დიდრო დენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდრო დენი

დენი დიდრო – (ფრანგ. Denis Diderot, 1713-1784), ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, რომანისტი; ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ენციკლოპედისტი.

დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განათლება მიიღო იეზუიტურ კოლეჯში, დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. ამ პერიოდში დიდრო, ძირითადად, მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა და არაერთი ინგლისურენოვანი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულად. დიდრო თავის ფილოსოფიურ ესეებსა და წერილებში განიხილავდა რელიგიისა და ადამიანიბღირსების, ზნეობის საკითხებს,ნრაც თამამი და იმნ დროისთვის მიუღებელი მსოფლმხედველობის ნგამო მისი დევნის მიზეზი გახდა. 1745-47 წლებში გამოცემული ესეები პარლამენტის დადგენილებით განადგურდა, ხოლო წერილების გამო, 1749 წელს, სამი თვით დააპატიმრეს. 1732 წლიდან სათავეში ჩაუდგა ფრანგულენოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების ენციკლოპედიის შედგენას. ენციკლოპედიაზე ასევე მუშაობდნენ მონტესკიე, რუსო, ვოლტერი და სხვები. ენციკლოპედიის შექმნა 25 წელი გაგრძელდა და, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, 1775 წელს დასრულდა. ფრანგი მოაზროვნეების მიზანი იყო ენციკლოპედიის მეშვეობით ადამიანის განათლების ხელშეწყობა, მეცნიერებასა და კულტურაში დაგროვილი ცოდნის სისტემატიზაცია და მისი საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაზიარება.

XVIII საუკუნის ფრანგულ პროზაში დიდროს ბელეტრისტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ასევე აღსანიშნავია მისი წერილები, სადაც განიხილავს 50-70-იანი წლების ხელოვნებას და, ფაქტობრივად, საფუძველს უყრის მხატვრულ კრიტიკას. დიდრო, მისი თანამედროვე სხვა ფრანგი ფილოსოფოსების მსგავსად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. ის წერდა: „განათლება ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“.

დენი დიდროს მსოფლმხედველობა მუდმივად იცვლებოდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა კათოლიციზმი, დეიზმი, ათეიზმი, მატერიალიზმი. თვლიდა, რომ ცივილიზაციის პროგრესი გავლენას ახდენდა კაცობრიობის მორალზე, იკვლევდა კავშირს ბიოლოგიასა და ადამიანის ბუნებას, კულტურასა და მორალს შორის. როგორც განმანათლებელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. განმანათლებლები, განსხვავებულიმრელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების მიუხედავად, ერთ საკითხში თანხმდებოდნენ – თითოეული ადამიანი ინდივიდია, რომელმაც თავად,უნდა შექმნას საკუთარი ბედი, საკუთარი მორალი. ადამიანში უნდა იყოს სხეულის, გონებისა და გულის სრული ჰარმონია. აქედან გამომდინარე, დიდრო აკრიტიკებდა ეკლესიას, რომელიც აწესებდა სტანდარტებს და ზღუდავდა ადამიანის პიროვნულობას.

სარჩევი

დიდრო ბურჟუაზიული დრამის შესახებ

XVIII საუკუნეში განმანათლებლურ კომედიაში, ეტაპობრივად იკვეთებოდა მეშჩანური დრამის ელემენტები და საბოლოოდ დამკვიდრდა ახალი ჟანრი, რაც გარკვეულწილად ბურჟუაზიის პოლიტიკურ გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული. მესამე ფენას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, არ აინტერესებდა და არც აკმაყოფილდებდა თეატრში არისტოკრატიული საზოგადოების ცხოვრებისა და ვნებების ხილვა. სურდათ ენახათ ნაცნობი გარემო, მათივე მსგავსი ადამიანები, მათი პრობლემები და გადაჭრის გზები. დიდრომ ბურჟუაზიული დრამის შესახებ თავისი თეორიული შეხედულებები ჩამოაყალიბა ნაშრომებში: „სამი საუბარი დრამატულ პოეზიაზე“, „დრამატული პოეზიის ტრაქტატი“, „საუბრები უკანონო შვილთან დაკავშირებით“, სადაც დაასაბუთა ბურჟუაზიული დრამის აუცილებლობა. ის აკრიტიკებდა კლასიკურ ტრაგედიას და კომედიას, რომლებიც აქტუალური აღარ იყო თანამედროვეთათვის. დიდრო საუბრობდა ახალ „სერიოზულ ჟანრზე“, რომელიც იქნებოდა შუალედური, პათეტიკურ ტრაგედიასა და მხიარულ კომედიას შორის. აქ უნდა ასახულიყო საზოგადოების მესამე ფენის ყოველდღიური ცხოვრება, რაც ადრე მხოლოდ კომედიაში იყო შესაძლებელი. ადამიანი ყოველთვის არ არის ბედნიერი ან უბედური, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ემოცია და განცდაა, რაც ნაჩვენები უნდა იყოს ახალ ჟანრში. პიესამ „არ უნდა გამოიწვიოს არც სიცილი და არც შეძრწუნება. პოეტმა უნდა ისაუბროს ისეთივე ტონით, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ ამბებზე“. დიდრო თვლიდა, რომ „ბურჟუაზიულმა ტრაგედიამ“ უნდა „ასახოს ჩვენს ოჯახურ ცხოვრებში მომხდარი უბედურება“, ხოლო „სერიოზულმა კომედიამ“ ბურჟუაზიული საზოგადოების ზნეობრიობა და მოვალეობის გრძნობა. ახალ ჟანრს „ამიერიდან საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების მდგომარეობა“, ბურჟუაზიულ დრამაში, ერთი მხრივ, უნდა აისახოს უბრალო ადამიანების საზოგადოებრივი მდგომარეობა და მეორე მხრივ, მათი ოჯახური ურთიერთობები. მაყურებელი, რომელიც თავისი მსგავსი ადამიანების ყოფას უყურებს, საკუთარ თავთან გააიგივებს მომხდარს და ისწავლის „თავისი ვალდებულებების გაცნობიერებას“. იგი მწერლისგან მოითხოვდა ადამიანის ბუნების, საზოგადოების ყველა ფენის, ყოველდღიური ყოფის შესწავლას და სინამდვილის ბუნებრივად და უბრალოდ ასახვას. თეატრი, მისი აზრით, არ გახლდათ გასართობი ადგილი, მისი მიზანი მაღალი ზნეობრივი მაგალითების ჩვენებით საზოგადოების გაკეთილშობილების მცდელობაში გამოიხატებოდა.

ტრაქტატი „პარადოქსი აქტიორზე“

დიდროს თეორიული ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრაქტატი „პარადოქსი აქტიორზე“, რომელიც ეძღვნება მსახიობის შესრულების ტექნიკას (ნაშრომის შექმნის საბაბი იყო ანონიმური ბროშურა ცნობილ ინგლისელ მსახიობ დ. გარიკზე, რომელიც თარგმნა ფრანგმა მსახიობმა ა. სტიკოტიმ). „სამგვარი არის მოდელი: ადამიანი ბუნებისა, ადამიანი პოეტისა და ადამიანი მსახიობისა... ბუნების ადამიანი უფრო პატარა არის, ვიდრე პოეტის ადამიანი, და ეს კიდევ უფრო პატარა არის, ვიდრე დიდებული მსახიობის ადამიანი; ეს უკანასკნელი არის ყველაზე მეტად განდიდებული“ – წერდა დიდრო. ის დრამატურგისგან მოითხოვდა ყოფილიყო „დაუღალავი მაყურებელი იმისა, რაც ხდება მათ ირგვლივ, ფიზიკურ და ზნეობრივ ცხოვრებაში“ და „ბუნების ამოუშრეტელ წიაღში“ მოეძებნა მასალა. დრამატულ ნაწარმოებში მთავარია ქმედება და არა თხრობა. დიდრო სპექტაკლის ანსამბლურობაზე მიუთითებდა, რის მისაღწევადაც აუცილებელია რეპეტიციები, რათა მსახიობებმა ერთმანეთს შეუსაბამონ თამაში. მსახიობისათვის არ უნდა იწერებოდეს პიესა, რაც იმ დროისთვის დამახასიათებელი იყო, მსახიობი თავად უნდა მოერგოს პიესას. ახალი დრამა მსახიობისგან მოითხოვდა შესრულების ახლებურ მანერას და დიდროც, ძირითადად, ამ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას. შემსრულებელი, მწერლის მსგავსად, უნდა აკვირდებოდეს გარემოს, ადამიანებს და ბევრი იმუშაოს ყველა დეტალსა და ნიუანსზე. „ბუნება აძლევს მსახიობს გარეგან თვისებებს, – სახეს, ხმას, მსჯელობის ნიჭს, განმჭვრეტელობას. ბუნებით დაყოლილი ნიჭი კი უმჯობესდება და სრულყოფილდება დიდ ხელოვანთა შესწავლით, სცენური პრაქტიკით, შრომით და ფიქრებით“. ტრაქტატში მსჯელობაა ორი ტიპის მსახიობზე – განცდის და გარდასახვის სკოლის წარმომადგენელზე, რომელსაც მწერალი „ცივი გონების მსახიობად“ მოიხსენიებს. თავად, როგორც განმანათლებელ-რეალისტი, რომელიც ყველაფერს რაციონალურად უდგებოდა, ამ უკანასკნელს უჭერდა მხარს. დიდრო მსახიობისაგან მოითხოვდა დაკვირვებას, ყველაფრის მიბაძვის და ყოველგვარი როლის შესრულების უნარს. „ჩემი აზრით, დიდ მსახიობს დიდი ნიჭი უნდა ჰქონდეს განსჯისა, უნდა შეეძლოს მშვიდად და გულცივად დაკვირვება ადამიანის ბუნებისა. ამიტომ, საჭიროა გააჩნდეს დიდი განმჭვრეტელობა; არ უნდა ჰქონდეს არავითარი გრძნობიერება; ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ჰქონდეს ნიჭი, რომ ყველაფრის მიბაძვა შეძლოს, და აგრეთვე ნიჭი ყოველგვარი ხასიათის და როლის წარმოდგენისა. გრძნობიერება რომ ჰქონდეს მსახიობს, ვერ შეძლებს ათჯერ ზედიზედ ითამაშოს ერთი და იგივე როლი ერთი და იმავე წარმატებით. სიცხოველით სავსე იქნება პირველ წარმოდგენაზე, „მთლად გამოიფიტება და გაცივდება მესამეზე; და მეორე მსახიობი კი, განმსჯელი მიმბაძავი ბუნებისა, თავისთავის მიბაძვით ითამაშებს, პირველად რომ გავა სცენაზე; მეათე წარმოდგენაზე ნახავთ, რომ იმისმა თამაშობამ კი არ იკლო, პირიქით, იმატა და გაძლიერდა იმ ახალი მოსაზრებით, რომლებსაც აგროვებდა ამ ხნის განმავლობაში, და უფრო და უფრო მეტად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებას“. დიდროს აზრით, მგრძნობიარე ადამიანს პატარა მოულოდნელობა დააბნევს. ის არ გამორიცხავდა მსახიობის შესრულებაში გრძნობის ჩართვას და მიაჩნდა, რომ გონებისა და გრძნობის შერწყმა უნდა მოხდეს როლის ჩამოყალიბების შემდეგ. გრძნობა უნდა ჩაერთოს, მაგრამ გონება მას უნდა აკონტროლებდეს.

საფრანგეთში ვოლტერის სახელთანაა დაკავშირებული განმანათლებლური კლასიციზმის დამკვიდრება, ხოლო დიდროს სახელთან − განმანათლებელი რეალიზმი. დიდროს უნდოდა დრამაში ეჩვენებინა ბურჟუას − ახალი ადამიანის იდეალური სახე. ზნეობრიობა კი ამ ფენის ბუნებრივ მახასიათებლად მიაჩნდა. მაგრამ ბურჟუა, რომელიც ქონების, კაპიტალის დაგროვებაზე იყო ორიენტირებული, შეუძლებელია ყოფილიყო ყოვლად დადებითი უნაკლო პიროვნება და იდეალად ქცეულიყო. ერთი მხრივ, რეალისტურ ნაწარმოებში თანამედროვე საზოგადოების ასახვის მცდელობა და მეორე მხრივ, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში არსებული ურთიერთობები, სადაც მთავარ მამოძრავებელ ძალას ფული წარმოადგენდა, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა დიდროს დრამატურგიაში. იდეალსა და რეალობას შორის განსხვავება გამოვლინდა მის პიესებში და გავლენა იქონია მათ მხატვრულ ღირსებაზე.



იხილე აგრევე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები