კლინგერი ფრიდრიხ მაქსიმილიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ მაქსიმილიან კლინგერი

ფრიდრიხ მაქსიმილიან კლინგერი − (გერმ. Friedrich Maximilian von Klinger, 1752-1831), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, „შეტევისა და ქარიშხლის“ მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი.

კლინგერს ეკუთვნის ტერმინის – „ქარიშხალი და შეტევა“ – შემოღება. თავის პირველ პიესებში – „ოტტო“, „ტანჯული ქალი“ – ამხელს ფეოდალურ აბსოლუტიზმს და ეკლესიას, როგორც ამ წყობის იდეოლოგიურ საყრდენს. „ოტტო“ – ანტიკლერიკალური ტრაგედიაა, რომელიც გოეთეს ისტორიული ქრონიკის – „გეც ფონ ბერლიხინგენის“ გავლენითაა დაწერილი. გოეთესგან განსხვავებით, კლინგერის გმირი საზოგადოებას მოწყვეტილი, აბსტრაქტული ხასიათისაა. პიესაში – „ტანჯული ქალი“ – მოქმედება თანამედროვე გერმანიაში ვითარდება. მასში გერმანელი თავადის და მისი მსახურების ისტორიაა გადმოცემული. პიესის პერსონაჟები თავიანთ უფლებებს ძალადობით და ტყუილით წარმოაჩენენ. ავტორი აკრიტიკებს ფეოდალურ საზოგადოებას. დასცინის გერმანელი მაღალი წრეების წარმომადგენელთა თაყვანისცემას ფრანგული სათავადაზნაურო კულტურისადმი. კლინგერის პიესები ნოვატორულია ფორმის თვალსაზრისით. დიდი ყურადღება ეთმობა გმირების ყოფას, მათ ცხოვრებისეულ წესებს. კლინგერის პიესების პერსონაჟები ცოცხალი, ხალხური ენით საუბრობენ. დრამატურგი ხატავს „ძლიერ ადამიანებს“, რომლებსაც ფეოდალური საზოგადოების დაცემულობას უპირისპირებს.

1775 წელს გამოცხადებული კონკურსისთვის წერს დრამას „ტყუპები“, რომელსაც პირველი პრემია მიანიჭეს. აქ ორი ტყუპი ძმის დაპირისპირებაა ასახული (შილერის „ყაჩაღების“ ვარიანტი). ერთი ძმა – გველფო – ძლიერი ადამიანია, მეორე ძმა – ფერდინანდი – უნებისყოფოა. გველფოს სურს დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, გველფო უარყოფს მშობლებს, რომლებმაც ფერდინანდი არჩიეს, ძმას ჯერ საცოლეს – კამილას წაართმევს, მერე კლავს კიდეც. კლინგერის გმირები ოჯახურ ურთიერთობას არღვევენ, საზოგადოებრივ წესებს უარყოფენ, რადგან გრძნობენ თავის თავში ძლიერ ადამიანს – „ბუნების შვილს“. ძლიერი ადამიანი ანადგურებს ყველაფერს, რაც გზაზე გადაეღობება, მაგრამ ბუნება სამაგიეროს მიუზღავს. გველფოს საკუთარი მამა მოკლავს. დრამაში ავტორი ფეოდალურ საზოგადოებაში გაბატონებულ, დამახინჯებულ ცხოვრებისეულ ფორმებს და წესებს ამხელს.

შემდეგი მისი დრამაა – „ქარიშხალი და შეტევა“ – (1776). პიესაში სამხრეთამერიკული კოლონიების ინგლისის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლაა ასახული (კლინგერი მხარს უჭერს და აღფრთოვანებულია ამერიკელების მებრძოლი სულით). ამერიკა ნაჩვენებია იდეალურ, ფანტასტიკურ ქვეყნად. კლინგერის სხვა პიესებისაგან განსხვავებით, „ქარიშხალსა და შეტევას“ ბედნიერი დასასრული აქვს. შეყვარებულები ამერიკაში შეერთდებიან (რაც ვერ მოხდა ევროპაში). კლინგერის ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟია შავკანიანი, რომელიც ჰუმანური იდეებისა და გრძნობების მატარებელი ადამიანია. შავკანიანი მონა მის თეთრ ბატონზე მორალურად უფრო მაღლა დგას.

კლინგერმა დაწერა ასევე პიესები: „ახალი არრია“, „სიმსონი და გრიზალდო“ „სტილგო და მისი ვაჟები“. პერსონაჟები კვლავ მეამბოხე გმირები არიან, რომლებიც ყოველგვარი წესის წინააღმდეგ იბრძვიან, თავად ბუნების წესის წინააღმდეგაც. „სტილგოსა და მის ვაჟებში“ – თანამედროვე სინამდვილისადმი პროტესტი პოლიტიკურ ელფერს იძენს. პიესაში, გერმანულ დრამატურგიაში პირველად, გაჟღერდა რევოლუციური გარდაქმნების საკითხი. მართალია, ხალხი ჯერ არ არის გამოყვანილი ბრძოლის, გარდაქმნების აქტიურ მონაწილედ, მაგრამ გმირი იბრძვის მათი ინტერესებისათვის, ბოლოს კი, სწორედ ხალხია ის ძალა, რომელიც დაამხობს ტირანს. კლინგერი ცდილობდა დრამატურგიაში უბრალო ხალხური ენა შემოეტანა. მაგალითად, დადებითი პერსონაჟების ენა ხალხურთან მიახლოებული და ემოციურია, გარემოც ხასიათდება უბრალო, თავისუფალი ენით, უარყოფითი გმირები კი თავიანთ საშინელ ბუნებას და ჩანაფიქრს დახვეწილი, გალანტური სიტყვებით ნიღბავენ.

კლინგერს დაწერილი აქვს აგრეთვე სოციალურ-ფილოსოფიური რომანები: „ფაუსტის ცხოვრება“, „მისის ჯაფარის ისტორია“, „რაფაელო დე აკვილის ისტორია“ და სხვა.

მაკა ვასაძე


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები