რაჭული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაჭულიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ეთნოგრაფიული კუთხის – რაჭის მოსახლეობა. რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, დასავლეთით – ლეჩხუმი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – ქართლი.

დიალექტური თვალსაზრისით რაჭული ოთხ კილოკავად იყოფა: რივნისთაური (ღები, ჭიორა), გლოლური, ზემორაჭული და ქვემო რაჭული. ღები და ჭიორა მჭიდროდ უკავშირდება სვანეთს და ამიტომ მათში სვანური სუბსტრატიც ხელშესახებია. გლოლურს ემჩნევა აღმოსავლურ ქართულ დიალექტებთან ურთიერთობის კვალი, ლექსიკაში ვლინდება ოსურთან კონტაქტიც. ქვემორაჭულს ორ თქმად ყოფენ – ქვემო რაჭის მთიანი ნაწილის მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ზემორაჭულთან და უკავშირდება ზემოიმერულსაც, და რიონის დაბლობში მობინადრე რაჭველების მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ლეჩხუმურთან. საკუთრივ რაჭულის თავისებურებანი ყველაზე უკეთ ჩანს ზემორაჭულში.

რაჭულისთვის დამახასიათებელია მეტყველების დინჯი კილო. რივნისთაურისა და გლოლურის ინტონაცია უახლოვდება აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას. ბგერათა სისტემის თვალსაზრისით თავისებურება შეინიშნება გლოლურში: წარმოდგენილია ჲ და უკანაენისმიერი , რივნისთაურში დასტურდება ჷ, გლოლურში (ზეპ. პოეზია) – იშვიათად ჴ.

რაჭულში ხმოვანთა (ასევე თანხმოვან-ხმოვანთა) კომპლექსები ფონეტიკურად უფრო მდგრადია, ვიდრე ქართული ენის სხვა დიალექტებში.

სახელობით ბრუნვაში გლოლურში გვაქვს -ი, -ჲ, მოთხრობითში ხმოვანფუძიანებთან – -მა, ნათესაობითსა და მოქმედებითში – -ჲს, -ჲთ. უთანდებულო მიცემითით გამოიხატება ადგილისა და დროის გარემოება: „ღებს მიდიოდა“, „ისე ვწვებოდით ზამთარს“. ნანათესაობითარი მიცემითით გამოიხატება: ადგილი (გლეხისას), დრო (გათენებისას), კუთვნილება (ჩვენსას ჯვარი დაგვიწერეთ), მასალა (სპილენძისას აკეთებდნენ კარდლეფს). რაჭულის ყველა კილოკავში გვხვდება მავრცობი -.

სახელთა მრავლობითი რიცხვის ძირითადი მაწარმოებელია -ებ. გლოლურში -ებ ზოგჯერ რთულდება -ნ ფორმანტით (ვაჟაებნი), აქვე საკმაოდ ხშირია -ნ/-თ სუფიქსიანი წარმოება.

გლოლურში შეინიშნება თვლის ოცობითი სისტემის თავისებური გამოხატულება: ექვსოცი (ასოცი).

გვარტომობის სახელები გლოლურში იწარმოება -ეთ სუფიქსით, რივნისთაურში – -იან და -ენ სუფიქსებით.

ზმნის თავისებურებათაგან ყურადღებას იქცევს შემდეგი: გვხვდება ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები. ხშირია თემის ნიშანთა ცვალებადობა და მონაცვლეობა (უპირატესად მთარაჭულში), ზმნის ხმოვანი პრეფიქსების თავისებური გამოყენება. ზოგი ფუძე თავისებურად იწარმოება (ჯდ-ი-ა || ჯ-ი-ს, ჯდ-ი-ან – ზის). სუბიექტური II და ობიექტური III პირის ნიშნები კილოკავებში მეტ-ნაკლებად დაცულია. გლოლური ერთადერთი კილოკავია ქართული ენისა, სადაც მრავლობითი რიცხვის ნიშნად არის -ნ (კავშირებითის პარადიგმებში: გწყალობდენ, იყონ, ყოფილიყონ).

მიცემითში დასმული სახელის (RS) მრავლობითობა გლოლურში არ აღინიშნება, აქ ძველი ქართულისებრი ვითარებაა. არსებითი სხვაობაა რაჭულის კილოკავებს შორის მრავლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის აღნიშვნის თვალსაზრისითაც. ქვემორაჭულში ძირითადია -ენ (ზოგჯერ -ან) – წასულ-ენ (წასული-ან); ნამყო ძირითადში -ენ არის მხოლოდ გარდაუვალ ზმნებთან (გეიზარდ-ენ). ზემორაჭულში -ენ ძირითადი მაწარმოებელია (წერ-ენ), თავს იჩენს-ნ-ენ სუფიქსის ადგილას (წერდ-ენ); გარდამავალ ზმნათა ნამყო ძირითადში არის -ეს (დაწერ-ეს). ანალოგიური მდგომარეობაა რივნისთაურშიც. გლოლური პრინციპულად განსხვავდება: -ეს სუფიქსი გვაქეს ნამყო უსრულსა (წერდ-ეს წერდნენ) და ნამყო ძირითადში: გარდამავალ ზმნებთან – დაწერეს, გარდაუვალ ზმნებთან – გაკეთდეს გაკეთდნენ.

პრეფიქსიანი ენებითის ფუძე -ენ → -ნ სუფიქსით რთულდება (გავემზადენით). -ეს არის ორვალენტიან გარდაუვალ ზმნათა II შედეგობითშიც (II თურმეობითში): დახვედროდ-ეს (= დახვედროდენ).

გლოლურში პირდაპირი ობიექტის მრავლობითობა, ძველი ქართულის მსგავსად, -ენ → -ნ სუფიქსით გამოიხატება (მე ისინი ვნახ-ენ). ინვერსიულ ზმნებში რეალური ობიექტის მრავლობითობას აღნიშნავს: 1. -ან – აწმყოსა და I შედეგობითში. უსულო საგნის მრავლობითი რიცხვი არ აღინიშნება; 2. -ეს || -ენ – ნამყო უსრულისა და პირობით-ხოლმეობითში, I შედეგობითში; 3. -ნ – სამსავე კავშირებითში. მიცემითში დასმული სახელის მრავლობითობა აღინიშნება ყველა კილოკავში, გარდა გლოლურისა. გამოყენებულია -ყე და -ით ფორმანტები (-ყე გლოლურში საერთოდ არ არის). -ყე ფორმანტით აღინიშნება გრამატიკული ობიექტების (პირდაპირი და ირიბი) და რეალური სუბიექტის მრავლობითობა, -თ ფორმანტით – I-II სუბიექტურ პირთა მრავლობითობა. ბოლო ხანებში შეინიშნება -თ ფორმანტის ფუნქციის გაფართოება -ყე ფორმანტის დაკარგვის ფონზე.

რაჭულის ოთხსავე კილოკავში მკვიდრადაა წარმოდგენილი III კავშირებითის ფორმები. ხშირია (განსაკუთრებით გლოლურში) ვითარებითბრუნვიანი მასდარული კონსტრუქციები: წავიდა ნადირობად (I სანადიროს). დაუდეს სმად-

რაჭულში გავრცელებულია ქვე || ქე და ჭი (<ჭირიმე) ნაწილაკები. ასევე ფართოდაა გავრცელებული სახელთა კნინობით-საალერსო ფორმათა წარმოება. ძირითადი მაწარმოებლებია -ა, -იკ, -უკ–ა, -ინ–ა, -უჩ–ა, -იკ-უნა, -იკ-ელი-ა.-

ლექსიკაში გამოიყოფა არქაული ფენა (განსაკუთრებით რიენისთაურსა და გლოლურში: რხმალი, ოვს…), ოსურიდან ნასესხები ფუძეები (ნახშობა – ლაპარაკი). ყურადღებას იქცევს სემანტიკური გადახრები – ტან-ფეხი „ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“, პატარა გლეხი „ხელმოკლე გლეხი“. საინტერესოა უძველესი დღესასწაულების ამსახველი ლექსიკა – ბოსლობა, სამალულო, ჩიტიფაფაობა და სხვ.

რ. ლანდია


ლიტერატურა

  • თოფურია ე. მთარაჭულის დახასიათებისათვის, – „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“. II, თბ. 1961;
  • ძიძიგური შ. რაჭული დიალექტი. – იხ. მისი: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ. 1970;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, 1, თბ. 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები