ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშები (1920)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტვერპენში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ხუთრგოლგადაჯაჭვული ოლიმპიური დროშა აღიმართა და ასევე პირველად, როგორც მშვიდობის სიმბოლო, მტრედები გაუშვეს

ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშები - VII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1920 წელს (20 აპრილი - 12 სექტემბერი), ანტვერპენში.

  • მონაწილე ქვეყანა - 29
  • სპორტსმენი - 2,626 / 65 ქალი / 2,561 კაცი
  • სპორტის სახეობა - 22
  • მედლების კომპლექტი - 156

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: უილის ლი (ტყვიის სროლა, აშშ) 5,1,1
ქალებში: ეთელდა ბლეიბტრეი (ცურვა, აშშ) 3

Me7 ol plakati.PNG

ბერლინი ამაოდ ელოდა 1916 წელს გასამართ VI ოლიმპიურ თამაშებს. 1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომის გამო, ეს თამაშები გაუქმდა, ომისშემდგომ პირველ ოლიმპიადას კი ანტვერპენმა უმასპინძლა. ანტვერპენელებს მოსამზადებლად წელიწადნახევარიც არ ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ და ომით აოხრებული ქალაქი თითქმის ბოლომდე აღადგინეს.

VII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ანტვერპენის ტაძარში ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი მესათი დაიწყო და ნახევრად ცარიელ ოლიმპიურ სტადიონზე გაგრძელდა.

ანტვერპენში ოლიმპიური ნათლობა მიიღეს ახალმა ზელანდიამ, ბრაზილიამ, მონაკომ და ახლადშექმნილმა ევროპულმა სახელმწიფოებმა - ესტონეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის იმპერიაში შედიოდა, ჩეხოსლოვაკიამ, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე ბოჰემიის სახელით გამოდიოდა და იუგოსლავიამ, რომელმაც სერბეთის სამეფო ჩაანაცვლა. წინა ოლიმპიადებზე (1908 და 1912) ავსტრალაზიის გუნდად გაერთიანებული ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გზები გაიყარა, რის შედეგადაც ახალი ზელანდია დამოუკიდებელ გუნდად მოგვევლინა. ოლიმპიადაზე არ მიიწვიეს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელები და მათი მოკავშირე ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი და ოტომანთა იმპერია, ხოლო გასაბჭოებული რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებული პოლიტიკური ემბარგოს გამო არ დაუშვეს.

ანტვერპენში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურა მომავალმა ცხრაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინელმა პაავო ნურმიმ

საზეიმო გახსნაზე, პირველად თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში, ანტიკური ტრადიციისამებრ, გაისმა ოლიმპიური ფიცი, რომელიც ყველა სპორტსმენის სახელით წარმოთქვა წყალბურთში 1908 და 1912 წლების ოლიმპიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა, ბელგიელმა ვიქტორ ბოინმა (მან ანტვერპენში საკუთარი შესაძლებლობები ფარიკაობაშიც მოსინჯა და ვერცხლის მედალი აიღო, მოგვიანებით კი, ბელგიის ეოკ-ის პრეზიდენტიც გახდა).

ანტვერპენში, ასევე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აღიმართა ხუთრგოლგადაჯაჭვული ოლიმპიური დროშა და ასევე პირველად, როგორც მშვიდობის სიმბოლო, მტრედები გაუშვეს. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ერთი სახეობის ასპარეზობები ორ ქვეყანაში გაიმართა. საქმე ის არის, რომ ოსტენდეში, აფროსანთა რბოლისას ერთ-ერთი ნიშნული დინებამ წაიღო, ხოლო იმის გამო, რომ ორგანიზატორებს ხელმეორე რბოლის ჩატარების დრო არ რჩებოდათ და ამასთან, ორივე გუნდი ნიდერლანდებიდან იყო, შეჯიბრება ამსტერდამში გადაიტანეს. ანტვერპენში შედგა კიდევ ერთი სპორტის ზამთრის სახეობის - ყინულის ჰოკეის დებიუტი.

არაოფიციალურ კომპლექსურ ჩათვლაში ამერიკელები მთელი თავით მაღლა აღმოჩნდნენ მეტოქეებზე. კარგად გამოვიდნენ შვედები და დიდბრიტანელები, მაგრამ ყველაზე დიდი სიურპრიზი ფინელებმა შემოგვთავაზეს. მათ 15 ოქროს მედალი მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ამერიკელებს და შვედებს ჩამორჩნენ, ბრიტანეთთან კი თანაზიარნი აღმოჩნდნენ. ფინელებმა განსაკუთრებით კარგად იასპარეზეს მძლეოსნობაში, სადაც 16 საპრიზო ადგილი დაიმსახურეს, ხოლო ცხრაჯერ ჩემპიონობა იზეიმეს.

სტოკჰოლმის ოლიმპიური თამაშების ფინელმა ტრიუმფატორმა, მძლეოსანმა ჰანეს კოლეჰმაინენმა, რომელმაც სათავე დაუდო თავისი ქვეყნის სტაიერთა ბრწყინვალე შედეგებს, ანტვერპენში ოლიმპიურ მარათონში პირველი, საერთო ჯამში კი, მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა. ანტვერპენში სამი ოქროს და ერთიც ვერცხლის მედალი დაიმსახურა მომავალმა ცხრაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინელმა პაავო ნურმიმ.

მოცურავეთა შეჯიბრებაში ყველაზე შთამბეჭდავი ნადავლით დაასრულა გამოსვლა ამერიკელმა ეთელდა ბლეიბტრეიმ, რომელმაც ქალთა სამივე დისტანცია მოიგო, მათ შორის - 300 მეტრზე თავისუფალი სტილით, რაც სიახლე იყო. ამასთან, საკვალიფიკაციო გაცურვების ჩათვლით, ხუთჯერ გადაეშვა აუზში და მსოფლიოს ამდენივე რეკორდი დაამყარა.

ლონდონისა და სტოკჰოლმის ოლიმპიადების სამგზის ჩემპიონი, 72 წლის შვედი ტყვიის მსროლელი ოსკარ სვანი „გაქცეულ ირემზე“ ორმაგ სროლაში გუნდურში დაკავებული მეორე ადგილით დღემდე ოლიმპიადების უხუცეს მედალოსნად და მონაწილედ რჩება.

უნგრელთა გარეშე დარჩენილ მოფარიკავეთა შეჯიბრებაში ფრანგები და იტალიელები გაბატონდნენ. მათგან სტოკჰოლმის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა იტალიელმა ნედო ნადიმ ერთბაშად 5 ოქროს მედალი მოიპოვა (2 - პირადში, 3 - გუნდურში), რაც არა თუ ფარიკაობაში, საერთოდ ოლიმპიური სპორტის ისტორიაში მოვლენა იყო და ამ სახეობაში დღემდე ასეთად რჩება.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები