იტალიური კომედიის თეატრი (პარიზი)
იტალიური კომედიის თეატრი – (Comédie-Italienne), თეატრი პარიზში, სადაც მოღვაწეობდნენ საფრანგეთში მცხოვრები იტალიელი მსახიობები.
თეატრის ხელმძღვანელი ტიბერიო ფიორელი (Tiberio Fiorelli, 1608- 1694) გახლდათ, რომელმაც სახელი სკარამუჩის როლით გაითქვა. კომედია დელ’არტეს ესთეტიკაზე დაფუძნებული დასი 1660 წელს დამკვიდრდა პარიზში – პალე-როიალის თეატრში, სადაც მოლიერის დასთან ერთად მონაცვლეობით გამოდიოდა. ფრანგი მაყურებლებისთვის იტალიური ენა უცხო იყო ამიტომ, იტალიური დიალექტი უარყვეს და ლიტერატურული ენით მეტყველებდნენ, პარალელურად ფრანგულ ენას ეუფლებოდნენ.
1680 წელს თეატრი გადავიდა ახალ შენობაში. იტალიური კომედიის თეატრმა დაიწყო ფრანგული კომედიების შესრულება. სპექტაკლებში ორ ენას იყენებდნენ, დაწერილ ტექსტს ფრანგულად ასრულებდნენ, იმპროვიზაციას – იტალიურად. მსახიობები კომედია დელ’არტეს ნიღბების სახელებს ატარებდნენ, თუმცა ძველი ნიღბებისგან აქ მხოლოდ სახელები და კოსტიუმები იყო შემორჩენილი. კომედიები გამოირჩეოდა უხეში და ბილწი ხუმრობებით, ამიტომ მაღალი წრის ქალბატონები არ დადიოდნენ წარმოდგენებზე.
XVII საუკუნეში არსებული თეატრის რეპერტუარი ცნობილია ექვსტომიანი კრებულიდან „ძველი იტალიური თეატრი“, სადაც პიესები ორ ჯგუფად – სატირულ და ბუფონურ კომედიებადაა დაყოფილი. ბუფონურ პიესებში შედის პაროდიები და ფარსები. პაროდიის ობიექტი ხშირად ხდებოდა ფრანგული კომედიის თეატრში დადგმული ტრაგედია, ან ოპერა – სამეფო ოპერის თეატრის რეპერტუარიდან. ასევე განვითარდა მითოლოგიური პაროდიის ჟანრი, სადაც ოლიმპოს ღმერთები ყოფითი პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, სატურნი მერკურს აგზავნიდა ხველების წამლის საყიდლად; ბახუსი გამოსაფხიზებლად ითხოვდა ხახვის წვნიანს. ფარსები, ძალიან ჰგავდა ოპერეტებს, სადაც იყო მუსიკა, ცეკვები, გადაცმები, გაუგებრობები და ა.შ. ერთი მსახიობი სხვადასხვა პერსონაჟს ასახიერებდა და ხშირად რამდენიმე ენაზე უწევდა საუბარი. იტალიური კომედიის თეატრში იდგმებოდა ზნე-ჩვეულებათა სატირული კომედიები, სადაც სარკაზმით აჩვენებდნენ საზოგადოების მანკიერ მხარეებს.
1697 წელს თეატრი დახურეს და მსახიობების უმეტესობა იტალიაში დაბრუნდა. მოგვიანებით ლუდოვიკო XIV-მ მსახიობებს მხოლოდ პროვინციის თეატრებში თამაშის უფლება მისცა. მსახიობები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ფრანგულ ენას, ბაზრობის თეატრებში გამოდიოდნენ. ბაზრობის თეატრებმა იტალიური თეატრის რეპერტუარი აითვისეს და მათი სცენური ტრადიციების გამგრძელებლები გახდნენ.
იტალიური კომედიის თეატრმა საფრანგეთში მოღვაწეობის მეორე პერიოდი დაიწყო 1716 წელს, ლუიჯი რიკობონის (Luigi Riccoboni, 1676-1753) ხელმძღვანელობით. დასი ძველი თეატრის მემკვიდრედ თვლიდა თავს და ამიტომ თეატრის ფარდაზე სიმბოლურად გამოსახეს მოგიზგიზე კოცონზე ფენიქსი, რომლის ქვეშაც იყო წარწერა `Lo rinasco (მე ავღორძინდი). რადგან მსახიობები იტალიურ ენაზე თამაშობდნენ, მაღალი წრის წარმომადგენლებს სპექტაკლების მსვლელობისას თან ახლდათ თარჯიმნები. თუმცა, ენის უცოდინრობის გამო, დაბალი ფენის საზოგადოება იშვიათად სტუმრობდა თეატრს, რის გამოც დასს ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევდა, თამაში. თეატრმა გადაწყვიტა პიესის შინაარსის შემცველი ლიბრეტოს დარიგება, მოგვიანებით დიალოგებიც ჩართეს.
მას შემდეგ, რაც მსახიობები დაეუფლნენ ფრანგულ ენას, ფრანგულად დაიწყეს თამაში. თეატრის დასახელება „იტალიური კომედია“ თანდათან აზრს კარგავდა, საჭიროების შემთხვევაში ფრანგ მსახიობებსაც იწვევდნენ. მათ მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდათ. ნაკლებად თამაშობდნენ კომედია დელ’არტეს სცენარების მიხედვით, დგამდნენ კომედიებს სიმღერებით და ცეკვებით, რომელიც ძალიან ჰგავდა კომიკურ ოპერას. ასევე იყო ბალეტი-პანტომიმები, კომედია-პაროდიები, ფეერიები ტრაგიკომედიები, მაგრამ რეპერტუარში მთავარი ადგილი დახვეწილ, სალონურ კომედიებს ეთმობოდა.
1762 წელს კომიკური ოპერის თეატრი დაიხურა და მისი საუკეთესო ექვსი მსახიობი გადაიყვანეს იტალიური კომედიის დასში. თეატრს ძველი სახელწოდება შერჩა, მაგრამ რეალურად ის კომიკური ოპერის თეატრად გადაიქცა. იტალიელი მსახიობები ცდილობდნენ ნაციონალური რეპერტუარის აღდგენას და ამ მიზნით, 1762 წელს თეატრის ხელმძღვანელად მოიწვიეს ცნობილი იტალიელი დრამატურგი კარლო გოლდონი (Carlo Goldoni, 1707-1793), რომელიც მალე მიხვდა, რომ ფრანგულ საზოგადოებას იტალიური რეპერტუარი არ აინტერესებდა. 70-იან წლებში იტალიური კომედიები გაქრა რეპერტუარიდან, ამიტომ 1779 წელს მეფის ბრძანებით იტალიური დასი დაითხოვეს.
იტალიური თეატრი ნამდვილ ფრანგულ თეატრად გადაიქცა, სადაც კომიკურ ოპერებთან ერთად, ფრანგული კომედიები და დრამები, იდგმებოდა. თუმცა თეატრში ხშირად ხორციელდებოდა კომედი ფრანსეზის ცენზურის მიერ აკრძალული პიესები.
ნინო ქირია