დამნაშავე დედა (პიესა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დამნაშავე დედა“ – ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს, ტრილოგია ფიგაროს მესამე პიესა (1792).

ტრილოგიის მესამე ნაწილში, „დამნაშავე დედაში“, უკვე ასაკში შესული და დადინჯებული პერსონაჟებია წარმოდგენილი. გრაფის ოჯახის ერთგული მსახურები – ფიგარო და მისი ცოლი ბატონის მყუდროებას და ქონებას იცავენ. უპირისპირდებიან და ამხელენ გრაფის სახლში ჩასახლებულ „ახალ ტარტიუფს“ – ბეჟარს, რომელიც ჭორებსა და განხეთქილებას თესავს მშვიდ გარემოში. ქონების მემკვიდრეობით მიღების იმედით, მას გრაფის ნათლულზე დაქორწინება სურს. გრაფი, მისი ოჯახის ერთგულების ნიშნად, ფიგაროს გასამრჯელოს სთავაზობს, რაზეც მსახური უარს ეუბნება და დასძენს: „თუ მე ახალგაზრდობაში ხშირად ვცდებოდი, მაშინ ამ დღემ გაამართლოს ჩემი ცხოვრება“ თავის ინდივიდუალიზმთან დაპირისპირებული, „ახალი“ ფიგარო ხელოვნურია, რადგან აკლია ფსიქოლოგიური დამაჯერებლობა და დაკარგული აქვს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ტრილოგიის მესამე ნაწილში ფიგაროს პერსონაჟი ფაქტობრივად განიცდის თავისი პირველსახის რადიკალურ ტრანსფორმაციას.

„დამნაშავე დედა“ კომედიურ ჟანრს არ მიეკუთვნება. როგორც ბომარშე აღნიშნავს, ეს არის ზნე-ჩვეულებათა დრამა. გართულებული ინტრიგა, გამძაფრებული სცენური ქმედება, მკვეთრი დაპირისპირება კეთილშობილებასა და მანკიერებას შორის, მიუთითებს, იმ პერიოდში ფორმირების პროცესში მყოფი, ახალი ჟანრის – მელოდრამის ელემენტებზე. პიესაში ბომარშე იცვლის თავის მსოფლმხედველობას. განმანათლებლობის ეპოქის სხვა მოაზროვნეების მსგავსად, დრამატურგი უდიდეს იმედს ამყარებდა რევოლუციურ ცვლილებებზე, მაგრამ როდესაც არ გამართლდა მისი მოლოდინი, ეს დაუღალავი მებრძოლი შეეგუა არსებულ სინამდვილეს.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები