა ადამიანია!”. ღვთისმოშიშის ნიღაბს ამოფარება სხვა არაფერია, თუ არა მომგებიანი ტაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს თავი დაიძვრინოს, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან; მამასთან შერიგებაც ფარსია! ეს მას სჭირდება მატერიალური სტაბილურობისათვის, მოხერხებულად თავის დაძვრენა ელვირას ძმასთან დუელისგან... სად გაქრა მამაცი, ღირსებით სავსე თავდაჯერებული რაინდი?! ეს კითხვა მკითხველთან ერთად სგანარელსაც უჩნდება. თუ თავად დონ ჟუანს დავესესხებით, ასე ხსნის ამ გარდასახვას: ფარისევლობა მოდურ, პრივილეგირებულ მანკიერებად იქცა, რომელიც აბათილებს ნებისმიერ შეცოდებასო.

მოლიერი აქაც აგრძელებს რა „ტარტიუფის” თემას, ფარისევლობის საყოველთაო ხასიათს უსვამს ხაზს, რომელიც სხვადასხვა სოციალური ფენისთვის ერთნაირად მისაღებია და ოფიციოზისგან არაფორმალურად ნებადართული.

დონ ჟუანის შექმნისას მოლიერი არამარტო ესპანურ სიუჟეტს მიჰყვებოდა, არამედ ესპანური კომედიის აგების ხერხებსაც ითვალისწინებდა. ანუ ტრაგიკული და კომიკური სცენების მონაცვლეობა, უარის თქმა დროის, მოქმედების და ადგილის ერთიანობაზე, ენობრივი სტილის დარღვევა. მთავარი გმირის ხასიათის სტრუქტურა უფრო რთული ასაგები გამოდგა დრამატურგისათვის. მიუხედავად კლასიცისტური პოეტიკის მკაცრი კანონებიდან ამ მცირედი გადახვევებისა, „დონ ჟუანი” მთლიანობაში მაინც კლასიცისტურ კომედიად რჩება, ვინაიდან კლასიციზმის მთავარი კანონი − ადამიანურ მანკიერებებთან ბრძოლა, ზნეობრივ-სოციალური პრობლემების დასმა, განზოგადებული ტიპაჟების ხასიათების შექმნა, დაცულია.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები