ქარიშხალი და შეტევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქარიშხალი და შეტევა“ (გერმ. sturm und drang) – მე-18 საუკუნის 70-იანი წწ. ლიტერატურული მოძრაობა გერმანიაში. სახელწოდება მომდინარეობს ფ. მ. კლინგერის დრამიდან. მოძრაობის ძირითადი თეორეტიკოსი იყო ი. გ. გერდერი, წარმომადგენლები – ი. ვ. გოეთე, ფ. მ. კლინგერი, ი. მ. რ. ლენცი, გ. ლ. ვაგნერი („რეინელი გენიოსები“); ქ. ფ. დ. შუბარტი, „გიოტინგენის პოეტების თანამეგობრობა“ – ი. გ. ფოსი, ი. ა. ლეიზევიცი, ლ. კ. გ. გიოლტი, მათთან დაახლოებული გ. ა. ბიურგერი (და სხვ.). „ქარიშხლის გენიოსები“ უარყოფდნენ პასიურობას და მორჩილებას, ლიტერატურისგან მოითხოვდნენ მკაფიო, ძლიერი ვნებების ასახვას. გერმანული ლიტერატურის განახლების წყაროს ისინი ხედავდნენ ხალხურ პოეზიაში, იბრძოდნენ კლასიციზმის კანონების წინააღმდეგ. „ქარიშხლის გენიოსები“ ეტალონად სახავდნენ შექსპირს, რომლის ტრაგედიები მიაჩნდათ თავისი შეხედულებების ნიმუშად.

„ქარიშხლისა და შეტევის“ მწერალთა შემოქმედების მთავარი სფერო იყო დრამატურგია. ისინი აგრძელებდნენ ლესინგის დემოკრატიულ ტრადიციებს, ეყრდნობოდნენ დ. დიდროს და ლ. ს. მერსიეს თეორიებს და ცდილობდნენ შეექმნათ მებრძოლი, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედების მქონე თეატრი. მათ შეძლეს გადაელახათ იმდროინდელი დრამატურგიის აბსტრაქტული სქემატიზმი, დაახლოებოდნენ ცხოვრებას, კონკრეტული და საჭირბოროტო გაეხადათ სოციალური და ეროვნული პრობლემები. მათი ნოვატორობა გავრცელდა ენობრივ ნორმებზეც. მათ გააფართოვეს მდაბიური დრამის ენობრივი ჩარჩოები, გაამარტივეს და ცხოვრებისეული გახადეს ლექსიკა, მკაფიო და კოლორიტული – ყოფითი მეტყველება.

„ქარიშხლის გენიოსები“ არ იფარგლებოდნენ მათი თანამედროვე ზნეობის კრიტიკით. თეატრისგან ისინი ითხოვდნენ ჰეროიკას, ამაღლებული ვნებების და ქმედებების აპოლოგიას. მდაბიურ დრამასთან ერთად, მათ შექმნეს ლირიკულ-პათეტიკური ტრგედიები, გამსჭვალული ინდივიდუალისტური ბუნტით და ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი სულისკვეთებით. თავისი ნოვატორული ნაწარმოებებით „ქარიშხლის გენიოსებმა“ ნიადაგი შეუქმნეს ახალგაზრდა ფ. შილერის დრამატურგიას. „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობამ დიდად შეუწყო ხელი გერმანული ნაციონალური დრამატურგიის ფორმირებას, წინ წამოსწია გრძნობა, ადამიანის ირაციოანალური საწყისი, რითაც საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ გერმანულ, არამედ საერთოევროპულ განმანათლებლობას.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები