ჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭა

ჭა - წყალმომარაგების მიწისქვეშა ობიექტი, ძირითადად, ინდივიდუალური სარგებლობისათვის. საქართველოს ბარში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო გავრცელებული. განსაკუთრებული განვითარება პოვა დასავლეთ საქართველოში. ჭა ჩვეულებრივ ამოშენებულია ქვით, მაგრამ გვხვდება ამოუშენებელი ჭებიც (მაგ., გურიაში). ჭის მშენებლობა პროფესიულ ხელობათა რიგში ექცევა, ამიტომ ამ ცოდნას საგანგებო დაუფლება სჭირდება. ჭა იჭრება წერაქვითა და ნიჩბით. ჭის მშენებლობის დაწყებიდან 1,5 მეტრის სიღრმის შემდეგ, იდგმება ხის ოწინარი, რომლის მეშვეობით ამონათხარი მიწა ამოაქვთ მაღლა, ხოლო სამშენებლო ქვები ჩაეწოდება მიწის სიღრმეში მომუშავე ხელოსანს. როგორც კი ჭის ძირზე წყალი ამოხეთქავს, ხელოსანი იწყებს მის ამოშენებას ქვით. ჭა შენდება როგორც საგანგებოდ მოტეხილი, ასევე რიყის ქვითაც. ჭის მშენებელი კარგად უნდა ფლობდეს ქვების ერთმანეთზე „კბილებით“ მორგების წესებს, რადგან ქვამ ქვა უნდა გაამაგროს. შენება მიმდინარეობს წრიულად და საბოლოოდ წარმოიქმნება 40-50 სმ. დიამეტრის ქვის მილი, რომლის სიღრმე ზოგჯერ 20 მეტრსაც აღწევს. ამოშენებულ მილს მიწის ზედაპირზე უკეთდება გვიმი ქვის, ხის ან თიხის.

ჭა საცხოვრებელი ნაგებობის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ მის ესთეტიკურ გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჰიგიენის დაცვის მიზნით ჭის გვიმსაც უკეთებდნენ თავსახურს და ხურავდნენ მაღალ ბოძებზე დამყარებული სახურავით. ჭასთან, როგორც წესი, იდგმებოდა ქვის გეჯები, შინაური ცხოველების დასარწყულებლად. ჭიდან წყლის ამოღების გაიოლების მიზნით ჭას უკეთდებოდა ოწინარები და მექანიკური გორგოლაჭიანი და სახელურიანი სატრიალებელი. 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდა ჭების ამორეცხვა-ამოსუფთავება. ჭა, როგორც წყლით მომარაგების ეფექტური ჰიდროტექნიკური ობიექტი, სავსებით აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნილებას, რაც ოჯახს ესაჭიროებოდა ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები