სულხან-საბა ორბელიანი
ორბელიანი სულხან-საბა − (1658-1725), პროზაიკოსი, პოეტი, ლექსიკოგრაფი, მქადაგებელი, მწიგნობარი, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქვემო ქართლის სოფელ ტანძიაში, გავლენიანი ფეოდალის ვახტანგ ორბელიანის ლიტერატურული ტრადიციების მქონე ოჯახში. სულხანის მამა, მეფე ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) ცოლისძმა, იწოდებოდა როგორც „საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა, ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმაი“. ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავის ასული თამარი. სულხანი მეფის კარზე იზრდებოდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამიდაშვილებთან (მეფე გიორგი XI, არჩილი, ლევანი), განსაკუთრებით კი ვახტანგ მეექვსესთან, რომლის აღმზრდელი რეგენტი და თანამებრძოლიც იყო სიკვდილამდე.
სულხანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული მოღვაწეობა ქართლის ძნელბედობის ჟამს თანხვდება. იგი მხარში ედგა გიორგი მეთერთმეტეს და ქვეყნის განმტკიცებისთვის იბრძოდა. მისმა პოლიტიკურმა იდეალებმა კატასტროფა განიცადა, როდესაც ირანის შაჰმა ქართლის მეფობა გამაჰმადიანებულ ერეკლეს (ნაზარალიხანს) უბოძა. 1688 წ. გიორგი ქართლიდან გააძევეს. იგივე ბედი ხვდა სულხანსაც. 1687 წლიდან საბა ფარული კათოლიკეა (მ. თამარაშვილის ცნობით). 1698 წ. სულხანი ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ეწოდა საბა. 1703 წლიდან, როცა ქართლის ტახტი ვახტანგ მეექვსემ დაიბრუნა, სულხანმა კვლავ მიმართა პოლიტიკურ ასპარეზს. 1710-12 წ. დიპლომატური მისიით ორჯერ მოუხდა სპარსეთს გამგზავრება. 1713 წ. ფრანგი მისიონერ რიშართან ერთად დიპლომატური მისიით ევროპაში გაემგზავრა. ამავე პერიოდს უკავშირდება მის მიერ უკვე ოფიციალურად კათოლიკობის მიღების ფაქტი: ევროპისკენ მიმავალი საბა 1713 წ. კონსტანტინოპოლში წმიდა ბასილის ორდენის მიმდევარი შეიქნა (ამ ორდენის თავისებურებას შეადგენდა გარკვეული სიახლოვე მართლმადიდებლობასთან). 1714 წ. აპრილში ვერსალში საბა მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ. პარიზიდან გამობრუნებული იმავე წლის ივლისში საბა ორჯერ მიიღო რომის პაპმა კლიმენტოს მეთერთმეტემ.
საბას დიპლომატიურ მისიას იმდროინდელი საქართველოსთვის პრაქტიკული ნაყოფი არ გამოუღია. ეს დიპლომატური ნაბიჯი იყო ევროპულ სამყაროსთან საქართველოს კავშირის აღდგენის ისტორიული გამოხატულება. მაგრამ ამ ნაბიჯის განმახორციელებელი ქართველი პოლიტიკოსები არ აღმოჩნდნენ იმდროინდელი ევროპის შიდაპოლიტიკური ამოცანების საქმის კურსში. მათ ალღო ვერ აუღეს ევროპის მიზნებსა და ამოცანებს აღმოსავლეთში.
1716 წ. ივლისში საბა ქართლში დაბრუნდა. აქ მას ბედმა ახალი განსაცდელი არგუნა. ჯერ იყო და, კათოლიკობის გამო, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის რისხვა დაატყდა თავს, მერე კი ქართლის აწეწილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ვახტანგ მეექვსესთან ერთად, რუსეთისკენ აქცევინა პირი. მაგრამ საბამ პეტერბურგამდე ვერ მიაღწია. 1721 წ. 26 იანვარს „მთელი საქართველოს მამა“, როგორც მას უცხოელები უწოდებდნენ, მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეს ძველ ეკლესიაში.
„სიბრძნე სიცრუისა“
სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული თხზულებაა „სიბრძნე სიცრუისა“. ამ ძეგლის ხელნაწერებზე დასაწყისშივე აღნიშნულია: „ნათქვამი სულხან ორბელიანისა ჟამსა სიჭაბუკისა თვისისა“. თხზულების შექმნის ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ცნობილია, რომ „სიბრძნე სიცრუისა“ დაწერილი უნდა იყოს 1678-88 წლებს შორის, ან არაუგვიანეს 1698 წლისა, როდესაც სულხანი ბერად შედგა და ეწოდა საბა. „სიბრძნე სიცრუისა“ XVII საუკუნის პირველი ლიტერატურული ძეგლია, რომელშიც თავისებურად შეჯამებული და განზოგადებული ხასიათი მიიღო როგორც ეპოქის იდეურ-ფილოსოფიურმა, ისე სტილურმა ძიებებმა. თავისი ჟანრული თვისებებით „სიბრძნე სიცრუისა " განეკუთვნება ე. წ. განჩარჩოებულ მოთხრობათა სახეობას. იგავ-არაკები, ანეკდოტები, ნოველები, აპოლოგები, ზღაპრები თუ თაღლითური რომანის დამახასიათებელი სათავგადასავლო პასაჟები, რომელთა განვითარებასაც ავტორი იძლევა, აქ განმაჩარჩოებელ ამბავს არის შერწყმული. ამ გზით ყოველი იგავ-არაკის თვითმკმარი მნიშვნელობა ექვემდებარება განმაჩარჩოებელი ამბის ლოგიკურ, იდეურ-ფილოსოფიურსა და მხატვრულ სისტემას. ამით მთელ ნაწარმოებს ერთიანი და დასრულებული ხასიათი ენიჭება.
მეფე ფინეზის ძის, უფლისწულ ჯუმბერის აღმზრდელ ლეონის აღმზრდელობითს მეთოდს ებრძვის მეფის საჭურისი რუქა. ლეონს ემხრობა ვეზირი სედრაქი. მეფე გამოცდის უფლისწულს და მოიწონებს ის განსწავლულობას. ამ გამოცდის დროს „სიბრძნე სიცრუის“ პერსონაჟები ერთმანეთს ეკამათებიან აღზრდის, ზნეობის, ადამიანის ხვედრის, სიმართლის, სიკეთის, ბოროტების, ჭეშმარიტებისა და სხვა საკითხებზე. კამათი წარმოებს იგავ-არაკების, გამოცანების, ზღაპრების, აპოლოგების თხრობის გზით. თითოეული არაკი ასრულებს ამა თუ იმ დებულების დისკურსიული გზით გაშლისა და ილუსტრაციის ფუნქციას. მაგრამ ნაწარმოების შინაგან მთლიანობას განსაზღვრავს არა მისი „ჩარჩო“, რომელიც თხზულებაში ასახულ პირთა თუ თავგადასავალთა სწორედ გარეგნული შემაკავშირებლის ფუნქციას ასრულებს, არამედ ასახულ მოვლენათა ავტორისეული ინტერპრეტაციის პრინციპი. ამ პრინციპის საფუძველი კი არის სულხან-საბა ორბელიანის მსოფლმხედველობა.
„სიბრძნე სიცრუის“ სათაურის სიმბოლიკის შესახებ მეცნიერებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ფაქტი ერთია: როგორადაც უნდა იქნეს იგი გააზრებული, მის მნიშვნელობაში მუდამ თვალსაჩინოდ დარჩება გამოკვეთილი ეპოქის იდეოლოგიური ცხოვრებისთის დამახასიათებელი თვალსაზრისი საწუთოს „ორგემაგობის“, მასში მოქმედ ძალთა წინააღმდეგობრიობის და ანტინომიურობისა. ამ სათაურში ასახულია საგნის არსებისა და მოვლენის, მისი რეალური სახისა და მოჩვენებითობის, სიბრძნისა და სიცრუის როგორც ურთიერთგანმზიდავობის, ისე თანაარსებობის ხასიათი. მთელი ნაწარმოების გასწვრივ მკითხველის თვალწინ ცოცხლდება სიმართლე (სიბრძნე), რომელიც კრიზისული ეპოქების ატმოსფეროში ზოგჯერ დაუჯერებელია და იმოსება სიცრუის სამოსით, და სიცრუე, რომელიც იფარებს სიბრძნის ნიღაბს.
კალდერონის ფორმულა — „ამ ცხოვრებაში ყოველივეა ჭეშმარიტი და ყოველივეა სიცრუე“, ან მატეო ბანდელოს დევიზი „სიცრუის სამოსში გახვეული სიმართლის“ შესახებ „სიბრძნე სიცრუის“ წარმომშობი ეპოქის საერთო მანიშნებელზე მიუთითებს.
სიბრძნე საბასთვის სიმართლის, სინამდვილის, ჭეშმარიტების და, ამდენად, სიკეთისა და სათნოების მომცველი ცნებაა; სიცრუე პირიქით — სიყალბის, მოჩვენებითობის, ხოლო ეთიკურ ასპექტში — ბოროტებისა და ვერაგობის ტოლფარდია. ყოფიერების ტრაგიზმს საბა ხედავს ამ კატეგორიათა თვითმყოფადობის შეფარდებითობაში. საბასვე „ლექსიკონი ქართული“ გვაუწყებს: „სიბრძნე და სივერაგე ემსგავსებიან: სიბრძნე კეთილ, ხოლო სივერაგე — არა“. სიბრძნისა და სიცრუის ასეთი დამსგავსება იმას მეტყველებს, რომ ცხოვრების ასპარეზზე ისინი შეფარდებითს ღირებულებებს განასახიერებენ. „სიბრძნე სიცრუის“ პერსონაჟთა პოლემიკა სიბრძნისა და სიცრუის ამ „მსგავსების“ დისკურსიულ განსჯას წარმოადგენს. სიბრძნისა და სიცრუის შეფარდოფითობითის განცდა მთელი ნაწარმოების მანძილზე მსჭვალავს რუქასა და ლეონის პაექრობას. ყოველი შემთხვევა „სიბრძნე სიცრუეში“ თავისებური შემოწმებისა და თვალსაზრისთა დიალოგიზაციის მიზნითაა მოხმობილი. ასეთი „შემთხვევები“ აქ ეთიკურ ან იურიდიულ ვითარებას წარმოსახავენ. დასკვნის მიღების გზა თვალსაზრისთა დიალოგიზაცია, ანუ წამოყენებულ დებულებათა დისკურსიული განხილვაა. მაგრამ თუ ამ „შემთხვევათა“ განმსჯელი ცალკეული ადამიანი ან მოპაექრეა, რუქა იქნება ეს, ლეონი, მეფე, ჯუმბერი თუ სედრაქი, სამაგიეროდ მსჯავრდებული თავად ცხოვრებაა. ადამიანური განსჯის შეფარდებითობის კანონი მუდამ ძალაში რჩება. სიცრუის დასადასტურებლად იმდენივე არგუმენტი მოიპოვება (თუ მეტიც არა!), რამდენიცაა სიბრძნის სასარგებლოდ. დებულების — „კარგისათვის კარგი არავის უქმნია“ დასამტკიცებლად ისეთივე ცხოვრებისეული ფაქტები აქვს რუქას, როგორც ამ დებულების უარმყოფელ ლეონს. ცხოვრების განსაცდელის წინაშე შეფარდებითია სიკეთის ძალა, ერთგულება, გონიერება, სათნოება. სინამდვილის ლოგიკას ადამიანის გონითი ცხოვრების პრინციპები არ განსაზღვრავენ. აქ ყველაფერი ილუზორულია, მოჩვენებითი, მყარ საფუძვლებს მოკლებული და წარმავალი. ესაა მთელი ეპოქის დამახასიათებელი მოტივი, რომლითაც „სიბრძნე სიცრუისა“ უშუალოდ ეხმაურება XVII საუკუნის კულტურის პრობლემატიკას და მატარებელია მისი სტილური ნიშნებისა. ამ მანიშნებელს განსაზღვრავს ადამიანის კონცეფციის ის პრინციპი, რომელიც საერთოა მთელი იმდროინდელი კულტურული სამყაროსთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც შეირყა რენესანსული რწმენა ადამიანის სიდიადის და ღვთაებრიობისა. ამიერიდან ადამიანი ხასიათდება, როგორც „კნინი“ და ცხოვრების ცვალებადობის გამო ბედისწერას დამორჩილებული არსება. ადამიანზე საწუთროს ირაციონალური კანონები ბატონობენ. სამყაროს ქაოსსა და აბსურდულობაში ადამიანის ქმედებას განსაზღვრავს არა მისი გონიერება და ენერგია, არამედ შემთხვევითობანი. სულხან-საბა ორბელიანის ადამიანი, მსგავსად თეიმურაზ პირველის, არჩილის, ვახტანგ მეექვსის, ბესიკის შემოქმედებაში გამოკვეთილი ადამიანისა, ისტორიული კრიზისის ნაყოფია. „სიბრძნე სიცრუის“ პათოსი „ტრაგიკული ჰუმანიზმია“.
„სიბრძნე სიცრუის“ ყოველი ამბავი (ეს განსაკუთრებით ეხება ლეონის თავგადასავალს) წარმოადგენს არა მხოლოდ „შემთხვევას“ ან „შემთხვევათა“ ჯაჭვს, არამედ გმირის განსაცდელისა და მისი პროვოცირების ასპარეზს. შემთხვევად აქ განიხილება ის სიტუაცია, რომელშიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება უხდება ადამიანს და რომლის მიხედვითაც კეთდება გარკვეული მორალისტური დასკვნა. ასეთი სიტუაციები ზოგჯერ ალტერნატიულია, ზოგჯერ კი არჩევანის თავისუფლებას დამყარებული. ამგვარი არჩევანის მაილუსტრირებელი მასალა „სიბრძნე სიცრუეში“ ორი რიგისაა. ერთია ადამიანთა ყოფის ცვალებადი, მშფოთვარე და სასოწარმკვეთი გარემო, მეორეა ალეგორიული სამყარო. ალეგორიული ელემენტები რეალობის მხატვრულ ქსოვილში იხლართება. ასე იქმნება საწუთროს, ორგემაგეობის“ წარმოსახვის ორი ასპექტი. ერთია რეალისტური, მეორე — მეტაფორული, სატირულ-დიდაქტიკური, რომელიც ალეგორიულობის პირობითობაშია განზავებული.
სულხან–საბა ორბელიანი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც გაარღვია წოდებრივი ინტერესებით აღბეჭდილი ლიტერატურული შტამპი და გვიჩვენა წოდებრივი იერარქიის ორივე კიდეზე გამეფებული აბსურდულობა. „სიბრძნე სიცრუისა“ არის თავისებური პანოპტიკუმი, რომელშიც იერარქიის უმაღლესი საფეხურიდან უმდაბლესამდე განფენილი სხვადასხვა ტიპები მოქმედებენ. ამაშია „სიბრძნე სიცრუის“ დემოკრატიზმი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ლეონის თავგადასავალში შეკუმშული სახით დაცულია იმდროინდელი ქართული მწერლობისთვის თვისებრივად ახალი „თაღლითური რომანის“ გმირის — პიკაროს მოდელი. „სიბრძნე სიცრუის“ გმირები ხშირად იცინიან, მაგრამ მათი სიცილი აღარ არის რუსთაველურ-რენესანსულ გმირთათვის დამახასიათებელი სილაღისა და ჰუმორის გამოხატულება; მათი სიცილი ცრემლში განზავებული სიცილია, სიმწრის სიცილი. ადამიანის ცხოვრებისეული ენერგიის სიცილში გამოხატულ ბოკაჩოს ან რაბლესეულ პათოსს საბას ნაწარმოებში ენაცვლება სასოწარკვეთილების ისტერია, რომლიდანაც ორსახოვანი იანუსივით მოგვჩერებია „მოტირალისა და მოცინარის“ სახეები. მოტირალი იმას გოდებს, რის გამოც სიცილით იგუდება მოცინარი და პირუკუ — მოცინარს სასაცილოდ მიაჩნია მოტირალის საზრუნავი. სიცილის საბასეული კონცეფცია ყველაზე ნათლად „ლოდის დამგორებელშია“ გამოხატული. ეს არაკი სიზიფეს მითის თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საბას მიხედვით, აღმართზე ტანჯვით ლოდის ატანა და მწვერვალიდან მისი დაგორება, როგორც დაუსრულებელი გარჯა, განგებით კი არა, ადამიანისავე ნება-სურვილით ხდება. ცხოვრების სისავსის, მისი ჭირისა და ლხინის შეცნობა ოქროსა და სიმდიდრეში არაა. სხვა ქონება და საზრუნავი, გარდა ამ ლოდისა, დამგორებელს არ გააჩნია. ლოდის აღმართზე ატანის დროს იგი „ხვნეშოდის და, რა დააგორის ლოდი, იცინოდის“. ადამიანის ცხოვრების ჭირისა და ლხინის საზომად მისი ქონებრივი მდგომარეობა არ გამოდგება. ლოდის დამგორებელი გვაუწყებს: „ერთი ცოტა ქვა მაქვს და ჭირი და ლხინი ორივე დიდიო“. მეტის მქონებლებმა ზოგჯერ ესეც არ იციან სიცილი აქ არსებობის უაზრობის გაცნობიერებისა და სასოწარკვეთის შედეგია და არა ცხოვრებით ტკბობისა და დადებითი ემოციების ნაყოფი.
„სიბრძნე სიცრუისა“ ხალხური თქმებითა და ფოლკლორული ფორმით მდიდარი ნაწარმოებია. ხალხურია იგი თავისი დემოკრატიზმით მაგრამ „სიბრძნე სიცრუის“ მხატვრული ამოცანები და ფოლკლორთან საბას დამოკიდებულების პრინციპი სულაც არ ნიშნავს ხალხურ თქმულებათა და იგავთა შემკრების ამოცანებთან მის გაიგივებას. ამგვარი თვალსაზრისი შეცდომა იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ „სიბრძნე სიცრუის“ ნოველათა და იგავ-არაკთა უმრავლესობას შეადგენს არა საკუთრივ ეროვნული ლოკალით შემოსაზღვრული ამბები, არამედ იგავებისა და ზღაპრების საერთაშორისო კუთვნილებად ქცეული უპიროვნო სიუჟეტები. ამ სიუჟეტების გავრცელების ქრონოლოგია შორეულ წარსულში იკარგება, ხოლო არეალი — ძველი აღმოსავლეთიდან ევროპულ სამყარომდე. სწორედ ეს მოარული სიუჟეტები აქცია საბამ თავისი ეპოქის ქართული საზოგადოების თვითგაგების, თვითმხილებისა და თვითშეგნების გამოხატვის ფორმად.
„სიბრძნე სიცრუის“ ენა და სტილი ეპოქის პრეციოზული სტილის ღრმა ცოდნისა და მასთან პოლემიკის ნიმუშია. საბა კარგად იცნობს დანტური აღმოსავლური ორნამენტალიზმით მოსილ სტილს. ასე გვიხატავს საბა მეფის ძის სიტყვიერ პორტრეტს: „სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კაშკაშებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი ორის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა“, მაგრამ ამ სტილს საბა უპირისპირებს ცხოვრების ულმობელ რეალობას, რომლის ლოგიკითაც ირღვევა პრეციოზული ცხოველხატულობა და ენობრივ ქსოვილში წინა პლანზე დგება ფხიზელი რეალიზმoს სადა მეტყველება.
„სიტყვის კონა“
სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრეობიდან ქართული კულტურის უძვირფასეს შენაძენს წარმოადგენს მისი „სიტყვის კონა“. მასზე მუშაობა საბას ახალგაზრდობაშივე დაუწყია, კერძოდ, 1685 წელს. „მე, სულხან საბა ორბელიანსა ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიადი შრომა დამიცს ამა წიგნსა ზედა“, — გვაუწყებდა თავად ავტორი. წიგნის პირველი რედაქცია საბას ბერად შედგომის წინ დასრულდა — 1698 წელს. ეს ნაშრომი იმდროინდელი ლექსიკოგრაფიულ ძიებათა უბადლო ნიმუშია. იმდროინდელი ენობრივი კონცეფციის მსგავსად, საბას ლექსიკონი ენაზე ატომისტური შეხედულების ნაყოფია. ეროვნული ენა — აქ განიხილება არა როგორც გრამატიკული სისტემა, არამედ როგორც სიტყვათა ერთობლიობა. ლექსიკონში უხვადაა გამოყენებული როგორც ძველი მწერლობის ძეგლები, ისე ფილოსოფიური წყაროები და ტერმინოლოგია. საბა არ ერიდება ენის დიალექტურ მონაცემთა აღნუსხვას და იძლევა ქართულ-უცხოურ შესატყვისობებსაც. ამავე დროს, ლექსიკონში უხვადაა წარმოდგენილი უცხო პირთა, ქვეყნებისა და გეოგრაფიული სახელების განმარტებანი ყოველივე ამის გამო საბას ლექსიკონს ზოგჯერ ენციკლოპედიურობის ელფერი დაჰკრავს.
თხზულებანი
დავითგარეჯის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდს (1698-1710) განეკუთვნება საბას ორი სასულიერო ხასიათის თხზულება: „სწავლანი, თქმულნი სულხან-საბა ორბელიანის მიერ“ და „საქრისტიანო მოძღვრება, პირველად სასწავლო ყრმათათვის, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი“. „სწავლანი“ 46 ჰომილიისგან ანუ ქადაგებისგან შედგება. ყოველი ჰომილია რომელიმე საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვაა. ისევე როგორც „სიბრძნე სიცრუისაში“, „სწავლანში“ სრულად გამოვლინდა საბას ორატორული ტალანტი. „სწავლანი“ ზნეობრივი დისციპლინებულობისკენ მომწოდებელი დოკუმენტია. ეს მომენტი საბას მიერ დაქვემდებარებულია როგორც სარწმუნოებრივი, ისე ეროვნული და პოლიტიკური ამოცანებისადმი. ისევე, როგორც გარეჯის ლიტერატურული სკოლის საერთო სულისკვეთებისთვის არის დამახასიათებელი, საბას „სწავლანშიც“ საილუსტრაციო მასალის მოხმობისას ნათლად ჩანს პიეტისტური მიდრეკილებები. მორალური სტოიციზმის ნიმუშები საბასთვის მაცხოვრის თავგადასავლის ემოციური ეპიზოდებია.
„საქრისტიანო მოძღვრება“ თეოლოგიის თავისებური სახელმძღვანელოა. იგი დიალოგის, კითხვა-მიგების ფორმითაა დაწერილი. „მოძღვრება“ იძლევა სავალდებულო ინფორმაციას ქრისტიანული დოგმებისა და რიტუალის ირგვლივ. მაგრამ „საქრისტიანო მოძღვრება“ იმ მხრივაც არის საყურადღებო, რომ მასში ნათლად აისახა საბას შეუნიღბავი სიმპათიები კათოლიციზმისადმი. კერძოდ, ეს ეხება თხზულებაში ნათლად გატარებულ იდეას რომის პაპის პრიმატობისა, რის გამოც „სამოთხის კარს“ კლერიკალურ წრეებში „ჯოჯოხეთის ბჭე“ ეწოდა და საბას ნაწერებზე მკაცრი საეკლესიო ცენზურა იქნა დაწესებული.
სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიით ევროპაში ყოფნის შედეგად შეიქმნა სამოგზაურო-მემუარული ხასიათის ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში“. მოგზაურობა ჩვენამდე ფრაგმენტული სახითაა მოღწეული. სხვადასხვა ხელნაწერში. თხზულება განსხვავებული სახელწოდებით არის ცნობილი. „მოგზაურობა“ დაწერილია გამოცდილი დიპლომატის, მოაზროვნისა და მწერლის მიერ. თხზულება საყურადღებოა როგორც პოლიტიკური, ისე გეოგრაფიული, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურულ-სამეცნიერო თვალსაზრისით.
1716 წ. ივლისში ევროპის მოგზაურობიდან დაბრუნებულ საბას ვახტანგ მეექვსემ „გასაჩალხავად“ გაუგზავნა „ქილილა და დამანა“. ამ ნაწარმოების თარგმნაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირს უშრომია. „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია ყველა წინა რედაქციის სტილისტურად განსხვავებული ძეგლია. გარდა თხზულების აღმზრდელობითი მნიშვნელობისა, საბას რედაქციით „ქილილა და დამანამ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პერიოდის ქართული სტილისტიკის განვითარების საქმეში. ამ თხზულებაში სრულყოფილად გაიშალა სიტყვისადმი არტისტული დამოკიდებულების საბასეული მანერა. „ქილილა და დამანაში“ ჩართულია საბას მიერ გალექსილი რამდენიმე ეპიზოდი. ასევე ჩაურთავს საბას რამდენიმე სტროფი თეიმურაზ პირველის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა“.
ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია და სიძველეთსაცავებში მზის შუქს ელის საბას შემდეგი თხზულებები: „აღთქმა ქრისტიანეთა, რომელთა ენებოს სწავლებად კეთილისა გზისა ჟამსა სიკვდილისასა“, „შენდობის წიგნი წმიდისა პაპისა რომაელისა მიტევებისათვის ცოდვილთა მონანულისა“, „ცოლ-ქმართ ნათესავნი ქმრისა და ცოლის ხორც-ერთობისა და მათთან ნათესავთა ერთობისათვის“ და „წამება წმიდისა ფლავიოს კლემენტოსისა“.
თარგმანები
„სიბრძნე სიცრუისა“ ორჯერაა თარგმნილი რუსულად, თარგმნილია აგრეთვე ინგლისურად, გერმანულად, უნგრულად, პოლონურად, ჩეხურად, სომხურად, უკრაინულად.
თხზულებანი
- თხზულებანი 4 ტომად, ტ. I — II — 1959, ტ. III —1963, ტ. IV-1965.
ლიტერატურა
- მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 1902 [[1]];
- ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი. ტ. II, 1909 [[2]];
- კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. II, 1958 [[3]];
- შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, II, 1958 [[4]];
- გ. ლეონიძე, სულხან-საბა ორბელიანი, წიგნში: „სიბრძნე სიცრუისა“, 1928;
- ლ. მენაბდე, სულხან-საბა ორბელიანი, 1953;
- ი. ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან, 1959;
- ა. ბარამიძე. სულხან-საბა ორბელიანი, 1959;
- მ. ქავთარია, გარეჯის ლიტერატურული სკოლა, 1960.