გურჯაანის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:23, 11 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯაანის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია (XVIII ს. ბოლო, – XIX ს. დასაწყისი). დგას სოფ. გურჯაანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) სამხრ-ით, სასაფლაოზე, ყვე- ლაწმიდის ეკლესიისკენ მიმავალი გზის პირას.

2009 წ. საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა გუმბათის სახურავის წვერი, კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი; გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

სარჩევი

აღწერილობა

ეკლესია ე. წ. კუპელჰალეს გვიანდ. ვარიაციაა. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. კედლების ძირითადი ნაწილი რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობითაა ნაგები. აგურით გამოყვანილია გუმბათი, საბჯენი თაღები, კამარა, პილასტრები, კარ-სარკმლების წირთხლები და დეკორატიული ელემენტები ფასადებზე.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა (15,1 მ X 7,7 მ), აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთიდან და სამხრეთიდან ორივე კარი სწორკუთხაა და ორივე მხრიდან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ეკლესიის შიდა სივრცეს შეადგენს საკურთხევლის ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი და მოგრძო დარბაზი. აფსიდში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის გვერდებზე სამ-სამი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის სამხრეთით მდებარე პირველი ნიში გეგმით წრეს უახლოვდება და სხვებთან შედარებით უფრო მაღალია. თითო პატარა სწორკუთხა ნიში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ხუთი სარკმელი აშუქებს. ორ-ორი მათგანი გრძივ კედლებშია, ხოლო ერთი, თარაზულად გადახურული – დასავლეთ კედელში. ყველა სარკმლის ღიობი შიგნიდანაც და გარედანაც კედლის გულისკენ თანდათან ვიწროვდება.

ეკლესიის დარბაზი ორ-ორი მძლავრი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით გაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. პილასტრებს შორის კედლები საფეხურითაა შეღრმავებული და დასრულებულია ნახევარწრიული თაღებით, რომელთა ქუსლებთან სამსაფეხურიანი იმპოსტებია. მსგავსი პროფილის იმპოსტებია გამოყოფილი საბჯენი თაღების ქუსლებთანაც.

დარბაზის შუა ნაწილში, რომელიც დანარჩენებზე ოდნავ უფრო მოზრდილია, აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომლის ყელი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. იგი ნავზე ბევრად უფრო ვიწროა, ამიტომ მისი საყრდენი სისტემა რამდენადმე თავისებურია. აღმოსავლეთითა და დასავლეთით გუმბათი პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთითით და ჩრდილოეთით – კამარის მრუდში გამოყვანილ, ცენტრისკენ გადმოხრილ თაღებზე. გუმბათის საყრდენ თაღებს შორის პანდანტივებია, რომლებშიც ამოჭრილია ტრომპები. გუმბათის ყელში გაჭრილია რვა ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი.

შიდა სივრცის ერთნავიანობის მიუხედავად, გარედან ეკლესიას ჯვარ-გუმბათოვანი შენობის აღნაგობა აქვს. ეკლესიის ოთხივე ფასადზე შუა ნაწილი გუმბათქვეშა „მკლავების“ შესაბამისად შემაღლებულია და დასრულებულია ორფერდა სახურავით. ფასადები საკმაოდ მარტივადაა დამუშავებული. მორთულობის ძირითადი ელემენტებია შეღრმავებული რომბები და ჯვრები. გრძივი ფასადების შემაღლებულ ნაწილებზე, თითქმის მთელ სიგანეზე, გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული თაღოვანი არე. იგი სიმაღლეში გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. ქვედა ნაწილში ერთიმეორის თავზე განლაგებულია სამ-სამი რომბი, ზედა ნაწილის შუაში კი – პილასტრისმაგვარი შვერილი, რომლის ზემოთ წყობიდან შვერილი აგურებით გამოყვანილია პატარა ფრონტონი.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის სიბრტყე გუმბათოვანი ტაძრების მსგავსად, ჩვეულებისამებრ ერთიანი კი არაა, არამედ ორ ნაწილადაა გაყოფილი. ფასადის ზედა, „ჯვრის მკლავის“ ფრონტონით დასრულებული ნაწილი, ქვედას მიმართ რამდენადმე უკანაა წაწეული (დაახლ. 1 მ-ით) ისე, რომ მათ საზღვარზე საფეხური იქმნება. ფასადის ქვედა ნაწილი სრულიად გლუვია მოურთველი. ზედა ნაწილზე კი აგურის წყობის შეღმავებით გამოსახულია ორსაფეხურიან ბაზისზე დადგმული ჯვარი.

დასავლეთ ფასადიც მარტივადაა მორთული. შესასვლელის ზემოთ, გვერდით ნაწილებში თითო რელიეფური ჯვარია. ერთი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული ფასადის ზედა ნაწილის, ფრონტონის არეში.

სამხრეთ შესასვლელის ტიმპანში და ანაყოლებში ჩასმულია საფლავის ქვები წარწერებით. აღმოსავლეთით მდებარე ანაყოლზე გაკეთებული წარწერიდან ირკვევა, რომ ქვა საფლავზე დადებულია 1792 წ. აშკარაა, რომ ეკლესია ამ თარიღის შემდგომაა აგებული.

ფასადები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად ნაწყობი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობითაა გამოყვანილი.

გუმბათის ყელი ლეკალური აგურის ლილვებით, თაღებითა და ჯვრებითაა დანაწევრებული. სარკმლებს ქვემოთ, გუმბათქვეშა კვადრატამდე ყელი მრგვალია. ეს ნაწილი მოქცეულია ორ ჰორიზონტალურ ლილვს შორის და მორთულია შეღრმავებული რომბების მწკრივით. ზემოთ, თითოეული წახნაგის შუაში, ლილვებშემოვლებული ვიწრო და მაღალი სარკმელია, რომელიც ჩასმულია ლილვითვე გამოყვანილ თაღში. თაღებს შორის ვიწრო არეებია დარჩენილი, რომელთა ზემოთ ლილვის ფორმის სარტყელზე აგურის რელიეფური ჯვრებია „ჩამოკიდებული“. ზემოთ ყელი საფეხურით ვიწროვდება და ლილვისებრი სარტყლითაა დასრულებული, რომელიც საფეხუროვან ლავგარდანს ებჯინება. გუმბათი გადახურულია პირამიდული ფორმის სახურავით.

დარბაზული ეკლესია

ეკლესიის დასავლეთით, 15-ოდე მ-ზე, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (5,1 მ X 3 მ). იგი ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარედან, გრძივი კედლების ქვედა ნაწილში, შირიმის რამდენიმე გათლილი ქვაა ჩართული.

ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნაწილი, გარე კუთხეები, მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი, ფასადებზე საპირე ქვები აქა-იქ ამოცვენილია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნახევარი დაახლოებით 1,5-2 მ სიმაღლეზე დგას.

ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდან ყოფილა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში დაბალი და ვიწრო, თარაზულად გადახურული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვითკირის ტრაპეზია მიშენებული (შემორჩენილია ნაწილი). მსგავსი ნაგებობაა მიდგმული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდზეც, რომელიც, ალბათ, სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. გრძივ კედლებზე შემორჩენილია მოწითალო ფერის საღებავით გამოყვანილი ორ-ორი ზოლი. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული, რომლის თაღი ნახევარწრიულია.

სასაფლაოს დასავლეთით, დაახლოებით 400 მ-ზე, ყველაწმინდის ეკლესიისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, შემორჩენილია რიყის ქვით აგებული შენობის ნანგრევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაეკლესიარს უწოდებს.


თ. დვალი


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013;
  • Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები