შილერი ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შილერი ფრიდრიხ

ფრიდრიხ შილერი (გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller, 1759-1805), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

დაიბადა ქალაქ მარბახში (ვიურტემბერგი), ღარიბ, რელიგიურ–პიესტისტურ (ლუთერანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა) ოჯახში. წერა-კითხვა ისწავლა პასტორ მოზესთან, რომლის სახელიც შეიტანა „ყაჩაღებში“. სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლების ძალდატანებით, ჩარიცხეს აკადემიაში, რომელიც ამზადებდა ოფიცრებს, ჩინოვნიკებს.

შილერი იზრდებოდა გერმანული ფეოდალიზმის ეპოქაში. ვიურტემბერგის იმ ნაწილს, სადაც შილერი ცხოვრობდა, რომანელი ჰერცოგი ჰყავდა, საშინელი სიმკაცრე იყო. აკადემიაში შილერი ეუფლებოდა მედიცინას. სტუდენტობის წლებში დაიწყო ლექსების წერა და „ყაჩაღებზე“ მუშაობა. ახალგაზრდა შილერი მიემგზავრება მარბახიდან და სხვადასხვა ქალაქში ხეტიალის შემდეგ ვაიმარში აღმოჩნდება.

შილერი ლიტერატურულ ასპარეზე გამოდის მაშინ, როცა მოძრაობა „ქარიშხალი და შეტევა“ დამარცხდა. „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობას ნელნელა ტოვებენ ძირითადი წარმომადგენლები, მათ შორის გოეთეც. შილერმა ისევ ააღორძინა მისი „წინაპრების“ მიტოვებული საქმე. მან ხმა მაშინ აიმაღლა, როცა სხვა ლიტერატორები ჩუმად იყვნენ. შილერმა დრამას ისევ მიანიჭა საზოგადოებრივი ჟღერადობა. ლიტერატურულ პრაქტიკაში ის გამოდიოდა თავისი თეორიული პოზიციებიდან. მისი შეხედულებები დრამაზე ჩამოყალიბდა ნაშრომში: „თეატრი, როგორც მორალური დაწესებულება“. მან თეატრსა და დრამატურგიას დაუსახა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამოცანები: ხელოვნებამ უნდა ამხილოს სოციალური უსამართლობა. შილერი, ლესინგის მსგავსად, ოცნებობდა ნაციონალურ თეატრზე: დრამატულმა ხელოვნებამ ხელი უნდა შეუწყოს ხალხის ნაციონალურ თვითშეგნებას. თეატრი უნდა იყოს სკოლა, განმანათლებლური ფუნქციის მქონე.

ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის გავლენით დაწერა თავისი პირველი დრამა „ყაჩაღები“. ეს პიესა დაიდგა 1782 წ. მანგეიემის თეატრში. ყოველი სპექტაკლი მთავრდებოდა მღელვარე მანიფესტაციებით. ამავე პერიოდში შექმნა პირველი თეორიული ნაშრომი „თანამედროვე გერმანული თეატრის შესახებ“. მომდევნო დრამას „ფიესკოს შეთქმულება გენუაში“ შილერმა უწოდა „რესპუბლიკის ტრაგედია“. პიესის მთავარი გმირი სათავეში ჩაუდგება სახალხო აჯანყებას, გამარჯვების შემდეგ კი თავად მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას. წარმატება წილად ხვდა მის მომდევნო დრამასაც „ვერაგობა და სიყვარული“. უსულგულო არისტოკრატების ამპარტავნობა ღუპავს ახალგაზრდა არისტოკრატის და მდაბიორი გოგონას სიყვარულს. ამავე წლებში იგი აქვეყნებს თავისი ახალი დრამის „დონ კარლოსი“ პირველ ვარიანტს. ოთხი წლის შემდეგ იგი ასრულებს ამ ნაწარმოებზე მუშაობას. ამ პიესით იგი საბოლოოდ წყვეტს კავშირს „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობასთან. მოგვიანებით იგი აქვეყნებს ნაშრომს დრამისა და სცენური ხელოვნების სფეროში „სიამოვნების მიზეზი, რომელსაც გვანიჭებს ტრაგიკული თემები“, „ტრაგედიის ხელოვნების შესახებ”, „წერილები ესთეტიკურ აღზრდაზე“. გოეთესთან შემოქმედებითი პოლემიკით არის განმსჭვალული ნაშრომი „გულუბრყვილო და სენტიმენტალური პოეზიის შესახებ“. 1798-99 წწ. იგი წერს ტრილოგიას „ვალენშტაინი“, „პიკოლომინი“, ვალენშტეინის სიკვდილი. შემდგომ ამისა – „მარიამ სტიუარტი“, „ორლეანელი ქალწული“, „ვილჰელმ ტელი“. ამ დრამებს, მიუხედავად სიუჟეტის, იდეის, ისტორიული და ნაციონალური ფონის სხვაობისა, აქვთ საერთო ნიშნები: ფილოსოფიური და სოციალურ-ისტორიული პრობლემატიკის დიდი მასშტაბი, თანმიმდევრული დრამატული წყოაბა, სისხლსავსე ხასიათები, დაძაბული საზოგადოებრივი და პირადი ურთიერთობები. ამასთანავე, იგი თავისუფლად ექცევა ისტორიულ ფაქტებს და ცვლის მათ დრამის ინტერესებიდან გამომდინარე. შილერის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია თეატრალური კულტურის განვითარებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები