აბულაძე ილია
ილია აბულაძე - (24.11.1901, ქუთაისის გუბერნია, შორაპნის მაზრა, სოფელი ზემო საქარა, — 09.10.1968, ქ. თბილისი), ქართველოლოგი, არმენოლოგი, ლექსიკოლოგი, პალეოგრაფი, წყაროთმცოდნე, ფილოლიურ მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1950), „საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფლის მღვდლის (შემდგომში მასწავლებლის) ვლადიმერ აბულაძის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში, საშუალო — ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში.
1922 წელს ილია აბულაძე ჩაირიცხა თსუში. 1926 წელს წარჩინებით დაამთავრა პედაგოგიკის ფაკულტეტის სიტყვიერების, ხოლო 1929 წელს — იმავე ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილებები.
1929–1932 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ძველი ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1932 წწლს დაინიშნა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების სწავლულ მდივნად. 1934 წელს დაიწყო ლექციების კითხვა ძველ სომხურ ენაში თსუ-ის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგში იქვე კითხულობდა კურსს ახალ სომხურ ენაში, ისტორიის ფაკულტეტზე კი - ძველ ქართულ ენაში. 1934-1937 წლებში ილია აბულაძე მუშაობდა თსუ-თან არსებულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1937-1942 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აკადემიკოს ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი. 1938 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „იაკობ ცურტაველი. „მარტლობალ შუშანიკისი“, ქართული და სომხური ტექსტები გამოკვლევებით, ვარიანტებით, ლექსიკონითა და საძიებლებით“. 1940 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება და იმავე წლიდან დაენიშნა სახელობითი სტიპენდია სადოქტორო დისერტაციაზე სამუშაოდ. 1953 წწლს ილია აბულაძე დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ.
1958 წელს აბულაძის თაოსნობით - ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეული — ხელნაწერთა ინიტუტი (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), რომელსაც კ. კეკელიძის სახელი - მიენიჭა. იგი გარდაცვალებამდე ამ ინსტიტუტის დირექტორი.
ილია აბულაძემ ინსტიტუტის დაარსების პირველი დღეებიდანვე გადაუდებელ საქმედ მიიჩნია სხვადასხვა დაწესებულებიდან ხელნაწერების (როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი), ისტორიული დოკუმენტების, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების ინსტიტუტში თავმოყრა, მათი დაბინავება, არქეოგრაფიული შესწავლა, რესტავრაცია-კონსერვაცია, ვრცელი აღწერილობებისა და კატალოგების შედგენა. მან შეიმუშავა ხელნაწერთა აღწერის პრინციპები, რომლის შესაბამისადაც აღიწერა ხელნაწერთა ინსტიტუტში თავმოყრილი ყველა კოლექცია. ჯერ კიდევ 1946 წელს ილია აბულაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციის აღწერილობის 1 ტომი, ხოლო 1947 წელს ასევე მისი რედაქტორობით გამოიცა ივ. ჯავახიშვილის „სინის მთის ქართული ხელნაწერების აღწერილობა“. აბულაძის ინიციატივით აღიწერა თელავის, ცაგერის, ახალციხის, გორის, სვანეთის ხელნაწერები, ჩატარდა საისტორიო დოკუმენტებისა და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა პირადი არქივების კატალოგიზაცია და საძიებლების შედგენა, სომხურ და აღმოსავლურ ხელნაწერთა (სპარს. თურქ. არაბ.) აღწერილობების მომზადება. მისი ღვაწლი სიძველეთა მოპოვების, მოვლა-დაცვისა და მათი საფუძვლიანად შესწავლის საქმეში სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებულია.
ილია აბულაძემ თავისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქართველოლოგიის, ასევე არმენოლოგიის განვითარებაში. მისი სამეცნიერო კვლევა-ძიების ძირითადი საგანი იყო ქართველებისა და სომხების მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობის საკითხები.
ილია აბულაძემ განაგრძო ქართულ-სომხური ფილოლოგიის ძიების ძვ. ტრადიციები; თავის ნაშრომებში ნათელყო ქართულ-სომხური ლიტერატურულ - ენობრივი, იისტორიულ კავშირებისა და ურთიერთობათა არსებობა, დაარღვია ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მრავალი მცდარი მოსაზრება და მართებული და სწორი მეცნიერული ახსნა-განმარტება მოუძებნა მათ. ამ ხასიათის ნაშრომთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რომელიც როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენაზეა შემონახული. აბულაძემ ქართული და სომხური ხელნაწერებისა და მთელი რიგი მასალის საფუძვლიანად შესწავლის შედეგად მეცნიერულად დაამტკიცა, რომ „შუშანიკის წამების“ ქართული ტექსტი ორიგინალია, სომხური კი მის თარგმანს წარმოადგენს.
ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომი, რომლითაც ილია აბულაძემ საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველოლოგიასა და არმენოლოგიაში, არის მისი სადოქტორო დისერტაცია - „ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X საუკუნეებში“. როგორც მან გაარკვია, IX-X საუკუნეების ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობების შედეგად შექმნილი ძეგლები შინაარსის მიხედვით სამ დარგს განეკუთვნება: ჰაგიოგრაფიულს, ეგზეგეტიკურსა და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურს.
ილია აბულაძემ თავის ამ გამოკვლევაში, სხვა მრავალ საყურადღებო საკითხთან ერთად, სომხური ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობისათვის ერთ ფრიად საგულისხმო საკითხსაც მიაქცია ყურადღება — ქართულ-სომხური ტექსტების შესწავლისა და მთელ რიგ წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით, მოსე ხორენაცის „სომხეთის ისტორიის“ დათარიღებასთან დაკავშირებით ავტორი უაღრესად მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა. როგორც ცნობილია, VIII საუკუნის წერილობითი ძეგლის, ნერსეს მთავარეპისკოპოსის მარტვილობის წიგნის, წყაროს მოსე ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეს უკანასკნელი VIII საუკუნეზე გაცილებით უფრო ადრე უნდა არსებულიყო. აბულაძის ასეთი დაკვირვების შედეგად სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდი მოსე ხორენაცის IX საუკუნის მოღვაწედ გამოცხადების თაობაზე. ააბულაძემ თავის ნაშრომში საინტერესოდ წარმოადგინა ძველი ქართ. ლიტერატურის ერთი ახალი ფურცელი: „ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო წრის შემოქმედება“ და როგორც ქართველოლოგიისათვის, ასევე არმენოლოგიისათვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გაარკვია და დააზუსტა.
მთელ რიგ შრომებში აბულაძე იკვლევს ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობის საკითხებს რუსთაველის ეპოქაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები: „რუსთაველის ხანის ქართული ფილოსოფიური მწერლობის კიდევ ერთი ძეგლის თარგმანი ძველ სომხურზე“, „რუსთაველის ხანის ქართულიდან ნათარგმნი ძველი სომხური მწერლობის ძეგლები“ და სხვ.
აბულაძემ ორჯერ გამოსცა (მოკლე – 1937 წ. და ვრცელი — 1957 წ.) უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლი „სიბრძნე ბალავარისა“, რომლის ბერძნული თარგმანი ექვთიმე მთაწმინდელს მიეწერება. უძველესი რედაქციების მიხედვით, აბულაძემ გამოაქვეყნა ძველი ქართული ენისა და სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები „საქმე მოციქულთა (1950), „მამათა სწავლანი“, „ასურელ მოღვაწეთა“ ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები“ (ორივე 1955), „ლიმონარი“ (1960), ბასილი დიდის „ექუსთა დღეთავსა“ და გრიგოლ ნოსელის „კაცისა აგებულებისათვს“ (1964) და სხვ. 1965-1966 წლებში საბა-სულხან ორბელიანის თხზულებათა IV ტომში ორ ნაკვეთად გამოქვეყნდა აბულაძის მიერ ავტოგრაფიულ ნუსხებზე დაყრდნობით გამზადებული სულხან-საბას „ქართული ლექსიკონის“ კრიტიკული ტესტი.
ქართული მწერლობის სხვა მნიშვნელოვან ძეგლებთან ერთად, აბულაძე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ჰომილეტიკური ლიტერატურის ადრინდელი (V-X სს.) ნიმუშების შემცველი კრებულის, „მრავალთავის“, სომხური წყაროების კვლევას.
აბულაძემ ნაშრომში — „მხითარგოშის ტრაქტატი ქართველთათვის“ — წარმოაჩინა აღნიშნული დოკუმენტის არსი, მისი მნიშვნელობა მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის, საერთოდ, მწვალებლობათა ისტორიის შესასწავლად და დაადგინა მისი წყაროები. ავტორის დაკვირვებით, დიოფიზიტთა მიმართ პასუხის გასაცემად მხითარს ხელთ ჰქონია ანტიმონოფიზიტური ნაწერების კრებული, ე.წ. „დოღმატიკონი“, რომლის ქართული რედაქცია არსენ ვაჩეს ძეს ეკუთვნის და რომელშიც სომეხთა განმაქიქებელი რვა თხზულებაა შესული. აბულაძეს უფრო შესაძლებლად მიაჩნია იმის დაშვება, რომ მხითარ გოში სარგებლობდა (თუ უშუალოდ არა, სხვისი დახმარებით) ამ კრებულის ქართული რედაქციით და არა ბერძნულით.
აბულაძეს დიდი წვლილი მიუძღვის „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანის ტექსტის, მისი მთარგმნელის ვინაობისა და მოღვაწეობის ხანის დადგენის საქმეში.
თავის გამოკვლევებში იგი შეეხო სომხურ საისტორიო მწერლობასაც. გამოაქვეყნა „იოანე დრასხანაკერტელის ცნობები საქართველოს შესახებ“, „მათეოს განძასარელის ცნობა ქართველთა მეფის, კონსტანტინეს, შესახებ“ და სხვ.
განსაკუთრებით საყურადღებოა აბულაძის მრავალწლიანი ლექსიკოგრაფიული მუშაობის შედეგი - „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“, რომელიც 1973 წ., მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა. ეს ლექსიკონი ემყარება აბულაძის მიერ შედგენილ ძველ ქართულ და ძველ სომხურ დოკუმენტირებული ლექსიკონის მასალას, ამოკრებილს V-XI საუკუნეების როგორც გამოქვეყნებული, ასევე ხელნაწერების სახით შემორჩენილი ქართული და მათი შესაბამისი სომხური ძეგლებიდან. მნიშვნელოვანია მის მიერ შედგენილი „ძველი სომხური ენის ქრესტომათია“ და “ქართული ენა“ (სომხ. სკოლებისათვის), რომლებიც რამდენჯერმე გამოიცა.
აბულაძის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი „ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი“, რომელშიც, ხელნაწერების მონაცემებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების გზა.
აბულაძის ნაშრომები, რომლებიც, ძირითადად, ძველი ქართული მწერლობის კვლევას ეძღვნება, მიზნად ისახავს როგორც ქართული ორიგინალური ნიმუშების, ასევე ბერძნული, არაბული და სომხური ენებიდან თარგმნილ ჰაგიოგრაფიულ, ასკეტიკურ, ბიბლიოლოგიურ, ეგზეგეტიკურ, ჰომილეტიკურ თხზულებათა შესწავლას. აბულაძე იყო არაერთი კოლექტიური ნაშრომის გამოცემის ინიციატორი, მონაწილე და რედაქტორი. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ქართული ბიბლიისა“ და „ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ გამოქვეყნება.
აბულაძე მხოლოდ ფილოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევით არ იფარგლებოდა. მას კარგად ჰქონდა გააზრებული ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინების აუცილებლობა და ხელნაწერთა ინსტიტუტში დიდ ყურადღებას აქცევდა ისტორიის სხვადასხვა დარგის (ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, წყაროთმცოდნეობა) შესწავლას, რითაც დიდი ამაგი დასდო მათ განვითარებას.
ე. ცაგარეიშვილი
თხზულებები
- ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, თბ., 1955;
- იაკობ ცურტაველი, „მარტელობა შუშანიკისი“, ქართული და სომხური ტექსტები, თბ., 1938;
- „მამათა სწავლანი“, X-XI სს. ხელაწერების მიხედვით, თბ., 1955;
- ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X საუკუნეებში, თბ., 1944;
- ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი (გამოცემულია ორჯერ — 1949 და 1973 წლებში);
- საქმე მოციქულთა ძველი ხელნაწერების მიხედვით, თბ., 1950;
- ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართულ-სომხური ძეგლები, თბ., 1953;
- ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973.
ლიტერატურა
- გამყრელიძე ა., პროფ. ილია აბულაძე, კრ.: „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ი. აბულაძის ხსოვნას), ტ. 1, თბ., 1971;
- კრ.: „ილია აბულაძე 100“, თბ., 2003.