ყაჩაღები (შილერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
YaCagebi.PNG

„ყაჩაღები“ – (გერმ. Die Räuber), ფრიდრიხ შილერის დრამა.

„ყაჩაღებს“ შილერი წერდა 4 წლის განმავლობაში. სიუჟეტი აიღო შუბარტი მოთხრობიდან „ადამიანის გულის ისტორიისათვის“, რომელიც 1775 წ. „შვაბურ ჟურნალში“ დაიბეჭდა. მან ყოფითი დრამა სოციალურ დრამად გარდაქმნა. დრამატული კონფლიქტის თემაა – უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება. პიესის ცენტრალური პერსონაჟები ძმები არიან, უფროსი – კარლოსი და უმცროსი – ფრანცი. ისინი ისწრაფიან პიროვნული თვითდამკვიდრებისთვის. ძმები განსხვავდებიან ხასიათით, ცხოვრების გაგებით, მისწრაფებებით.

უმცროსმა შვილმა, ფრანცმა, სასწავლებლად გამგზავრებული უფროსი ძმა – კარლოსი, მამასთან დააბეზღა, ცილი დასწამა, მერე კი საერთოდ მკვდრად გამოაცხადა. მას სურდა დაპატრონებოდა უფროსი ძმის კანონით მინიჭებულ მემკვიდრეობას (გერმანიაში მემკვიდრე უფროსი ვაჟი ხდებოდა). ფრანცს ასევე სურს კარლოსის საცოლეზე ამალიაზე დაქორწინება. დარდისგან დაუძლურებული მამა საგვარეულო საძვალეში (აკლდამაში) გამოკეტა და ხალხში მკვდრად გამოაცხადა. კარლოსი კეთილშობილი ყაჩაღია, მაგრამ მკვლელია. წუხს საცოლის გამო და გადაწყვეტს, ჩუმად შეიპაროს საგვარეულო ციხესიმაგრეში. იქ პოულობს სიკვდილის პირას მყოფ მამას, რომელიც ფრანცს სამი თვე აკლდამაში ჰყავდა გამოკეტილი. კარლოსს სურს, მამის გამო, ძმაზე შური იძიოს, მაგრამ ფრანცი თავს ჩამოიხრჩობს (პარალელი იუდასთან). მოხუცი მოორი გარდაიცვლება, როდესაც გაიგებს, რომ კარლოსი ყაჩაღია. ამალია კი სთხოვს, დაშნით განმგმირე, ვეღარ ავიტანო შენთან განშორებას. კარლოსი ამალიას თხოვნას ასრულებს და მართლმსაჯულებას ბარდება. თან კეთილ საქმესაც აკეთებს. ღარიბ გლეხს, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, ეუბნება, რომ დააბეზღოს იგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვინაიდან მის დაჭერაზე ჯილდოა გამოცხადებული.

კარლოსს ბავშვობიდანვე აქვს მისწრაფება გმირულისკენ, გამოჩენილი ადამიანებისაკენ, რომელთა ხელშია მსოფლიო ბედი. ფრანცი ამაზე ამბობს: „ის კითხულობდა იულიუს კეისარს“... კარლოსს სასწავლებლად აგზავნიან, მაგრამ სწავლის ნაცვლად, თავის მსგავს ახალგაზრდებთან ერთად ბობოქრობს. აქ უკვე იგრძნობა გმირის დაპირისპირება მის გარემომცველ ობივატელურ გარემოსთან. კარლოსი ვერ იტანს მის ირგვლივ არსებულ უსამართლობას, სინამდვილეს. იგი ამბობს: „მე მეზიზღება ეს მელნის საუკუნე, მაშინ როდესაც პლუტარქესთან ვკითხულობ დიდი ადამიანებზე“. კარლოსი თანამედროვეობის მანკიერებას ხედავს იმაში, რომ ისინი განუდგნენ ჯანმრთელ ბუნებას სამარცხვინო ზნე-ჩვეულებებით, თვისებებით. ასე გამოხატავს შილერი პროტესტს კარლოსის სახით ფეოდალური სინამდვილისადმი.

კარლოსი ამხელს გერმანელების უსუსურობას და მორჩილებას, ყოველგვარი უსამართლობის დათმენას. ხალხი ვერ ბედავს პროტესტის გამოხატვას, შებრძოლებას. კარლოსი ამბობს: „მომეცით ჯარი, შემდგარი ჩემნაირი ადამიანებისგან და გერმანია გარდაიქმნება ისეთ რესპუბლიკად, რომ რომი და სპარტა მასთან შედარებით ქალთა მონასტრებად მოგეჩვენებათ“.

კარლოსის პოლიტიკური მისწრაფება მხოლოდ სიტყვებში გამოიხატება: „ჩემს სულს სწყურია თავდადება, სუნთქვას − თავისუფლება“. გარემოება აიძულებს, რომ სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდეს. როგორც ითქვა, ძმა აბეზღებს მას და მამა − დაწყევლის კარლოსს. პირად კონფლიქტს ძმასთან აღიქვამს, როგორც საზოგადოებაში გამეფებულ უსამართლობას. თავის რისხვას მთელი საზოგადოებისკენ მიმართავს. კარლოსმა იცის, რომ სამართალს კანონში ვერ იპოვის და იწყებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. კარლოსი ყაჩაღი ხდება და სხვებთან ერთად თავს ესხმის ქალაქს. ისინი უდანაშაულოებს არაფერს ერჩიან, ძარცვავენ მდიდრებს. კარლოსი ნადავლის საკუთარ წილს ღარიბებს აძლევს. იგი დაეჭვდება საკუთარ ქმედებაში: სწორია თუ არა მის მიერ არჩეული გზა − ყაჩაღობა. ის ხედავს, რომ ბევრი მისი თანამზრახველი ახალ უსამართლობას სჩადის, მათთვის არაფერი ჭეშმარიტი, ღირებული, წმინდა არ არსებობს. კარლოსი ხედავს, რომ სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად, კიდევ უფრო უწყობს ხელს უსამართლობას. როდესაც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მის მიერ არჩეული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის გზა − ყაჩაღობა არასწორია, გადაწყვეტს, ჩაბარდეს ხელისუფლებას. იგი ხვდება, რომ მისი ბრძოლის მეთოდები ანარქიული და ანტისაზოგადოებრივია. კარლოსი მოქმედებს ხალხის საკეთილდღეოდ, მისი ყაჩაღები კი ხშირად ხალხს ვნებენ.

ფრანცი თავს თვლის ბედისგან დაჩაგრულად, რადგან მემკვიდრეობის კანონით, მთელი ქონება მის ძმას რჩება. ფრანცი ოცნებობს სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე. ამის მისაღწევად არავითარ ზნეობრივ ნორმებს არ ითვალისწინებს. ფრანცი ამბობს: „სიმართლე, კანონი გამარჯვებულის მხარესაა“. ღირსება არ არსებობს მისთვის, სინდისი არა აქვს. ფრანცი – ეგოიზმის ტიპური განსახიერებაა. საკუთარი კეთილდღეობა სისხლსა და ხალხის ტანჯვაზე სურს ააგოს. მას არ მოსწონს მამის კეთილი დამოკიდებულება უბრალო ხალხისადმი. პასტორი ფრანცს ტირანს უწოდებს. ფრანცი უღვთოა, მაგრამ გულის სიღრმეში ეშინია უფლის წინაშე წარდგომის. მას მამისმკვლელის ცოდვა აწუხებს. ეს აისახება ფრანცის სიზმარში, იგი ხედავს ღვთის „სამსჯავროს“.

მამას, მოხუც მოორს, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, რომ შვილებს უყვარდეთ ერთმანეთი. იგი რბილი, დამყოლი ბუნების ადამიანია. ფრანცი ამით სარგებლობს, ატყუებს მამას და კარლოსს დააწყევლინებს. სწორედ მამის უარი − მიიღოს კარლოსი ციხესიმაგრეში, აიძულებს კარლოსს გახდეს ყაჩაღი. მამა ხან წყევლის კარლოსს, ხან კი ანგელოზსა და მარგალიტს უწოდებს. მამა არაა მზად, მიიღოს საყვარელი უფროსი შვილი, როგორც ყაჩაღი, მკვლელი და კვდება, როდესაც გაიგებს, რომ კარლოსი ყაჩაღია.

შილერი ეძებდა მშვიდობიან გზებს თავისი იდეების განსახორციელებლად. მიაჩნდა, რომ საჭიროა ხალხის იდეური აღზრდა. ხალხში, საზოგადოებაში თავისუფლების აუცილებლობის შეგრძნების განვითარება. შილერი ადამიანის სულიერ აღზრდაში ხელოვნებას უდიდეს ფუნქციას ანიჭებდა. განმანათლებლები ხელოვნებაში დემოკრატიული იდეების ქადაგების, პირდაპირი პროპაგანდის შესაძლებლობას ხედავდნენ. შილერი თვლიდა, რომ ადამიანში თავისუფლებისაკენ სწრაფვა სილამაზის გრძნობის აღქმით უნდა ჩანერგო. სილამაზე მას მიაჩნდა არა გარეგნულ, ფორმალურ ღირსებად, არამედ შინაგან, სულიერ ბედნიერებად. სილამაზის გამოხატულებაა – თავისუფალი, ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელსაც ვერ დათრგუნავ ამგვარი აზრი გამოხატული აქვს შილერს სტატიაში − „წერილი ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ“. მან შექმნა თეორია, რომლის თანახმადაც ადამიანებს შეუძლიათ შინაგანი სულიერი თავისუფლება ხელოვნების საშუალებით მოიპოვონ. ხელოვნებაში ადამიანი ჰპოვებს ყოველივეს, რაც არა აქვს რეალურ ცხოვრებაში.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები