შემვსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემვსები, შემავსებელი

1. ბეტონის შედგენილობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი – ნამსხვრევი ქვა, ნამსხვრევი წიდა, წყლით დაგლუვებული ხრეში, მდინარის ქვიშა, ღორღი, სილიკატები, მარმარილოსა და გრანიტის ნამსხვრევები, ლითონის ბურბუშელა და სხვ.
ჩვეულებრივი მძიმე ბეტონის მოსამზადებლად იყენებენ მძიმე, ხოლო მსუბუქი ბეტონისათვის მსუბუქ ფორებიან შემვსებს. მარცვლების ზომისაგან დამოკიდებულებით მძიმე შემვსები არის წვრილი და მსხვილი (ხრეში ან ღორღი ზომით 5-70 მმ). მასიურ ნაგებობებში შესაძლებელია 220 მმ სიმსხო ხრეშის გამოყენებაც. მაღალი კლასის (B30 და მეტი) ბეტონის დასამზადებლად იყენებენ მხოლოდ ღორღს. წვრილი შემვსები წარმოადგენს ბუნებრივ ან ხელოვნურ ქვიშას, რომელიც მიიღება ქანების, მეტალურგიული წიდის ან სპეციალურად დამზადებული (კერამზიტი, აგლოპორიტი) მასალების დამსხვრევით, ქვიშის მარცვლების ზომა 0,14-5 მმ.
შემვსები არის ერთფრაქციანი, თუ ის შეიცავს მოსაზღვრე საცრების ზომის მარცვლებს, მაგ., 5-10 ან 10-20 მმ. თუ მასში არის ორი ან რამდენიმე ფრაქციის მარცვლები, მაგ., 5-10, 10-20 და 20-40 მმ, მაშინ ის მრავალფრაქციულია. სილიკატურ ბეტონში შემვსები, გარდა თავისი ჩვეულებრივი დანიშნულებისა, მონაწილეობს ქიმიურ პროცესში. მაღალი ტემპერატურისა და ორთქლის წნევის მოქმედებით კირი რეაქციაში შედის კაჟმიწასთან და შემვსების მარცვლებს აკავშირებს მონოლითად. ამ პროცესში შემვსების ქიმიური შედგენილობა და დისპერსიულობა საგრძნობლად მოქმედებს მიღებული ბეტონის თვისებებზე. შემვსების ღირებულება შეადგენს ბეტონის ღირებულების 30-50% და ზოგჯერ მეტს. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი იაფი შემვსების გამოყენებას, რაც შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებსა და მშენებლობის ვადებს. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ბეტონის თვისებებზე ახდენს შემვსების გრანულომეტრიულ-მარცვლოვანი შედგენილობა, სიმტკიცე და სისუფთავე;
2. წვრილდისპერსიული ფხვნილოვანი, მარცვლოვანი, ფენოვანი ან ბოჭკოვანი მასალები, რომლებიც კომპოზიტის შედგენილობაში მისთვის განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად შეაქვთ. ის შეიტანება მასალის ეკონომიისა და სიმტკიცის უზრუნველსაყოფად. მაგ.; პლასტმასის შემვსების სახეებია: აზბესტი, მერქნის ბოჭკო, მინის ბოჭკო, ხის ფქვილი, ტალკი, კვარცული ფქვილი, ბარიტი, ცარცი, ქაღალდი, ბამბეულისა და მინის ბოჭკოვანი ქსოვილები, ხის შპონი, მუყაო და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები