რუსუდანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„რუსუდანიანი“ — (XVII ს.), ანონიმური ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო თხზულება, ქართული პროზის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნიმუში, წარმოადგენს ერთი ჩარჩოთი შემოფარგლულ უზარმაზარ კრებულს. ჩარჩოს როლს ასრულებს იამანეთის დედოფლის რუსუდანისა და მისი ოჯახის (მეუღლის — მანუჩარის, შვილების – როდენისა და ფრიდონის) ტრაგიკული თავგადასავალი. ამ ჩარჩოში ჩასმულია თორმეტი სხვადასხვა ამბავი, რომელთაც დედოფალს გასართობად და სანუგეშოდ მოუთხრობენ მისი ძმები. მთელი თხზულება გამოირჩევა მწყობრი კომპოზიციით. ჩარჩო უბრალო ფონს კი არ ქმნის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ აქტიურად უკავშირდება სიუჟეტის განვითარებას და საკუთრივ ჩართულ ამბებს (რუსუდანი უშუალოდ ერევა თხრობაში, ფრიდონის წერილი მოდის მეათე და მეთერთმეტე ამბავს შორის).

თხზულება თორმეტ კარად არის დაყოფილი. აქედან ექვსი მოიცავს ვრცელ და ტიპიურ საგმირო-ფანტასტიკურ რომანს („ამბავი ხელმწიფისა ზოსტერ ზოსიმეს ძისა და ძისა მისისა ზავისა“, „ამბავი ხათაელთა ხელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა“, „ამბავი ყვითლის ქალაქისა და ხელმწიფის ნუშრევანისა და ძისა მისისა ხოსროსი“, „ამბავი ურუმის ხელმწიფისა ყარამანისა და ძისა მისისა ყაისარისა“, „ამბავი გლახათა ხელმწიფისა ნოდარისა და ძისა მისისა გვარჯასპისა“, „ამბავი დუშმანქამანაქის ხელმწიფის გოსტამისა“) დანარჩენნი კი შედარებით მოკლე არაკებია მოთმინების, სიუხვის, სამართლიანობის, მოხერხებისა და გონებამახვილობის შესახებ. ჩართული მასალა თემატურად ჭრელია, ზოგი ფოლკლორული წარმოშობისაა, ზოგიერთისთვის აღმოსავლური წყაროებია დაძებნილი, მაგრამ ყოველივე ქართული ლიტერატურული ნორმების მიხედვითაა გამართული, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი. თვით ჩარჩოში ერთგვარად აირეკლა საქართველოს ისტორიის უმძიმესი მონაკვეთი — მონღოლთა ბატონობის ხანა. მთელ თხზულებას ასხივოსნებს სამშობლოს სიყვარულის, „ჭირთა შიგან გამაგრების“ აუცილებლობის გრძნობა. თუმცა ისტორიულ-ლიტერატურულ რეალიათა მიხედვით „რუსუდანიანი“ XVII საუკუნით თარიღდება (ლექსიკა, სამოხელეო ტერმინები, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების წყაროდ გამოყენება), მაინც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუკუნეში გადაწერილი ნუსხები საკმაოდ დეფექტურია და დიდი ხნის ხმარების ნიშნებს ატარებს. ძეგლის პოპულარობას მეტყველებს მთელ საქართველოში მისი გავრცელების ფაქტი (1732 წ. მამუკა ბარათაშვილმა გალექსა „რუსუდანიანის“ მეორე კარი „ჯიმშედიანის“ სახელწოდებით). ძეგლისადმი ინტერესს აძლიერებდა ავტორისეული უნარი ცოცხალი და ხატოვანი თხრობისა, დეტალური აღწერა ბატალური სცენების, რაინდული ყოფის, გმირთა განცდებისა (რუსუდანის დედობრივი გრძნობანი, ზავის დატირება მახლობელთა მიერ და სხვა). მრავალფეროვანია „რუსუდანიანის“ მხატვრული სტილი, ხან სადა და სასაუბრო, ხან ზვიადი და მჭევრმეტყველი, ზოგჯერ სტერეოტიპული განმეორებებით გადატვირთული (ბუნების, ბრძოლის, ლხინის, სამეფო კარის აღწერისას); მდიდარია ლექსიკა, ხშირია დიალექტური ფორმები.

„რუსუდანიანის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომელსაც დართული აქვს წინასიტყვა, ვარიანტები და ლექსიკონი, 1957 წ. გამოსცეს ი. აბულაძემ და ი. გიგინეიშვილმა. 1971 წ. გამოქვეყნდა თხზულების სრული რუსული თარგმანი (თარგმნა ა. ბესტავაშვილმა) გ. ლეონიძისა და ა. გვახარიას რედაქციით.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები