ბარათაშვილი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამუკა ბარათაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი მამუკა – (XVIII ს.), პოეტი, ვახტანგ მეექვსის ამალის წევრი საქართველოდან გარდახვეწილი ცხოვრობდა ჯერ ასტრახანში, შემდეგ — მოსკოვში. ჩაბმული იყო რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილთა ლიტერატურულ საქმიანობაში, მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ მისიებში.

მ. ბარათაშვილმა 1731 წ. დაწერა ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული ნაშრომი, პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი“ ანუ „ლექსის სწავლის წიგნი“. წიგნის პირველი ნაწილი ზოგად საკითხებს შეიცავს, მეორეში კონკრეტული ნიმუშების მოხმობით განხილულია ქართული ლექსის სხვადასხვა ფორმა და საზომი. ავტორი პოეზიის უტილიტარისტულ კონცეფციებს მიჰყვება, პოეზიის უმთავრეს ღირსებად დიდაქტიკას მიიჩნევს. მისი აზრით, პოეზიამ უნდა დანერგოს სიკეთე კეთილის ჩვენებით და არა ბოროტების განქიქებით. ლექსის სრულყოფისათვის საჭიროა „ღრამატიკისა და რიტორიკის“ დაუფლება, პოეტს მოეთხოვება „სიტყვის სიმარჯვე“ და „ცოდნა“. „ჭაშნიკში“ აუგად არიან მოხსენიებული პოეტები, რომლებსაც „თათრის ზღაპრები გაულექსავთ მსმენელთ საზიანოდ და მთქმელი საურიგოდ“. პოლემიკა მიმართულია სპარსოფილთა წინააღმდეგ.

მ. ბარათაშვილის იდეალია სიყვარულის ალეგორიულ-მისტიკური გამოხატვა. სიყვარული მის ლექსებში დამოძღვრის საბაბი ხდება, იგი ცოლქმრული სიყვარულის მეხოტბეა, იმას ესწრაფვის, რომ ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ეთიკურ პრინციპთა სიმყარე ოჯახური მორალის საფუძველზე განხორციელდეს. მ. ბარათაშვილი მხატვრულად აღწერს ქალის სილამაზეს, ახერხებს საკუთარი განცდების გადმოცემასაც. თუმცა საამისო იმპულსს მას უფრო ლიტერატურული ტრადიცია აძლევს, ვიდრე რეალური ცხოვრება. ასეთია, მაგალითად, რელიგიური შინაარსის ნაწარმოები „წამებული“.

მ. ბარათაშვილის ლირიკაში მძლავრია ემიგრანტული პოეზიის მოტივები. მისი ნოსტალგია ტრადიციულ „სოფლის სამდურავის“ მოტივებს უკავშირდება.

მ. ბარათაშვილმა დაწერა ოდა „ქება მეფის ბაქარისა“, რომელშიც გამოიყენა „აბდულმესიანის“ სახოტბო სტილი და ტროპიკა. მანვე გალექსა „რუსუდანიანის“ მეორე თავი „ჯიმშედიანის“ სახელწოდებით.

ტექსტი

  • თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1969;
  • ჩვენი საუნჯე, ტ. 5, თბ., 1960, გვ. 217-220.

ლიტერატურა

  • ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბ., 1966, გვ. 532- 545;
  • გ. მიქაძე, მამუკა ბარათაშვილი, თბ., 1958.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები