სტოკჰოლმის V ოლიმპიური თამაშები (1912)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
V ოლიმპიური თამაშების პლაკატი

სტოკჰოლმის V ოლიმპიური თამაშები - V ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1912 წელს (5 მაისი - 27 ივლისი) სტოკჰოლმში.

  • მონაწილე ქვეყანა - 28
  • სპორტსმენი - 2,407 / 48 ქალი / 2,359 კაცი
  • სპორტის სახეობა - 14
  • მედლების კომპლექტი - 102

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ვილჰელმ კარლბერგი (ტყვიის სროლა, შვედეთი) 3,2,0
ქალებში: ედიტ ჰანამი (ჩოგბურთი, დ.ბრიტანეთი) 2

Mexute oplimpiada.PNG

1909 წელს, როდესაც V ოლიმპიური თამაშების მასპინძლის ვინაობა უნდა გამოვლენილიყო, ერთადერთი კანდიდატი სტოკჰოლმი აღმოჩნდა. ამასთან ერთად, ერთგვარი გარიგება შედგა ბერლინთან, რომელიც 1912 წლის თამაშების მასპინძლობაზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენდა და სანაცვლოდ, 1916 წლის ოლიმპიადას მიიღებდა.

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, სტოკჰოლმში ხუთივე კონტინენტის წარმომადგენლები წარსდგნენ. მათ შორის, ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა პირველ აზიურ ქვეყანას - იაპონიას. ასევე ოლიმპიური ნათლობა მიიღეს ეგვიპტემ, ისლანდიამ, პორტუგალიამ და სერბეთის სამეფომ. ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ლუქსემბურგსაც. საქმე ის არის, რომ ამ ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენელმა მიშელ ტეატომ 1900 წლის ოლიმპიადაზე მარათონულ გარბენში იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ვინაიდან მაშინ მონაცემთა ზუსტი ბაზა არ არსებობდა, ტეატოს წარმატებას დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთს მიაწერდნენ. მისი ლუქსემბურგელობა კი XX საუკუნის ბოლოსღა გაირკვა. როგორც გუნდი, ოლიმპიადაზე პირველად წარდგა ჩილეც, თუმცა ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ათენის პირველ თამაშებზე მძლეოსნობაში ერთმა მათმა წარმომადგენელმა, ლუის სუბერკასიუქსმა იასპარეზა.

ტყვიის მსროლელი ძმები - 1912 წლის ოლიმპიური თამაშების 3 გზის ჩემპიონი ვილჰელმ კარლბერგი (მარჯვნივ) და ერიკ კარლბერგი

სტოკჰოლმის ოლიმპიური თამაშები ისტორიული აღმოჩნდა იმითაც, რომ ანტიკური თამაშების მსგავსად, საფუძველი ჩაეყარა ხელოვანთა კონკურსებს (არქიტექტურაში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, ლიტერატურასა და მუსიკაში). მოქანდაკეთა კონკურსში გაიმარჯვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, „გაქცეულ ირემზე” ორმაგ სროლაში უოლტერ უაინენსმა, რომელიც სტოკჰოლმში ერთმაგ სროლაში ვერცხლის პრიზიორიც გახდა.

ლიტერატურის დარგში პირველი ოქროს მედალი დაიმსახურა ჟორჟ ჰოროდისა და მარტინ ეშბახის ლექსმა „ოდა სპორტს”. აღმოჩნდა, რომ ოდას ავტორი თავად ხელოვანთა კონკურსის ჩატარების მოთავე, სოკ-ის პრეზიდენტი პიერ დე კუბერტენი ყოფილა, მაგრამ მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, რათა მის გვარს ჟიურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოეხდინა.

სტოკჰოლმში პირველად გაითამაშეს მედლები წყალში მხტომელმა და მოცურავე ქალებმა. ოლიმპიური ნათლობა მიიღო მძლეოსანთა ათჭიდმა და ხუთჭიდმა. გარდა ამისა, მძლეოსნობაში პირველად, მაგრამ არაოფიციალურად გამოიყენეს დროის ელექტროაღმრიცხველი, ხმის გამაძლიერებლები და ფოტოფინიში.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში უგრძეს მანძილზე მოუწიათ გამოსვლა ველომრბოლებს. საგზატკეცილო რბოლაში მათ 315 კმ და 385 მ უნდა გაევლოთ. ასევე დიდი ჯაფა დაადგა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინელი ალფრედ ასიკაინენისა და რუსეთის იმპერიის სახელით მოასპარეზე ესტონელი მარტინ კლეინის ნახევარფინალურ წყვილს, რომელთა შერკინებაც 11 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, ტყვიის მსროლელთა შეჯიბრებაში შვედი მამა-შვილის ოსკარ და ალფრედ სვანების წარმატება. მათ, ისე როგორც ლონდონში, კვლავ სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამ სახეობაში გამოდიოდა მასპინძელთა კიდევ ერთი ოჯახური წყვილი. ეს იყო ტყუპი ძმების, ვილჰელმ და ერიკ კარლბერგების ტანდემი, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

სტოკჰოლმში რბენაში სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა ფინელი ჰანეს კოლეჰმაინენიც, რომელმაც ერთი ვერცხლის ჯილდოც დაიმსახურა. ბრიტანელმა პოლ რადმილოვიჩმა ლონდონში ცურვასა და წყალბურთში მოპოვებულ ოქროს მედლებს სტოკჰოლმში კიდევ ერთი შემატა, ამჯერად - წყალბურთში.

სპორტულ სარბიელზე განვითარებული მოვლენებიდან გამორჩეული იყო ამერიკელი ჯიმი ტორპის მიერ ხუთჭიდსა და ათჭიდში ნაჩვენები ფანტასტიკური შედეგები და მოპოვებული ოქროს მედლები. ამ ტრიუმფიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ტორპი ორი სეზონის განმავლობაში ბეისბოლის პროფესიონალი მოთამაშე იყო. ამიტომაც მას, როგორც არამოყვარულ სპორტსმენს, ოქროს მედლები ჩამოართვეს, შელახული ღირსება კი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, 1983 წელს აღუდგინეს.

სტოკჰოლმის თამაშები ისტორიაში ერთი ტრაგიკული შემთხვევითაც შევიდა. პორტუგალიელი ფრანსიშკო ლაზარო მარათონული გარბენის 30-ე კილომეტრზე გარდაიცვალა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიელი შეჯიბრების დროს დაიღუპა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები