მსუბუქი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსუბუქი ბეტონი

მსუბუქი ბეტონი − მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელზე და მსუბუქ მსხვილ ან წვრილ შემვსებზე (ტუფი, პერლიტი, კერამზიტი, ვერმიკულიტი, არბოლიტი და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი. სიმკვრივე – 500-1800 კგ/მ3; სიმტკიცე – 1-40 მპა. ფორიანობის შექმნის მეთოდის მიხედვით ცნობილია მსუბუქი ბეტონის შემდეგი სახეები: მსუბუქი ბეტონი მსუბუქ (ფოროვან) შემვსებზე; მსხვილფოროვანი უქვიშო ბეტონი, რომელიც მზადდება ერთფრაქციულ მკვრივ ან ფოროვან შემვსებზე უქვიშოდ; უჯრედოვანი ბეტონი, რომლის სტრუქტურა შექმნილია ხელოვნური უჯრედებით (0,2-2 მმ), რომლებიც ცვლიან შემვსების მარცვლებს.

დანიშნულების მიხედვით მსუბუქი ბეტონი არსებობს: თბოსაიზოლაციო (რომელთა დანიშნულებაა თერმული წინააღმდეგობა მიანიჭოს გადამღობ კონსტრუქციას); კონსტრუქციული (რომელიც იღებს დატვირთვებს) და კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო (რომელიც აერთიანებს წინა ორ თვისებას).

მსუბუქი ბეტონი ჩვეულებრივი მძიმე ბეტონისაგან განსხვავდება მსუბუქი შემვსების გამო, რომელსაც აქვს ნაკლები სიმკვრივე და გაცილებით ნაკლები სიმტკიცე. შემვსებზე დამოკიდებულებით (მსუბუქი, მკვრივი) მკვეთრად იცვლება ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილება და წყალშემცველობა, იცვლება მსუბუქი ბეტონის ძირითადი თვისებებიც. მსუბუქ ბეტონში წ/ც ფარდობა 1-მდეა (ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს). მსუბუქი ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია წყლის ხარჯზე. წყლის რაოდენობის მატება ოპტიმალურამდე ზრდის ბეტონის სიმტკიცეს, შემდგომი ზრდა კი – ამცირებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყლის ზედმეტი ხარჯი ნაკლებ მავნეა, ვიდრე მისი დაკლება. წყლის ოპტიმალური რაოდენობა დამოკიდებულია შემვსებისა და შემკვრელის წყალმოთხოვნილებაზე, ნარევის შემკვრივების ინტენსიურობასა და ბეტონის შედგენილობაზე. შემვსების წყალმოთხოვნილება კი დამოკიდებულია მის მარცვლოვან შემადგენლობასა და ღია ფორების რაოდენობაზე. ბეტონის სიმკვრივე დამოკიდებულია: შემვსების სიმკვრივეზე და მის მარცვლოვან შემადგენლობაზე, წყლისა და ცემენტის ხარჯსა და შემკვრივების მეთოდზე. თბოსაიზოლაციო თვისება კი – შემვსების ფორიანობასა და მის ხასიათზე.

მსუბუქი ბეტონი დიდი ფორიანობის გამო, იგი ნაკლებად ყინვამედეგია, მაგრამ მაინც საკმარისი იმისათვის, რომ მისგან ავაგოთ შენობა-ნაგებობანი. ყინვამედეგობის ასამაღლებლად ბეტონში შეჰყავთ ჰიდროფობული დანამატი. შემკვრელის სახეობის შერჩევა ხდება გამაგრებისა და სხვა პირობის გათვალისწინებით, მაგრამ საერთო კრიტერიუმი არის მაღალი მარკის ცემენტის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა შევამციროთ სიმკვრივე. შემვსებად გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური ფოროვანი მასალა სიმკვრივით არაუმეტეს 1200 კგ/მ3 ქვიშისათვის (მარცვლების სიმსხო 5 მმ-მდე) და არაუმეტეს 1000 კგ/მ3 ხრეშის ან ღორღისათვის (მარცვლების სიმსხო 5-40 მმ). მსუბუქი ბეტონის ბუნებრივი ფოროვანი შემვსები მიიღება ფოროვანი ქვის ქანების – პემზის, ვულკანური წიდისა და ტუფის, ფოროვანი და ნიჟაროვანი კირქვისა და სხვათა დამტვრევით. ხელოვნური ფოროვანი შემვსები კი მიიღება წარმოების ნარჩენების (მაგ., წიდის) ან სილიკატური მასალების თერმული დამუშავებით. შემვსების სახეებია: თერმოზიტი, აგლოპოლიტი, კერამზიტი, პერლიტი, ვერმიკულიტი და სხვ.

მსუბუქ ბეტონს დიდი გამოყენება აქვს მშენებლობაში. მისგან ამზადებენ შენობის კედლებს და გადახურვებს, დაძაბული რკინაბეტონისგან – ხიდის მალებს, წამწეებს, სავალი ნაწილის ფილებს და სხვ., თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი ბეტონის ფორების არსებობა ხელს უწყობს არმატურის კოროზიას და მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად უმჯობესია მძიმე ბეტონების გამოყენება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები