შამონის I ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1924)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 5 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჩარლზ ჯორტოუ

შამონის I ზამთრის ოლიმპიური თამაშები – უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები იქამდე ჩატარდა, ვიდრე ამას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტდა. საქმე ის არის, რომ „თეთრ თამაშებს“ შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ზამთრის სახეობებში ამინდს ქმნიდნენ. შესაშურ აქტივობას იჩენდნენ სკანდინავიელები, რომლებიც 1901 წლიდან სტოკჰოლმში ერთობ პოპულარულ ჩრდილოურ თამაშებს მართავდნენ და შიშობდნენ, რომ ოლიმპიური თამაშები მათსას დაჩრდილავდა. სწორედ ჩრდილოური თამაშები შეიძლება მივიჩნიოთ ზამთრის ოლიმპიადების წინამორბედად.

წარწერის ტექსტი

ლოზანაში, 1921 წლის სოკ-ის სხდომაზე, სადაც 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების ადგილს განიხილავდნენ, ფრანგებმა პარიზის კანდიდატურა წარადგინეს და მასთან ერთად ზამთრის სახეობათა ასპარეზობების ჩატარების სურვილიც გამოთქვეს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, 1924 წლის VIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზს უმასპინძლა, ხოლო შამონიში VIII თამაშებთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ „ზამთრის სპორტის სახეობათა საერთაშორისო კვირეული (Semaine Internationale des Sports d'Hiver), რომელზეც პატრონაჟობას სოკ-ი აიღებდა. კვირეულს ისეთი მოწონება და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რომ 1925 წელს პრაღის სოკ-ის 24-ე სესიაზე ზაფხულის ოლიმპიადების წლებში ამგვარ ასპარეზობათა რეგულარულად ჩატარება გადაწყდა, 1926 წლის ლისაბონის სოკ-ის 25-ე სესიაზე კი შამონის თამაშები ოფიციალურად აღიარეს ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებად.

ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების პლაკატი

ზამთრის სპორტის სახეობათა საერთაშორისო კვირეულს ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხოსლოვაკიის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, აშშ-ის და იუგოსლავიის წარმომადგენლები ეწვივნენ. გერმანია, როგორც პირველი მსოფლიო ომის თაოსანი, შეჯიბრებაზე არ დაუშვეს.

ჰერმა საბო

საასპარეზო პროგრამაში იყო: ბობსლეი, კერლინგი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბოლა, ჩრდილოური ორჭიდი, თხილამურებით რბოლა, ტრამპლინიდან ხტომა, ჰოკეი და შეჯიბრება სამხედრო პატრულში. აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიადებამდე ფიგურული ციგურაობა ლონდონის (1908) და ანტვერპენის (1920) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პროგრამის ნაწილი იყო, ჰოკეის ოლიმპიური დებიუტი კი 1920 წელს ასევე ანტვერპენში შედგა.

ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჩარლზ ჯოტროუ, რომელმაც მისთვის პირველ და ერთადერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში გაიმარჯვა.

შამონის თამაშების ყველაზე მეტი მედლის მფლობელიც ციგურებით რბოლაში გამოვლინდა. ფინელმა კლას ტუნბერგმა პირველ თამაშებზე ხუთი მედალი დაისაკუთრა, მათ შორის სამი უმაღლესი ხარისხის და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.

შამონის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთადერთი სპორტის სახეობა, რომელიც ქალებისთვის იყო ღია, ფიგურული ციგურაობა გახლდათ. აქვე პირველად გამოჩნდა ყველასთვის უცნობი 11 წლის ნორვეგიელი სონია ჰენი. მართალია, მან ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდგომ ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა.

შვედი გილის გრაფსტრიომი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ერთი და იგივე სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში ჩემპიონობა მოიპოვა, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც.

ანტვერპენის ზაფხულის თამაშების შემდეგ ასევე ზედიზედ მეორე ოქროს მედლები მოიპოვეს კანადელმა ჰოკეისტებმაც. მათ საკვალიფიკაციო წრეში შვეიცარიელებს, ჩეხოსლოვაკიელმა და შვედებს მთლიანობაში 85 შაიბა გაუტანეს - ისე, რომ თავად ერთიც არ მიუღიათ. ამასთან, კანადელებმა მთელი ტურნირის განმავლობაში 110 შაიბა შეაგდეს და მხოლოდ სამი მიიღეს.

შამონიში, პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მასპინძელი ქვეყანა - საფრანგეთი, უჩემპიონოდ დარჩა. ფრანგმა შინ მხოლოდ 3 ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს.

თამაშების დახურვაზე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა ალპინიზმში მიღწეული დიდი შედეგებისთვის ოქროს მედლები გადასცა 1922 წლის ბრიტანელთა ექსპედიციის წევრებს, რომლებიც ჯომოლუნგმაზე სარეკორდო სიმაღლეზე ავიდნენ.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები