ფხანმუნჯომის შეთანხმება 1953

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფხანმუნჯომის შეთანხმება 1953 – (კორეაში დაზავების შესახებ), ხელმოწერილ იქნა 27.VI. ფხანმუნჯომში (პანმინჯომში). შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, კორეის სახალხო არმიისა და ჩინელ სახალხო მოხალისეთა დელეგაციის მეთაურმა გენერალმა ნარ ირმამ და, მეორე მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სარდლობის დელეგაციის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა პარისონმა.

შეთანხმება შედგებოდა სამი ნაწილისაგან: პრეამბულისაგან, დაზავების შესახებ ძირითადი შეთანხმების ხუთი მუხლისაგან და დამატებისაგან, რომელშიც შედიოდა სრული ტექსტი ნეიტრალური სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან შემდგარი სარეპატრიაციო კომისიის კომპეტენციის შესახებ, და ხუთი რუკა, რომლებზეც აღნიშნული იყო სადემარკაციო ხაზი, დემილიტარიზებული ზონა, გადმოტვირთვის 10 პუნქტი, კომუნიკაციათა ძირითადი ხაზები, მდინარე სანგაჩის შესართავი და ზღვისპირა კუნძულები. შეთანხმება აწესებდა სამხედრო სადემარკაციო ხაზსა და დემილიტარიზებულ ზონას.

პირველ მუხლში ნათქვამი იყო, რომ დაწესდეს სამხედრო სადემარკაციო ხაზი და ორივე მხარე თავის ჯარებს დასწევს ამ ხაზიდან 2 კმ-ით, რათა შეიქმნას დემილიტარიზებული ზონა, როგორც ბუფერული ზონა, მეომარ მხარეებს შორის იმ მიზნით, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ინციდენტები, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს საომარი მოქმედებების განახლება.

შეთანხმების მეორე მუხლი ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების კონკრეტულ პირობებს. იქმნებოდა დაზავების სამხედრო კომისია და ნეიტრალური სახელმწიფოების წარმომადგენლისაგან შემდგარი დაზავების სამეთვალყურეო კომისია.

მესამე მუხლში საუბარი იყო სამხედრო ტყვეთა და მათი რეპატრიაციის საკითხებზე. „დაზავების ძალაში შესვლის შემდეგ, 60 დღის განმავლობაში თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უშუალოდ უნდა მოახდინოს მათ ხელში მყოფი ყველა იმ სამხედრო ტყვეთა რეპატრიაცია ჯგუფურად, რომლებიც მოითხოვენ რეპატრიაციას“. – აღნიშნული იყო შეთანხმებაში. ტყვეთა გაცვლა უნდა მომხდარიყო ფხანმუნჯომში. საჭიროების შემთხვევაში შეთანხმება ითვალისწინებდა დამატებით ადგილს ან ადგილების გახსნას დემილიტარიზებულ ზონაში სამხედრო ტყვეების მისაყვანად და მისაღებად, შეთანხმების მიხედვით, მხარეთა სარდლობა სრულ თანამშრომლობას გაუწევდა წითელი ჯვრის ერთობლივ რაზმებს.

ფხანმუნჯომის შეთანხმების დადების შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. შორეულ აღმოსავლეთში სსრკ-ისა და აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირება უფრო ამძაფრებდა ამ კონფლიქტს. მხარეებმა არაერთხელ დაარღვიეს შეთანხმებით გათვალისწინებული მუხლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეთანხმებამ მაინც დიდი მნიშვნელობა იქონია შორეულ აღმოსავლეთში მშვიდობის განმტკიცებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები