წუღრუღაშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი (ინგლ. Tsughrughasheni) – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, წუღრუღაშენის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლნისიდან 2 კმ-ში, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდობზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, გალავანი.

წუღრუღაშენიი

ისტორიული ცნობები ძეგლის შესახებ არ მოგვეპოვება. ტაძრის დასავლეთის კარის მარჯვნივ არსებული ათსტრიქონიანი წარწერის (ტაძარში სულ 3 წარწერაა) მიხედვით დადგენილია, რომ ტაძარი აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს (საისტორიო წყაროებში ეს პიროვნება უცნობია) საქართველოს მეფის გიორგი ლაშას მმარველობის წლებში (1213-1223 წწ.). თითქმის იდენტურ ტექსტს შეიცავს მეორე წარწერა სამხრეთი კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე (მესამე, დასავლეთი კარის თავზე დაწყებული წარწერა, დაუსრულებელი დარჩა). მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესია უკაცრიელი ყოფილა. ადგილი, სადაც ტაძარი დგას და დღეს წუღრუღაშენის სახელითაა ცნობილი პირველად წერილობით წყაროებში XVII საუკუნის 20-იან წლებში, ორბელიანების შემოსავლის ნუსხაშია ნახსენები. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი წუღრუღაშენი (ამ სახელწოდებით ორი დასახლებული პუნქტი არსებობდა) რამდენჯერმე ფიგურირებს საბუთებში. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში (XVIII საუკუნის I ნახევარი) ამ ადგილების აღწერისას მოიხსენიებს იმ დროისთვის უკვე დიდი ხნის გაუქმებული და უკაცრიელი წუღრუღაშენის მონასტრის გუმბათიან ეკლესიას. როდის იყო აქ მონასტერი ან იყო თუ არა უცნობია, ეკლესიის გარშემო სხვა შენობების კვალი არ იკითხება. დღემდე გაურკვეველია, რა მიზეზებმა გამოიწვია ისტორიის ფურცლებიდან ამ მშვენიერი ნაგებობის ამოშლა. ტაძრის პირდაპირ, დასავლეთით, მდ. ფოლადაურის გაღმა მდებარეობს V საუკუნის სახელგანთქმული ბოლნისის სიონის ბაზილიკა. ოდნავ მოშორებით – VI საუკუნის ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკა (ბოლნის-ქაფანაქჩი), ხოლო მათ შუა – XVI-XVII საუკუნეების მცირე ზომის ეკლესიები და სამრეკლოები, რომელთა შესახებაც საკმაო მასალაა ქართულ წყაროებში.

დასავლეთის შესასვლელი

ტაძარი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა უფრო მცირე ზომისაა და გუმბათის ყელსაც ძლიერ აზიდული პროპორციები აქვს. ის ნაგებობის დომინანტია, მისი დამაგვირგვინებელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ წუღრუღაშენის ტაძრის გუმბათის ყელი ყველაზე მაღალია ამ ჯგუფის ხუროთმოძღვრულ ნაგებობებს შორის. გუმბათის ყელის ატყორცნილობას ხელს უწყობს ტაძრის ქვედა კორპუსის ზომები – საკუთრივ შენობა ვიწროა, ხოლო განივი მკლავები მოკლე. მათ თავზე აღმართული ათსარკმლიანი გუმბათის ყელის სიგანის შეფარდება სიმაღლესთან 1:3-ია (მსგავსი პროპორცია სხვაგან უცნობია), რის გამოც გუმბათი შიგნიდან ნამდვილ ჭას ემსგავსება. ძეგლის გარეთა ზომებია: 8,8×12,8 მ., სიმაღლე შიგნით 16,7 მ.

გეგმა

ტაძარი ტიპური ქართული ჯვარ-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ნაგებობაა. შიდა სივრცე შექმნილია ოთხი მკლავისაგან, რომელთაგან აღმოსავლეთის აფსიდიანია, ხოლო დანარჩენები – მართკუთხა. აღმოსავლეთის მკლავში, ქრისტიანული ტრადიციისამებრ, განლაგებულია საკურთხეველი ნახევარწრიული მოხაზულობის ბემიანი აფსიდი პასტოფორიებით ორივე მხარეს. სადიაკვნე და სამკვეთლოს თავზე სათავსები აქვს ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, ხოლო განივი სამხრეთის და ჩრდილოეთის – მოკლე. ტაძრის შიდა სივრცის გადაწყვეტის თავისებურებას წარმოადგენს სამხრეთის და ჩრდილოეთის გუმბათქვეშა ორსართულიანი თაღები, სადაც ზემო თაღების დონეზე, განივი მკლავების ფარგლებში, გაურკვეველი ფუნქციის, რაღაც პატრონიკეების მსგავსი სადგომებია გამართული. ისინი 6 მ სიმაღლეზეა მოწყობილი და იქ ასასვლელი კიბე ინტერიერში არაა (ალბათ ხის მისადგმელი კიბით სარგებლობდნენ). სამხრეთის მკლავის მეორე სართულის სათავსიდან სახურავზე გასასვლელი მცირე ზომის ხვრელებია დატოვებული. ყველა მკლავში გადახურვა კამაროვანია და თაღებითაა გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ყველა თაღი ისრული ფორმისაა, მაგრამ ისინი ძლიერ განსხვავდება მოგვიანებით, XVI-XVIII საუკუნეებში გავრცელებულისგან. ინტერიერში იგრძნობა სივრცის სიმჭიდროვე და განათების ნაკლებობა. ტაძარი თავის დროზე ერთიანად ყოფილა მოხატული, გუმბათის ყელის გამოკლებით. ფერწერის ფრაგმენტები აქა-იქ დღესაცაა შემორჩენილი ინტერიერში.

ჩრდილოეთით ტაძარს თითქმის მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს გვიანდელი ეგვტერი, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდით ბოლოვდება. იგი სავარაუდოდ საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა (სამხრეთი ეგვტერი ახლა დანგრეულია). მინაშენი გადახურულია უშუალოდ კედლებზე დაყრდნობილი კამარით. ნაგებია ყორექვით. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვის კვადრებით, ხოლო თაღები, პილასტრები, აფსიდისა და კარის წირთხლები გამოყვანილია თლილი ქვით. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ქართული ჩუქურთმებით წუღრუღაშენის ტაძარი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უნი-კალური ქმნილებაა. ამჟამად აქ აღდგენილია ღვთისმსახურება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები