ფარისებრი ჯირკვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარისებრი ჯირკვლის ტოპოგრაფია

ფარისებრი ჯირკვალი — კისრის წინა შუა ნაწილში ტრაქეის წინ და კანსა და კანქვეშა კისრის კუნთების ქვეშ მდებარეობს. მისი წონა მოზრდილ ასაკში 20-25 გრ. არის. დასახელების შესაბამისად, მას ფარის ფორმა აქვს და ორი წილისაგან შედგება, რომელიც ხიდაკის (isthmus) მეშვეობით ერთმანეთან არის დაკავშირებული. ჯირკვალი მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვან ჩანთაში, რომელიც ტრაქეასა და ხორხის მოძრაობისას ფარისებრი ჯირკვლის ამორტიზაციას უზრუნველყოფს. მისი ლიმფოდრენირება და სისხლმომარაგება ძალიან კარგად არის განვითარებული. ლიმფური დრენირება კისრის მიდამოს სპინალური, საუღლე და შებრუნებითი ნერვის ლიმფური სადინრებით ხორციელდება. ამ სადინრების ტოპოგრაფიის ცოდნა საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი პათოლოგიის დროს მისი მეტასტაზირების სავარაუდო ადგილმდებარეობის წარმოსადგენად.

სისხლმომარაგება ფარისებრ ჯირკვალს ასევე ძალიან მდიდარი აქვს. მას ზემოდან კვებავს საძილე არტერიის პირველი ტოტი ზედა ფასირებრი არტერია (a. thyroidea sup.) ქვემოდან – ქვედა თირეოიდული არტერიის ტოტები (a. thyroidea inf). ასევე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს უსახელო თირეოიდული არტერიის არსებობა, (a. thyroidea ima). რომელიც პირდაპირ აორტის რკალის ტოტი გახლავთ და დაზიანების შემთხვევაში საშინელ სისხლდენას იძლევა. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ ეს არტერია, რეტრაქციის შედეგად, შუასაყარის მიმართულებით გარბის, რაც შეუძლებელს ხდის მის მოძებნას.

ასევე მნიშვნელოვანი სტრუქტურა შებრუნებითი ნერვია. ის ხორხის მოძრაობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. n. recurrens – ცდომილი ნერვის ტოტია. ის მარცხნიდან აორტას რკალს წრეს არტყამს და უკან ბრუნდება. ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე და ტრაქეას შორის სივრცის გავლით, ბეჭდისებრი ხრტილის და ტრაქეის იოგში შედის და იქ ამთავრებს თავის გზას. მარჯვნივ, ის ლავიწქვეშა არტერიას არტყამს წრეს და ასევე ბეჭდისებრი ხრტილის იოგში შედის. ამ ნერვის დაზიანება ხორხის მოძრაობის პარეზს იწვევს, რაც სუნთქვის და ხმის ინვალიდიზაციას იწვევს.

ფიზიოლოგია

ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციური ჯირკვალია ჩვენს ორგანიზმში. მასზე არის დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლის ძალიან დიდი ნაწილი. ამ ორგანოს ძირითადი ჰორმონი – თიროქსინი ჩვენი ორგანიზმის „საწვავს“ წარმოადგენს.

ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი სტადიები შემდეგია:

— იოდის შთანთქმა;
— იოდის ოქსიდაცია;
— თირეოგლობულინის სინთეზი;
— ფარისებრი ჰორმონების სინთეზი;
— თირეოგლობულინის კოლოიდურ ნივთიერებაში დაგროვება;
— კოლოიდური ნივთიერებიდან თირეოგლობულინის გადასროლა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში;
— ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სისხლში გადასროლა;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენს ქსოვილის მიერ ჟანგბადის მოხმარებაზე. მონაწილეობს ლიპიდურ მეტაბოლიზმში. ნერვული და ძვლოვანი სისტემების ჩამოყალიბებაში და მათ განვითარებაში.

ფარისებრი ჰორმონების რეგულაცია

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულაცია ხდება ჰიპოფიზის ჰორმონით, რომელიც Thyroide – Stimulating Hormone-ის სახელს ატარებს. შემოკლებით მას TSH-ს უწოდებენ.

ეს ჰორმონი პლაზმაში თავისუფლად ცირკულირებს და მისი დაშლა დაახლოებით 1 საათში ხდება. TSH-ის ტიტრის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვალი ღებულობს „ბრძანებებს“ თუ რამდენი ჰორმონი უნდა გადაისროლოს სისხლში. ამ ჰორმონის დახმარებით, ასევე, შესაძლებელია განვსაზღვროთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა და დავსვათ სწორი დიაგნოზი.

პარათირეოიდული ჯირკვლის ჰორმონი პარათირეოიდ-ჰორმონი (PTH) მონაწილეობს სისხლში და ქსოვილებში (ძვლებში) კალციუმის და მაგნიუმის ნივთიერებათა ცვლაში. როდესაც კალციუმის ტიტრი იკლებს, პარათირეოიდული ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონს, რომელიც ამ მარილის სისხლში მომატებას იწვევს.


NOTA BENE
  • ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლები ნივთიერებათა ცვლის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურებია;
  • მათი ფუნქციის მოშლა განვითარების ყველა ეტაპზე იწვევს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების უმძიმეს მოშლას;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები