ვახტანგ VI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვახტანგ მეექვსე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფე ვახტანგ VI

ვახტანგ VI — (1675-1737), ქართლის გამგებელი, (ჯანიშინი) – 1703 -1714 წლებში, მეფე – 1716-1724 წლებში, გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი.

აღიზარდა მდიდარი კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების სამეფო კარზე. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სულხან–საბა ორბელიანი, რომელიც ცოდნის სიყვარულთან ერთად მაღალმოქალაქეობრივ იდეებს უნერგავდა.

ვახტანგის პოლიტიკური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ქართლის განმგებლად (ჯანიშინად) ყოფნის პერიოდი (1704-1712). 1709 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის მეფობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ („ჯანიშინად“) მისი ძმის შვილი ვახტანგი დანიშნა.

სარჩევი

ჯანიშინობის პერიოდი

„ჯანიშინობის“ პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა, სასტიკად აკრძალა ტყვის სყიდვა. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით შექმნა ე.წ. „მცველთა ჯარი“.

1705 წელს მისი ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც გადააყენა საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ II (1700-1705) და მის ნაცვლად ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად რუსეთიდან ახლად დაბრუნებული ვახტანგის ძმა - დომენტი (1705-1741) აირჩია. ვახტანგმა ეკლესიას დაუბრუნა თავადების მიერ მიტაცებული მიწები. აღადგინა მცხეთის ეკლესიის მემამულეობა, ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდში ქართლის თავადებმა დაიბრუნეს წინათ გაქცეული ყმები.

თავისი მმართველობის პირველივე წლებში ვახტანგმა დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა, მან შეკრიბა ძველი ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები, ერთ კრებულად შეკრა და თან დაურთო სამეფო დარბაზის მონაწილეობით შედგენილი საკუთარი სამართლის წიგნი. ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ საქართველოში მოქმედ კანონმდებლად იქცა, რის გამოც მას „სჯულმდებელი“ შეარქვეს.

ვახტანგის მოღვაწეობის ამავე ხანას ეკუთვნის მეორე საკანონმდებლო ძეგლი - „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის - კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა.

ვახტანგმა დიდი ყურადღება მიაქცია მეურნეობის აღდგენას. ხელახლა დაასახლა დაცარიელებული სოფლები და მთელი მხარეები (თრიალეთი, ბაიდარი, ტაშირი, სააბაშო); ააგო სასახლეები (თბილისს, გორს, კოჯორს). ქარვასლები; განაახლებინა თბილისის სიონის პერანგი; შეაკეთებინა მცხეთის, ურბნისისა და სადგერის ტაძრები. ზრუნავდა გზებისა და ხიდების მოვლაზე. ვახტანგმა განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები ყარაიას („ვახტანგის რუ“). ომხითს, ხუნანს იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მეურნეობის სხვადასხვა დარგს - მევენახეობის, მეჯოგეობის, მეპურეობის, მეაბრეშუმეობა-მებამბეობის განვითარებას. მის დროს გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება, თავის კეთილდღეობას დაუბრუნდა თბილისი.

ჯანიშინობის პერიოდში ვახტანგმა დიდი კულტურული მოღვაწეობა გააჩაღა. 1709 წელს მან ვალახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა. მასში დაიბეჭდა საეკლესიო წიგნები, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიების წიგნით მომარაგებას, ხოლო 1712 წელს პირველად - „ვეფხისტყაოსანი“ თვით ვახტანგ მეფის კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევით, რითაც დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას.

მოგვიანებით ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა „აპოვთეგმატას“ ე. თურქესტანისშვილისწული მოკლე რედაქცია („სიბრძნე მალაღობელი“), თარგმნა „ქილილა და დამანა“, „ამირნასარიანი“ და სხვ. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები.

აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის ზრუნვა ძველი „ქართლის ცხოვრების“ („საქართველოს ისტორიის“) ტექსტის დადგენისა და გამართვისათვის. ამ მიზნით მან შეადგინა სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია „ქართლის ცხოვრების“ გადამუშავება-რედაქტირების, ტექსტის გამართვის, სამსაუკუნოვანი (XIV-XVIIსს.) ხარვეზების შევსების მიზნით, რის შედეგადაც შეიქმნა „ახალი ქართლის ცხოვრება“.

ვახტანგს თავის გარშემო შემოკრებული ჰყავდა კულტურულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელთა შორისაც იყვნენ მისი შვილი,ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, მისი აღმზრდელი - სულხან-საბა ორბელიანი და სხვ.

ვახტანგი ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოს სამეფო სამთავროებზე. როგორც ჩანს, ამას ნაწილობრივ მაღწია კიდეც, რადგან ჯანიშინს „მორჩილებდნენ იმერნი, უსმენდნენ კახნი“.

ვახტანგ VI ქართლის მეფე

1711 წელს, გიორგი X-სა და შემდეგ ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსრო მეფის ავღანეთში დაღუპვის შემდეგ, ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ვახტანგმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი ქირმანში გადაასახლეს. სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში იმოგზაურა, რათა დაერწმუნებინა ევროპის მონარქები (რომის პაპი კლიმენტი XI, საფრანგეთის მეფე ლუი XIV) ეთხოვნათ შაჰისთვის ვახტანგი ქრისტიანობით დაემტკიცებინათ ქართლის მეფედ, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

1716 წელს ვახტანგმა ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, შაჰმა კი იგი ქართლის მეფედ დაამტკიცა და მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა სამშობლოში.

მეფობის პერიოდში (1716-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა გაეგრძელებინა ჯანიშინობის პერიოდში დაწყებული საქმიანობა, მაგრამ დაძაბულმა საერთაშორისო ვითარებამ მას ამის საშუალება არ მისცა. საქართველო ისევ გახდა კავკასიაში გაბატონებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ცილობის ობიექტი, ასეთ ვითარებაში ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის გზა დაადგა და 1720 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე I-თან (1689-1725). მათ გადაწყვიტეს ერთად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ, შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარო უნდა შესულიყო აზერბაიჯანში, სადაც მას შეუერთდებოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქარი და ერთობლივად უნდა აეღოთ ირანი.

1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო ლაშქრობა კავკასიის მიმართულებით და ხელთ იგდო კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო, დარუბანდი, მაგრამ ლაშქრობა შეწყვიტა და ასტრახანში გაბრუნდა. ვახტანგ VI კი შეთანხმებისამებრ ქართველთა და სომეხთა 40 000-იანი ჯარით განჯასთან იდგა და ამაოდ ელოდა რუსეთის ჯარის გამოჩენას. სამი თვის ლოდინის შემდეგ აცნობეს მას ლაშქრობის გადადების ამბავი, რამაც მეფე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. განრისხებულმა შაჰმა ქართლი გამაჰმადიანებულ კონსტანტინე კახთა მეფეს გადასცა, რომელმაც 1723 წელს ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი. ლეკებმა გაძარცვეს და გადაწვეს თბილისი. ამ დროს ოსმალები ზეწამოიჭრნენ და მალე მთელი ქართლი დაიკავეს. ამაოდ ელოდა ვახტანგი რუსეთიდან დამხმარე ძალას. მას საქართველოში არ დაედგომებოდა.

ვახტანგ VI რუსეთში

1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი ოჯახის წევრებით, მათ შორის :ტახტის მემკვიდრე ბაქარიც, თანამოღვაწეების 1200 კაციანი ამალით რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა, მაგრამ მას საქართველოში დაბრუნება აღარ ეწერა.

რუსეთში ყოფნისას ვახტანგ VI ისევ ცდილობდა საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა რუსეთის სამეფო კარი. 1726-1727 წლებში, იგი საგანგებო მისიით გილანშიც კი ჩავიდა, როგორც რუსეთის წარმომადგენელი და ირანის შაჰთან მოლაპარაკება გამართა, მაგრამ უშედეგოდ.

1737 წლის 26 მარტს ვახტანგ VI გარდაიცვალა ქ. ასტრახანში. დაკრძალულია იქე, მიძინების ტაძარში.

სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა

მრავალმხრივი და ნაყოფიერია ვახტანგის სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა. მან დაუდო სათავე რუსთველოლოგიას, როგორც მეცნიერებას. „ვეფხისტყაოსნის“ 600-მდე სტროფის ვახტანგისეულ კომენტარებში აღძრულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. მათგან უაღრესად საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“ ალეგორიული თარგმანების საკითხი. ვახტანგმა წამოაყენა დებულება, რომ რუსთაველის პოემა „საღმთოც იყო და საეროც“, ხოლო რუსთველური სიყვარული გულისხმობდა როგორც ღვთაებრივ, ისე ცოლ-ქმრულ სიყვარულს. ვახტანგის ეს თვალსაზრისი ენათესავება სიყვარულის კონცეფციის შუა საუკუნეებისთვის სპეციფიკურ გაგებას და დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და პეტრარკას სონეტებში გატარებულ თვალთახედვას. ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალობის საკითხიც აღძრა. მან დამაჯერებლად განაცხადა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც“. უაღრესად საყურადღებოა ტექსტის ზოგი ადგილის ვახტანგისეული გასწორება.

ვახტანგმა თავისი სიტყვა თქვა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების საქმეში. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ საბოლოო სრულყოფაში, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის დიდი ნაწილი თვითვე განმარტა.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. „აღორძინების ხანის“ მწერლებს ღრმად სწამდათ, რომ ქვეყნის განადგურება და დაცემა განპირობებული იყო ერის ზნეობრივი გადაგვარებით. მათთვის პიროვნების მორალური სრულქმნა ერის კეთილდღეობის მტკიცე საწინდარი იყო. ამიტომაც მათს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიდაქტიკურ მოძღვრებას. ვახტანგმა არა მხოლოდ საკუთარ პოეზიაში შემოიტანა დიდაქტიკური მოტივები, არამედ თარგმნა დიდაქტიკური ეპოსის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა „ამირნასარიანი“, „ქილილა და დამანა“ (ამ ძეგლის საბოლოო რედაქცია სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის).

ვახტანგს შესამჩნევი ადგილი უკავია ქართული ლირიკის ისტორიაში. მართალია, მისი, როგორც პოეტის, შემოქმედებითი პროდუქცია არ არის მდიდარი, მაგრამ იგი ყურადღებას იპყრობს რიგი სიახლეებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ მისეული ალეგორიული თარგმანების პრინციპი საკუთარ შემოქმედებაშიც გაატარა და თავისი „სატრფიალონი“ მისტიკური სიყვარულის თემას მიუძღვნა. ამ თემას ნიადაგი უკვე ჰქონდა მომზადებული ჩვენს სინამდვილეში. ვახტანგის მიერ გაკვალულ გზას ერთგულად მიჰყვნენ მ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი და სხვანი.

მკვლევართა მოსაზრებით, ვახტანგმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში სამშობლო — სატრფოს სახე. საკუთარი მიწა-წყლის ისეთი ცხოველი განცდა, როგორიც ვახტანგის პოეზიაშია მოცემული („სალბუნად გულისა“), მანამდე არც ერთი ქართველი პოეტის შემოქმედებაში არ გვხვდება.

ვახტანგ მეექვსემ გარკვეული სიახლე შეიტანა რელიგიური თემატიკის დამუშავებაშიც. კერძოდ, ქრისტიანული მწერლობისთვის კარგად ცნობილი თემები მან ლირიკულ ასპექტში გააშუქა („მე შევამკე ცა, ქვეყანა“, „შურით აღივსნეს უგბილნი“) და მათთვის განსაკუთრებული უშუალობის მინიჭებით მკითხველზე ემოციური ზემოქმედების ახალი გზები დასახა. შემდგომ ამ თემის დამუშავება პოეტური სრულყოფით შეძლო დ. გურამიშვილმა.

„აღორძინების“ ხანის მწერლობისთვის მეტად აქტუალური პრობლემა წუთისოფლისა ვახტანგმაც დასახა თავისი პოეზიის საგნად. მაგრამ, წინაპართა თუ თანამედროვეთაგან განსხვავებით, ეს თემაც ინტიმურ პრიზმაში გარდატეხა. ვახტანგი სოფლის მიღების იდეასაც წინამორბედთაგან განსხვავებული პათოსით აფუძნებდა. იმ აზრებს, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ ქსოვილში რომ არის განფენილი, ვახტანგი, მართალია, დიდაქტიკურად, მაგრამ ეპოქისთვის საჭირო კატეგორიულობითა და სიცხადით აყალიბებდა.

ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში ღრმად შემოჭრილი ლირიკული ნაკადი მხატვრულ ფორმაშიც გამოვლინდა. იმდენად ახალი და თავისებურია მისი ზოგიერთი ლექსის ხმოვანება, რომ ჭირს მათში ამოვიცნოთ ოცმარცვლოვანი ჩახრუხაული თუ თექვსმეტმარცვლოვანი რუსთველური ლექსის საზომები. ხოლო ვახტანგის „რანი და მოვაკანი და…“ ბრწყინვალე ნიმუშია ისეთი ლექსისა, რომელიც ვეღარ თავსდება პოეზიის საზღვრებში და შეერწყმის მუსიკას. სავსებით მართებულად ვახტანგს ქართველი ლექსის ნოვატორთა (სულხან-საბა ორბელიანი, მ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი) გვერდით განუკუთვნებენ ადგილს.

ტექსტი

  • ვახტანგ მეექვსე, ლექსები და პოემები, 1975.

ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, ვახტანგ VI, წიგნში: ნარკვევები, ტ. II, 1946, გვ. 439-455;
  • ლ. მენაბდე, ვახტანგ VI, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 1966, ტ. II.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები