კახური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახურიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს ისტორიული კახეთის – ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების მოსახლეობა. კახურის ტერიტორიული გავრცელების ჩრდილოეთ საზღვარი გასდევს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რომლის გადაღმა მდებარეობს თუშეთი, თუშურ დიალექტზე მეტყველი მოსახლეობით, და დაღესტანი, ძირითადად ხუნძურ ენაზე მეტყველი მოსახლეობით; აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი და ალაზნისა და ივრის ქვემო დინების დაუსახლებელი ველები მეცხვარეთა საზამთრო საძოვრებით; სამხრეთით – თბილისისა და რუსთავის რაიონები – ქვემო ქართლის ტერიტორიები აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით; დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით – ქართლი მტკვრისა და არაგვის ხეობებით, და ერწო-თიანეთი, რომლის მოსახლეობაც მეტყველებს ფშაურ-ხევსურული დიალექტური ენობრივი მოვლენებით დიდად გაჯერებულ თიანურ კილოზე. მთლიანად კახეთში საკმაოდ ბევრია, ერთი მხრივ, ქართული ენის დიალექტებზე – თუშურ, ფშაურ, ხევსურულ, მთიულურ, იმერულ კილოებზე მეტყველი, ხოლო მეორე მხრივ, არაქართულენოვანი – ოსური, ქისტური, აზერბაიჯანული, რუსული სოფლები, რომელთა მოსახლეობაც სხვადასხვა დროსა და პირობებშია აქ მიგრირებული. ეს გარემოება საგრძნობ დაღს ასვამს კახურ მეტყველებას, განსაკუთრებით მის ლექსიკას.

კახური სამ კილოკავად გაიყოფება: შიგნიკახური, რომელზედაც მეტყველებს ალაზნის ველის – ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის რაიონების მოსახლეობა; გარეკახური – გურჯაანის რაიონის ნაწილი და საგარეჯოს რაიონის სოფლების მოსახლეობა, და ქიზიყური – სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონების მოსახლეობა, შიგნიკახური და გარეკახური ერთმანეთისაგან მხოლოდ მეტყველების ინტონაციით განსხვავდება, ქიზიყურს კი ორივესაგან, მკვეთრად გამოხატული ინტონაციის გარდა, ფონოლოგიური და გრამატიკული ნიშნებიც განასხვავებს.

კახურის ფონოლოგიურ ინვენტარში სალიტერატურო ქართულისაგან განსხვავებული ორი ერთეული მოიპოვება: ფარინგალური ყრუფშვინვიერი ხშული აფრიკატი ჴ და შუაენისმიერი მჟღერი სპირანტი ჲ. ჴ ქიზიყური კილოკავისათვისაა დამახასიათებელი და იქ იგი ფონოლოგიური ღირებულებისაა: ჴელი, ჴმალი, ჴორცი, ფეჴი … მისი დისტრიბუცია ისეთივეა, როგორიც ძველი სალიტერატურო ქართულსა და ამ ფონემის მქონე ქართული ენის მთის დიალექტებში. კახურის სხვა კილოკავებში, იმავე ლექსიკურ ერთეულებში – უფროსი თაობის მეტყველებაში, იგი სპორადულად მონაცვლეობს ხ სპირანტთან.

ჲ დამახასიათებელია ყველა კილოკავისათვის. იგი სიტყვის ფუძეში ს და შ სპირანტების რეფლექსია პოზიციაში V-C (წინაენისმიერი მკვეთრი): ტაჲტი, მუჲტი, ფლოჲტი, ნაჲწავლი. გვხვდება II სუბიექტური და III ობიექტური პირების პრეფიქსებად აგრეთვე V-C პოზიციაში, რომელსაც ქმნის ზმნისწინის ხმოვანი და ფუძისეული თანხმოვანი: მოჲტეხა, მოჲგლიჯა, შეჲხედა, დაჲფანტავს, არ გაჲფანტო… ან წინამავალი სიტყვის ემფატიკური ა და ზმნის ფუძის თანხმოვანი: რასა ჲფიქრობ? დედასა ჲკითხა, მეზობელსა ჲთხოვა… აქ ეს ორი სიტყვა ფონეტიკურად იმდენად მთლიანდება (პაუზა იკარგება), რომ დიალექტოლოგები ტექსტების ჩაწერისას ზოგჯერ ამ ჲ-ს წინამავალ სიტყვას მიაწერენ ხოლმე: რასაჲ ფიქრობ?

კახურს პრეფიქსულ და სუფიქსურ მორფემათა მიჯნაზე ახასიათებს ხმოვანთა სრული კონტაქტური რეგრესული ასიმილაცია: მეეწონა, შააშინა, გამეეკიდა, გეეგო, მააფიქრდა; იმეებს, კოდალეები, კუტალეები. რთული ზმნისწინების შემთხვევაში ხორციელდება კონტაქტურის თანადროული დისტანციური ასიმილაცია: ემეეტანა, გემეეგდო, შემეეტანა, გედეეგდო…

კახურში სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში მჟღერი თანხმოვნები ყრუვდება: ცუდათ, კაცათ, შავათ … ამ გზით მიღებულ ყრუ თანხმოვნებს უკვე სოც. ღირებულება აქეს მოპოვებული და უკვე გვაქვს შავათვე შაღება, კაცათაც მეეჩვენა, ცუდათვე ყოფილიყო. ამავე გზითაა მიღებული ქ-ც სიტყვაფორმებში: კარქი, კარქო, კარქისა, კარქათ…; გვაქვს მ და ნ ფონემათა სუბსტიტუცია, ერთი მხრივ: ბანბა, ბუნბული, ანბავი, უანბევი: მეორე მხრივ – სამთელი, ამთებს. ასევე, დისიმილაციური, ოღონდ დისტანციური, სუბსტიტუციის შედეგი ჩანს ბ და ვ ფონემათა მონაცვლეობა სიტყვაფორმებში: ეუბნევა, ებნევა, მებნევი, გებნევი. ხდება სხვადასხვა ხასიათისა და მიმართულების ერთდროული ფონეტიკური პროცესები: მეტათეზისი-სუბსტიტუცია-ასიმილაცია სიტყვაში „ავანტყოფი“, რომლის ამოსავალი ფორმა „ავადმყოფია“. აგრეთვე ბღერტამს ←ბერტყავს, მადრიელი ← მადლიერი. გვხედება სიტყვათა ფონეტიკური გამარტივების შემთხვევები: შარანდელი ← შარშანდელი, ფეხშველა ← ფეხშიშველა. ამავე რიგისა ჩანს მყავ ← მყავს, გყავ ← გყავს, მაქ ← მაქვს, გაქ ← გაქვს…

კახურში, ფონემათა განაწილების წესებიდან გამომდინარე, სახელთა ბრუნებისას ვლინდება ბრუნვის ნიშანთა თავისებური ვარიანტები. როცა სიტყვაფორმის შინაარსობრივი მხარე ამის საშუალებას იძლევა, სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში ს ფონემა სუსტდება და ჲ-დ რეალიზდება ხმოვნების მომდევნოდ და Ø-მდე დადის თანხმოვნების მომდევნო პოზიციაში. ამისდა კვალად მიცემით ბრუნვის ნიშნად კახურში ხმოვნების მომდევნოდ გვაქვს - ჲ: დედაჲ, მამაჲ, ძმაჲ, დაჲ, ხოლო თანხმოვნების მომდევნოდ – Ø კაც ვეძახი, ცხენ შავკაზმავ, გულ მოგიკლამ – როგორც კი პოზიცია შეიცვლება, მიცემითი ბრუნვის ნიშანი სრული სახით აღდგება: დედასაც, ძმასაც, დასაც; კაცსაც და ქალსაც, ცხენსაც. იმავე მიზეზით ნათესაობითი ბრუნვის ნიშნად -ის სუფიქსის ნაცვლად გვაქვს მისი გამარტივებული -ი ან -იჲ ვარიანტი: სოფლი ბოლოში; თხიჲ რძე, იმი გულითვინ || გულიჲთვინ. იმ წესის გამო კი, რომ სიტყვის ბოლოში მჟღერი ფონემები ყრუვდება, ვითარებითი ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ათ და არა -ად. ეს დაყრუებული ვარიანტი რჩება ყველა ვითარებაში: კარქათაც შავჯორე, შავარცხვინე. ამის პარალელურად ზოგჯერ გვაქვს ბრუნვის ნიშნის -ა ვარიანტი: მე კარქა დაგინახე.

კახურ ზმნაში სუბიექტური და ობიექტური პირთა ასახვისას ძვ. ქართული სალიტერატურო ენის ტრადიციას აგრძელებს და აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების თავისებურებებს იზიარებს: ზმნაში აფიქსით აისახება II სუბიექტური პირი და მიცემითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი ობიექტური პირი (პირდაპირიც და ირიბიც). ოღონდ აქ არა გვაქვეს პოზიციების მიხედვით განაწილებული ვარიანტები – თანხმოვნების წინა პოზიციაში აქ ყველგან -ჲ- ვარიანტი რეალიზდება: შენც ადექი და მიჲგვარე თავი დედაჲ; ვენახსა ჲხნავს; მიჲწერა დედაჲ წერილი.

კახურში ირიბი ობიექტის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება. შიგნი- და გარეკახურში მას თ სუფიქსი გამოხატავს (იმათ სტუმრები მოუვიდათ, გაუხარდათ ძალიანა), ქიზიყურში კი ირიბი ობიექტის სიმრავლეს -კე ნაწილაკი გადმოსცემს (ახლა მე თქვენ წამლებ დაგირიგებ კე; უთხრა კე იმათა).

კახური ლექსიკურად უაღრესად მდიდარი დიალექტია. განსაკუთრებული სიმდიდრითა და თვითმყოფობით გამოირჩევა მემინდვრეობისა და მევენახეობის ლექსიკა. მათზე ვერ მოუხდენია გავლენა უცხოურ ენებს, რომელთა ხანგრძლივ გარემოცვაშიც უხდებოდა განვითარება კახურს. სამაგიეროდ, რამდენადმე შესამჩნევია თურქულენოვანი სამყაროს გავლენა მეცხოველეობის ლექსიკაზე.

კახური გამორჩეულად მდიდარია ხატოვანი ფრაზეოლოგიით.

ვ. კუზიბაბაშვილი


ლიტერატურა

  • მარტიროსოვი ა, იმნაიშვილი გ. ქართული ენის კახური დიალექტი. თბ. 1926;
  • თოფურია ე. გიგინეიშვილი ივ. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია. I, თბ. I;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I. თბ., 1959.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები