კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი
კავკასია და შესაბამისად საქართველო, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული კუთხით – კოლხეთითურთ მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 35 კრიტიკულ წერტილს შორისაა მოქცეული, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ობიექტს წარმოადგენს უნიკალური პირველი პერკოლაციური (შეღწევადი) ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარებისა და რელიქტური კოლხური ტყეების გამო.
კოლხეთი გლობალური გამყინვარების დროინდელ რეფუგიუმს მიეკუთვნება. როგორც ცნობილია, მესამეული გამყინვარების პერიოდში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კლიმატი თბილი და ტენიანი ყოფილა, ხოლო ლანდშაფტი მრავალფეროვან ტროპიკულ და სუბტროპიკულ მერქნიან მცენარეებს მოიცავდა. გლობალურმა აცივებამ, რომელიც 15 მილიონი წლის წინათ დაიწყო და კულმინაციას გამყინვარების პერიოდში მიაღწია, განაპირობა მერქნიანი მცენარეების მიგრირება სამხრეთისაკენ. მათი ნაწილი იმ ადგილებში შემორჩა, სადაც თბილი და ტენიანი კლიმატი შენარჩუნდა. სამხრეთ კავკასიაში ასეთია ორი რეფუგიუმი: კოლხეთი და თალიში (აზერბაიჯანი).
კოლხეთში მოზარდი უნიკალური რელიქტური სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაარსდა კოლხეთის ეროვნული პარკი.
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების – ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.
პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიეროკვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.