ძირტკბილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძირტკბილა - Glycyrrhiza glabra L.

Glycyrrhiza glabra L.ძირტკბილა.

მეგრულად – ძირტკვილა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი ფესურითა და სწორმდგომი 1,5 მ-მდე სიმაღლის ღეროთი. ფესვები უსუნოა, ხოლო გემო მეტისმეტად ტკბილია, რაც გამოწვეულია მასში არსებული გლიკოალკალოიდ გლიცირიზინის 4-6%-მდე შემცველობით – ნივთიერება, რომელიც 150-ჯერ ტკბილია შაქარზე. ფოთლები 3-9 წყვილი ფოთოლაკისგანაა შემდგარი; ფოთოლაკები ელიფსურ-ლანცეტაა, შიშველი, ქვემოდან მცირეოდენ წებოვანი. თანაფოთლები ვიწროა, სადგისისებრი, ადრევე სცვივა. ყვავილები მოგრძო მტევნებადაა შეკრებილი, გვირგვინი იისფერია ან მკრთალი იისფერი. ნაყოფი მოგრძო, შიშველი, 3-6 თესლიანი, სწორი ან ოდნავ მოხრილი პარკია. თესლი თირკმლისებრია, ყავისფერი. ყვ. V-VIII; ნაყ. VII-IX. იზრდება დაბლობებსა და მთისწინებზე, უპირატესად მდინარის პირა ზოლში.

სამკურნალო ნედლეული ფესვებია, შედგება მთავარი ფესვის (ზოგჯერ რამდენიმე მ სიგრძისას) და მისგან ჰორიზონტალურად განვითარებული ფესურებისაგან. შეიცავს გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, 27 სახის ფლავონოიდებს, 20%-მდე შაქრებს (გლუკოზა, სახაროზა), 3% მწარე ნივთიერებებს, 4% ფისებს, 20% სახამებელს, ეთერზეთებს, საღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს – 30 მგ% ასკორბინის მჟავას, კაროტინს, მთრიმლავ და ლორწოვან ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (ძირითადად ვაშლის), ცილებს, ასპარაგინსა და სხვა შენაერთებს. ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედებით.

ციმბირელი მეცნიერები სწავლობდნენ რა ტიბეტურ მედიცინას, მოახდინეს რამდენიმე ათასი რეცეპტის გაანალიზება. გამოირკვა, რომ ძირტკბილა სამკურნალო თვისებებით და სამკურნალო ხარისხით გამორჩეულია, პირველი ადგილი უკავია ძირითად სამკურნალო მცენარეებს შორის და ბევრად უსწრებს სხვებს. საინტერსოა, რომ ცნობილ ჟენშენს მხოლოდ მე-15 ადგილი ერგო. ტიბეტურ მედიცინაში ძირტკბილა შედიოდა ყველა ნაკრებების 98%¬ის შემადგენლობაში.

მიეკუთვნება რა უძველეს სამკურნალო მცენარეთა რიცხვს, ჩინეთში წარსულშიც და ეხლაც განსაკუთრებით დაფასებულია. მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც შეაგროვა და გამოაქვეყნა ცნობები ძირტკბილაზე იყო ლეგენდარული ჩინელი თავადი შენ-ნუნი (3 ათასი წლის წინათ ახ.წ.-აღ.-მდე, „წიგნი ბალახებზე“). ლეგენდის თანახმად, ის სწავლობდა და ცდიდა სხვადასხვა მცენარის მოქმედებას ადამიანზე. ჩინელი ექიმების თანახმად ძირტკბილას ფესვი აძლიერებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს; დღესაც, ჩინურ ხალხურ და ოფიცინალურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსავი და სუსტი საფაღარათო, მშრალი ბრონქიტისა და ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულის სამკურნალოდ, შხამსაწინააღმდეგოდ ხორცითა და თევზით მოწამლვისას. მას თითქმის ყველა წამალს უმატებენ. როგორც ჩინური, ასევე ტიბეტური მედიცინა აღნიშნავს ძირტკბილას პრეპარატების მძლავრ გამაძლიერებელ ეფექტს, განსაკუთრებით ბავშვობისა და ხნიერ ასაკში. ტიბეტური მედიცინის უმთავრეს სახელძღვანელოში („ჟუდ-ში“) მითითებულია, რომ მისი პრეპარატები ორგანიზმს ანიჭებს გაფურჩქვნილ ახალგაზრდულ იერს, ხელს უწყობს დიდი ხნით სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მის მიმართ გულგრილები არ იყვნენ ინდოეთში, საბერძნეთსა და რომში. შუა საუკუნეებში ძირტკბილას სამკურნალო სიკეთეებს აღწერდა ავიცენა, გამსაკუთრებით გამოჰყოფდა ფესვების წვენს და მიაჩნდა, რომ ის ამაღლებს მამაკაცების პოტენციას.

ძირტკბილას პრეპარატები (ნახარშების, ნაყენების, ექსტრაქტების სახით) ეფექტური საშუალებაა მრავალი დაავადების მკურნალობისას: რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, კანისა და თვალის დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობის (განსაკუთრებით კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის) დროს. იყენებენ როგორც ამოსახველებელ, დამარბილებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ბრონქიტისა და ფილტვების დაავადებებისას. შველის შარდის ბუშტში კენჭებს და ადისონის დაავადებას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, აღადგენს ნერვული სისტემის მოქმედებას; გამოიყენება აგრეთვე მჭამელას, ეგზემის, რევმატიული ართრიტის, ჭინჭრის ციების, ღვიძლის დაავადებებისა და დაბალი წნევის დროს. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ ფილტვების კიბოს სამკურნალოდ; მეცნიერულ მედიცინაში აღნიშნულს ხსნიან ფესურაში კუმარინების მაღალი შემცველობით.

არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ჰიპერტენზიის, შეშუპებისა და არითმიის დროს; ხოლო გადაჭარბებული მიღება იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას, სახსრების პრობლემას (ბიძინაშვილი, 2016).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები