ჯიქია სერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგი ჯიქია

სერგი ჯიქია – (დ. 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი) 1898, სოფ. ონოღია, მარტვილის რ-ნი, – გ. 6 დეკემბერი 1993, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. ფილოლოგიურ მგცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

1923 დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების განხრით. სტუდენტობის წლებშივე (1923) აირჩიეს „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების“ წევრად. 1926 ა. შანიძის წინადადებით დატოვეს თსუ-ში თურქულ ფილოლოგიაში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1927-29 სტამბოლის უნივერსიტეტის მსმენელი იყო. 1929–32 – ნ. მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტი. პარალელურად, 1930–36, დოცენტის სტატუსით, კითხულობდა თურქულ ენას ლენინგრადის უნივერსიტეტსა და აღმოსავლურ ენათა სახელმწ. ინსტიტუტში. 1934-36 იყო ენისა და აზროვნების ინსტიტუტის პირველი თანრიგის მეცნიერ თანამშრომელი. 1936 დაბრუნდა თბილისში და დაინიშნა თსუ-ის აღმოსავლურ ენათა, 1945-იდან კი თურქოლოგიის კათედრის გამგედ, რომელსაც განაგებდა 1973-მდე. იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1945-53) და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის პირველი ლექტორი. პარალელურად მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მახლობელი აღმოსავლეთის ენების განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1960-იდან გარდაცვალებამდე აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსაელეთმცოდნეობის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თურქოლოგიის განყოფილებას. იყო საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროების კომისიის თურქული სერიის რედაქტორი, სსრკ მეცნ. აკადემიასთან არსებულ თურქოლოგთა საბჭოს კომიტეტის, ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წეერი, მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოების მუშაობაში.

სერგი ჯიქიას გამოქვეყნებული აქეს 150-ზე მეტი ნაშრომი. მრავალმხრივი იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობა: ქართულ-თურქული და ქართულ-აზერბაიჯანული ენობრივი და კულტურულ-ისტორიული ურთიერთობანი, აღმოსავლეთ ანატოლიისა და აზერბაიჯანული დიალექტები, ოსმანური ენის ისტორიის საკითხები, ლაზური ტექსტების ჩაწერა და თურქულ-ლაზური თუ თურქულ-სომხური ენობრივი კონტაქტების დადგენა, საქართველოს ისტორია გეოგრაფია და ონომასტიკონი, ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული, ლექსიკონების, თურქული ქრესტომათიებისა და აზერბაიჯანუილ სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შედგენა, საქართეელოსა და, საერთოდ, კავკასიის შესახებ ისტორიული ცნობების შემცველი ოსმანური დოკუმენტების, ნარატიული წყაროებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების პუბლიკაცია-კომენტირება, ოსმანური დიპლომატიკისა და პალეოგრაფიის საკითხების კელევა. 1926-27 და 1931-36 შეისწავლა მესხეთის თურქულენოვანი მოსახლეობის ენობრივი თავისებურებები. სერგი ჯიქიას მიერ ჩაწერილ ტექსტებსა (ან მეტყველების ნიმუშებს) და სტატიებს: „Об адном морфологическом явлении в ахалцихско наречи анатолического турецкого язика“. „ბრძანებითი კილოს წარმოებისათვის აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში“, „მესხეთის ქართული მოსახლეობის თურქული მეტყველების ზოგიერთი თავისებურება“ – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის სწორად წარმართვისათვის. სტატიებით – „კოლექტიური შრომის ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულ ენებში“, „ლაზური სიტყვის წარმოშობისათვის“, „შენიშვნები „სიმინდ – სემიდალის“ შესახებ“, „აღმოსავლური წარმოშობის სიტყვათა ისტორიიდან“, „აღმოსავლური წარმოშობის ზოგიერთი სიტყვის განმარტება“, „ერთი ფონეტიკური კანონზომიერებისათვის ქართულში“, „О грузинско-азербайджанских язиковых взаимоатнашенях“ – გაირკვა, რომ ქართულიდან თურქულსა და აზერბაიჯანულში შესულა ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ტერმინები, ქართულში კი ამ ენებიდან შემოსულია მეცხოველეობასა, მეთევზეობასა და კულინარიასთან დაკავშირებული ლექსემები. სერგი ჯიქიას ვარაუდით, ტერმინი „არგონავტი“ მომდინარეობს ტოპონიმიდან ეგრისი // აგრისი // აგროში. მრავალმხრივ საყურადღებოა ლინგვისტური გამოკვლევები: „ევლია ჩელები (XVIIს) ლაზურისა და ლაზების შესახებ“ (1954), „თურქული ლექსიკური კალკები ლაზურში“ (1964), „თურქული სინტაქსური კალკები ლაზურში“ (1967), „თურქული ბგერათგადმოცემისათვის ლაზურში“ (1974), „თურქული ლექსიკური ელემენტებისათვის ლაზურში“ (1975). თურქული ენის ისტორიული ფონეტიკის, მორფოლოგიის და ლექსიკის, ისტორიული დიალექტოლოგიის შესასწავლად უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ქართული ანბანის ნიშნებით დაწერილი XVIII ს-ში შედგენილი ქართულ-თურქული სასწავლო წიგნი“. სერგი ჯიქიამ გამოავლინა თურქული წარმომავლობის სომხური გვარები, ორჯერ გამოსცა ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონები, თურქული ქრესტომათიები. სტატიაში „XVIII საუკუნის თურქული წარწერა ქუთაისიდან“, სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებთან ერთად, დაადგინა, რომ გრაფი კუტაისოვები იყვნენ კიკიანები – ქართველი აზნაურები ქუთაისიდან.

საერთაშორისო მასშტაბით „უმაღლესი რეპუტაციის თურქოლოგის“ სახელი მეცნიერს მოუტანა სიაკათის კრიპტოგრაფიული ხელით დაწერილი ფისკალური წიგნის „გურჯისტანის ვილაჲეთის დიდი დავთრის“ პუბლიკაციამ: წიგნი I. ოსმალური ტექსტი (1947), წიგნი II. ქართული თარგმანი (1941), წიგნი III. გამოკვლევა – ხელნაწერის აღწერილობა, შენიშვნები ტექსტის გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის (1958). IV წიგნი – „ქართული საკუთარი სახელების გადმოცემა თურქულ ტრანსკრიფციაში“ – დღემდე გამოუქვეყნებელი რჩება. დიდი რეზონანსი ჰქონდა ნაშრომს „იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (1964). სერგი ჯიქიამ ამოიკითხა და პირველად გამოაქვეყნა მრავალი ოსმალური დოკუმენტის – ფირმანების, ჰუქმების, ბერათების, უჯათების და სხვ. ქართულ-თურქული ისტორიული ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტის მეცნიერული ტექსტი. გამოსაცემად მომზადებას საჭიროებს ს. ჯიქიას უკანასკნელი ფუნდამენტური ნაშრომი „თბილისის (ქართლის) ვილაჲეთის დიდი დავთარი“.

ც. აბულაძე


ლიტერატურა

  • წერეთელი გ. სერგი ჯიქიას ცხოვრება და მოღვაწეობა. – აღმოსავლური ფილოლოგია), III, თბ. 1973;
  • სერგი ჯიქია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ი. დუდუჩავა, თბ., 1984;
  • აბულაძე ც. აკადემიკოსი სერგი ჯიქია. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 1999, №1.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები