შემოქმედის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოქმედის მონასტერი

შემოქმედის მონასტერი − შემოქმედის მონასტერი (ინგლ. Shemokmedi monastery) – XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირას, დაბალ მთაზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, სოფ. შემოქმედის ცენტრში. სამონასტრო კომპლექსში შედის: შუასაუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, მასზე მიდგმული XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“ და 1831 წელს აღდგენილი XVI საუკუნის სამრეკლო. აქვეა სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობები.

ეკლესია

შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთავრების – გურიელების სალოცავ-საძვალე. XV საუკუნიდან აქ საეპისკოპოსო კათედრის გადატანის შემდეგ ტაძრის შემკობა-განახლებას შემოქმედელი ეპისკოპოსები და გურიელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მაცხოვრის ეკლესია XII საუკუნეს განეკუთვნება და მრავალჯერაა გადაკეთებული. ხელოვნების ისტორიკოსთა აზრით, თავდაპირველ ერთნავიან ნაგებობას მოგვიანებით (სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებში) სიგრძივი კედლები გამოუღეს, გვერდითი ნავები მიუშენეს და ბაზილიკად აქციეს. ამ დროს გამოცვალეს ტაძრის პერანგი და ფასადები სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით, ცენტრში განლაგებული კარიბჭე და მისგან მარცხნივ, ტაძრის კუთხეში გაჭრილი თაღოვანი კარი.

სამრეკლო

გარედან მაცხოვრის ბაზილიკა ძუნწადაა შემკული, მხოლოდ დასავლეთი ფასადის ცენტრალურ სარკმელს აქვს ირგვლივ შემოვლებული წნულებისა და სვეტების ორი მწკრივისგან შედგენილი ჩუქურთმა. ამავე სარკმლის ორივე მხარეს კედლიდან ამოზრდილია ქვის კოპები. დანარჩენი სარკმლები სადა ლილვებითაა მოჩარჩოებული. ფასადებზე პატარა ჯვრებია გამოსახული. დასავლეთის კარიბჭეს შიგნით ჩუქურთმიანი კამარა აქვს. მაცხოვრის ეკლესიაზე ასომთავრული წარწერებია მოთავსებული. ნათელი შიგა სივრცე მთლიანად იყო დაფარული მხატვრობით. შემორჩენილია XVII-XVIII სს-ის მხატვრობა, აგრეთვე ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერები. იატაკი ძირითადად თეთრი მარმარილოსია. ტაძარში, საკურთხევლის წინ დღემდე დგას ქვის მაღალი, სვეტებიანი მიტროპოლიტის საყდარი.

წარწერა ტაძრის კედელზე

ფერისცვალების ეკლესია „ზარზმა“ მაცხოვრის ტაძარს სამხრეთიდან ებმის. ვახტანგ I გურიელმა ის საგანგებოდ XVI საუკუნის 70-80-იან წლებში ზარზმის მონასტრიდან (სამცხე) გადმოსვენებული ფერისცვალების ხატისთვის ააგო. აქედან მოდის ტაძრის სახელწოდებაც „ზარზმა“. ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: ზარზმაში თურქების შეჭრის შემდეგ ეკლესიის საგანძური ხარს აჰკიდეს და გადაწყვიტეს, სადაც ხარი გაჩერდებოდა იქ აღემართათ ტაძარი. ხარი შემოქმედში გაჩერდა და მაცხოვრის სახელობის ეკლესიას გვერდით შედარებით მცირე ზომის ფერისცვალების ხატის ტაძარი მიუშენეს.

„ზარზმა“ გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და დარბაზით. მისი პატარა სათავსი-სალარო მაცხოვრის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ კედელზეა მიშენებული. რვაწახნაგოვანი გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია. მასში რვა სარკმელია გაჭრილი. ქვის გარდა აქ გამოყენებულია აგური. ეკლესიის შესასვლელის თავზე, სამ მედალიონში თანაბარმკლავებიანი ჯვარი, ექვსქიმიანი და ხუთქიმიანი ვარსკვლავებია გამოსახული. თავად გუმბათი კონუსური ფორმისაა. ეკლესია მოხატულია. აქ შემორჩენილია პირველი შემოქმედელი ეპისკოპოსის გამოსახულება.

წარწერა სამრეკლოს კედელზე

XVI საუკუნის სამრეკლო XVI ქვის გალავანზეა დაშენებული. აქედანაა შესასვლელი სამონასტრო კომპლექსში. დაზიანებული სამრეკლო 1831 წელსაა აღდგენილი. შემოჩენილია ძველი ქართული წარწერა.

შემოქმედის მონასტერი საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა, სადაც დაცული იყო XVI-XVIII საუკუნის უნიკალური ხელნაწერები (მაგ., გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული) და მრავალი ძვირფასი საეკლესიო ნივთი, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმომავლობის იყო, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, უმთავრესად სამცხე-საათაბაგოდან გადატანილი. მონასტრის საგანძურს შეადგენდა მაცხოვრის ხატი, მაცხოვრის ოქროს ხატი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, ღვთისმშობლის ხატი, ვერცხლის ხატი, წმინდა დემეტრეს მოოქროული ვერცხლის ხატი, წმინდა გიორგის ხატი ამაღლებიდან, წმინდა გიორგის ოქროს ხატი, ნიკოლოზ შემოქმედელის განახლებული ოქროს ბარძიმი 46 ძვირფასი ქვით, ოქროს ფეშხუმი, ოქროს მასიური დაფარნა, ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი კუბო, 886 წლით დათარიღებული ფერისცვალების ხატი, XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის შედევრი – ლაკლაკიძეების ღვთისმშობლის ხატი გადმოსვენებული ზარზმის მონასტრიდან, 1008 წლის ვერცხლის ფირფიტა, ღვთისმშობლის ოქროს ხატი 87 ძვირფასი თვლით, მაცხოვრის ფერისცვალების ოქროს ხატი, ღვთისმშობლის ოქროს ხატი 32 ძვირფასი თვლით, მღვდელმთავრის კვერთხი 117 ძვირფასი ქვით, ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის ხატი და სხვ. სამწუხაროდ, XIX საუკუნის ბოლოსა და XX დასაწყისში შემოქმედის მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა (ბოლოს 1919 წელს) და დაახლოებით 30 მილიონი მანეთის სიმდიდრე, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ოსმალეთში გაიტანეს.

შემოქმედის ეპარქია 1995 წელს აღდგა. იგი მთელ გურიას მოიცავს. ამჟამად აქ კვლავ საეპისკოპოსო კათედრა და მამათა მონასტერია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები