წყლის წიწმატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის წიწმატი - Nasturtium officinale R. Br. In Aiton

Nasturtium officinale R. Br. In Aitonწყლის წიწმატი.

მეგრულად – მექიშერებული.

მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეა 5-50 სმ სიმაღლის, წამოწეული, ფესვმომკიდე და დატოტვილი ღეროთი. ფოთლები ფრთისებრაა დაყოფილი, მათგან კენწრული ნაწილი უფრო დიდია, მომრგვალო ან ოვალური, დაკბილული, გვერდითები – მოგრძოა ან ოვალური, მრგვალკბილა და ძირში ასიმეტრიული. ყვავილები თეთრია, ნაყოფობის პერიოდში მათი ყუნწები ჰორიზონტალურადაა მიმართული ან ქვემოთაა დახრილი. ნაყოფი ცილინდრული ჭოტია, ოდნავ მოღუნული და საგდულებგამობერილი. თესლი წვრილია, ნაყოფის თითოეულ ბუდეში ორ მწკრივად განლაგებული. ყვ. V-VI; ნაყ. VII.

იზრდება მდორე წყლებში (წყალსატევები, წყაროები, გუბეები, არხები და ა.შ.), მდინარეთა ნაპირებზე, ზღვის სანაპიროებზე.

როგორც ბოსტნეული მცენარე კულტივირებული და გამოყენებული იყო ჯერ კიდევ ძველ რომში. სანელებლად გამოიყენება მწვანე ფოთოლაკები. გამოირჩევა მწკლარტე და მომწარო გემოთი და პირშუშხას მსგავსი მწვავე, სასიამოვნო არომატით. თესლი მდოგვის შემცვლელად იხმარება.

ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი სანელებლიდან, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნედლი სახით.

წყლის წიწმატის ბალახი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებებით: რკინით, ფოსფორით, კალიუმით, აზოტოვანი ზეთებით, ვიტამინებით (A,B,C, E, K); შეიცავს გლიკოზიდ – გლუკონასტურცინს, საპონინებს, ალკალოიდებს, ნახშირწყლებს. თესლებში აღინიშნება 22-24% ცხიმოვანი ზეთები.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება სისხლის გამწმენდ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, ამოსახველებელ, შარდმდენ, ციებ-ცხელებისა და ცინგის საწინააღმდეგო საშუალებად.

რეკომენდირებულია კანის ქრონიკული გამონაყრების, ანემიის, ეგზემის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას. ნედლი ფოთლები გამოიყენება შარდის ბუშტის, ნაღვლის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.

ხალხურ მედიცინაში ბალახის ნახარში იხმარება ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ნიკრისის ქარების სამკურნალოდ. მცენარის წვენს გარეგანად იყენებენ დამწვრობის, მეჭეჭების, ლიპომას საწინააღმდეგოდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები