გაიუს იულიუს კეისარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იულიუს კეისარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუს იულიუს კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი, ც ე ზ ა რ ი (Julius Caesar) – (ძვ.წ. 100-44), ძვ. რომის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი, მწერალი.

დაიბადა წარჩინებულ ოჯახში. მიიღო კარგი განათლება რომსა და საბერძნეთში. სულას დიქტატურის წლებში განიცდიდა დევნას, მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ძვ. წ. 78-დან. მონაწილეობდა მესამე მითრიდატულ ომში. 68 აირჩიეს კვესტორად, 63 გახდა უმაღლესი ქურუმი. 62 – პრეტორი. პროპრეტორის უფლებებით აღჭურვილს საგამგებლოდ გადაეცა ესპანეთი. 60 კეისარმა შეადგინა ფარული ორგანიზაცია, რომელსაც ისტორიამ პირველს ტრიუმვირატი უწოდა (შედიოდნენ პომპეუსი და კრასუსი). მისი მიზანს იყო, კავშირის წევრებს ზემოქმედება მოეხდინათ ხელისუფლების ორგანოებზე და რიგრიგობით დაეკავებინათ კონსულის თანამდებობა, 59 გაიუს იულიუს კეისარი კონსულად აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ საგამგებლოდ გადაეცა გალია, მომდევნო ცხრა წელი მან გალიაში გაატარა, სადაც მიეცა შესაძლებლობა, გამოემჟღავნებინა თავისი დიპლომატიური და სამხედრო გენია. დაიპყრო დასავლეთ ევროპის ტომთა უმრავლესობა (თავისი საქმიანობა აღწერა 7 წიგნად, „ჩანაწერები გალებთან ომის შესახებ“). გალიაში მოპოვებულმა გამარჯვებებმა განუზომლად გაზარდა გაიუს იულიუს კეისრის ავტორიტეტი და სერიოზულად შეაშფოთა რომის სენატი. პომპეუსი სენატის მხარეზე გადავიდა. გაიუს იულიუს კეისარს მოსთხოვეს არმიის დაშლა, მაგრამ იგი არ დაემორჩილა. 49 წლის იანვარში გადალახა მდ. რუბიკონი, შევიდა იტალიაში და რომი აიღო. რესპუბლიკელები პომპეუსის მეთაურობით საბერძნეთში გადავიდნენ. სადაც 48 ფარსალთან გამართულ ბრძოლაში განადგურდნენ. მომდევნო ბრძოლებიც გაიუს იულიუს კეისრის გამარჯვებით დამთავრდა და იგი რომის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. 40 გაიუს იულიუს კეისარი დიქტატორად აირჩიეს 10 წლით. 45 კი სამუდამო დიქტატორის უფლებებით შემოსეს. 44 წლის 15 მარტს შეთქმულებმა მოკლეს. მისი სახელი იმპერატორთა აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები