უსლარი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პეტრე უსლარი''' – (დ. 20 აგვისტო (1. სექტემბერი) 1816, სოფ. კუროვო, ტვე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უსლარი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „პეტრე უსლარი“)

23:26, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია

პეტრე უსლარი – (დ. 20 აგვისტო (1. სექტემბერი) 1816, სოფ. კუროვო, ტვერის გუბერნია, – გ. 8 (20). აპრილი. 1875, იქვე), რუსი ლინგვისტი, კავკასიური ენების მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1868), რუსეთის ჯარის გენერალი.

შვიდი მონოგრაფიის (აფხაზური ენა, ჩაჩნური ენა, ხუნძური ენა, ლაკური ენა, დარგუული („ხიურკილიური“ ენა, ლეზგიური („კიურული“) ენა, თაბასარანული ენა) ავტორი. გარდა კონკრეტული ენების აღწერა-ანალიზისა, უსლარმა დატოვა სოციოლინგვისტური ხასიათის წერილები რომლებშიც კარგადაა წარმოჩენილი იმ პერიოდის ენობრივი სიტუაცია და მისი შეცვლისათვის საჭირო ღონისძიებანი, ენათა ფუნქციური დატვირთვა, მათი სტატუსი, ამა თუ იმ ენის „მდგომარეობა“, ხაზგასმითაა მონიშნული ენის უაღრესად დიდი სოციალური მნიშვნელობა და დასახულია ენობრივი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი. უსლარი თვლიდა, რომ რუსეთის მიერ კავკასიის იარაღით დაპყრობას უნდა მოჰყოლოდა რეგიონის ენობრივი „დაპყრობა“, რადგან კავკასიაში რუსეთის იურისდიქცია გავრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში რუსული ენა გაიმარჯვებდა: „ახლა არაბული და რუსული ენები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რომელი მათგანი დაეპატრონება დაღესტანს – ორივე მოსულის, ორივე დამპყრობლის ენაა“. მას მიაჩნდა, რომ არაბული ენის პოზიციების შესუსტება შესაძლებელი იყო ადგილობრივი კავკასიელი ხალხებისათვის ალტერნატიული ანბანების შექმნით (შემდგომში რუსულ ანბანზე იოლად გადაყვანის მიზნით). საბაზო ანბანის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია მისი მაქსიმალური სიახლოვე კავკასიურ ენაში წარმოდგენილ ბგერებთან, ანბანის ეკონომიურობა და სხვ. საამისოდ უსლარმა განიხილა არსებული ანბანები და დაასკვნა: „თუ შეაფასებთ ქართულს თვით ქართული ენის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უპასუხებს ყველა პირობას: ყველა არსებული ანბანიდან ის ყველაზე სრულყოფილია, ყოველი ბგერა გამოიხატება განსაკუთრებული ნიშნით და ყველა ნიშანი მუდმივად გამოხატავს ერთსა და იმავე ბგერას. ყველა ევროპულ ენაში არის ლოდი დაბრკოლებისა – ესაა ორთოგრაფია; ქართველებისათვის ანბანის სრულყოფილების წყალობით ეს სირთულე თითქმის არ არსებობს“.

ამ შეფასების შემდეგ დასახული ამოცანის შესასრულებლად ლოგიკური იქნებოდა ქართული ანბანის გამოყენება, მაგრამ სახელმწიფოებრივმა პრაგმატიზმმა განაპირობა სხვა გადაწყვეტილება. ავტორი არ მალავს, რომ ქართული ანბანის დანერგვა ხელს არ აძლევდა რუსეთს, რადგან ძალაუნებურად შეიქმნებოდა სიძნელეები, რომლებიც განსაკუთრებით საგრძნობი გახდებოდა კავკასიაში განათლების გავრცელებასთან ერთად, შესაბამისად, საკითხი რუსული ანბანის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც განაპირობა რუსული გრაფემებისათვის დამატებითი ნიშნების შემოღება „ქართულ-კავკასიური“ სპეციალური ბგერების გადმოსაცემად. უსლარი გაურბოდა ანბანის ზედმეტი ნიშნებით გადატვირთვას, რაც მის ნაკლად მიაჩნდა. ამიტომ ზოგი ქართული ასო (ძ, წ, ჭ) უცვლელად შეიტანა, ზოგიც უმნიშვნელოდ შეცვალა და ახალი ასოები შექმნა. დაბეჭდვისას არც ერთი აღნიშნული გრაფემა ანბანში არ აღმოჩნდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მაშინდელი მზრუნველის კ. იანოვსკისა და მისი თანაშემწის ზავადსკის წყალობით.

ბუნებრივია, ჩრდილოკავკასიელებისათვის ანბანების შექმნა განპირობებული იყო არა კულტურტრეგერული, არამედ მეტროპოლიის ინტერესებით. უსლარი აღნიშნავდა, რომ ვოლგისპირეთის თათრების გეოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დაღესტნელებისა: „ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა რუსებთან შერეულად ცხოვრობს. უმეტესი ნაწილი რუსი აზნაურობისა ყაზანისა და სიმბირსკის გუბერნიაში თათრული წარმოშობისაა, როგორც მაგალითად, დერჟავინები, კარამზინები, ერმოლოვები. ეს ამტკიცებს, რომ რა რიგ სუსტი უნდა ყოფილიყო რუსული ქრისტიანული ცივილიზაციის ელემენტი, მოკლე დროში ჭკუით, სიმდიდრით ან წარმოშობით მოწინავე ადამიანთა ყურადღება მაინც მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი დარჩა სამშობლოში, ისინი სულ გარუსდნენ და მოწყდნენ თავის თანამემამულეებს".

ამ ზრახვების მიუხედავად, უსლარის მოღვაწეობის ცალსახა შეფასება არ იქნება სწორი. მას დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი კავკასიური ენების შესწავლაში. მის მიერ დაწერილი გრამატიკები სერიოზული გამოკვლევებია, რომელთა ღირებულებაც კიდევ უფრო იზრდება მათში წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალის გამო: გაბმული ტექსტები, ხალხური მეტყველების ნიმუშები, ზღაპრები, იგავ-არაკები, ლექსიკონები; მის მიერ შექმნილი ანბანები ძირითადად სწორად ასახავენ აღწერილი ენების ფონემურ შედგენილობას.

უსლარის მეცნიერული ღვაწლი ზუსტად განსაზღვრა ივ. ჯავახიშვილმა: „…ამ გატაცებამ და აღფრთოვანებულმა მუშაობამ უსლარს ის შეაძლებინა, რაც ერთ ადამიანს კავკასიის შესასწავლად არც მანამდე და არც მას შემდგომ, მის გარდა, არავის გაუკეთებია.

ტ. სიხარულიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები