ფიქრის გორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიქრის გორა

ფიქრის გორათბილისის მიკროუბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვერის უბნის ნაწილი.

თბილისის ცენტრში, ვარაზისხევისა და გმირთა მოედნის შესაყარში აღმართულია მოზრდილი კლდოვანი გორაკი, რომელსაც ფიქრის გორა ეწოდება. აქედან, ამ მაღალი გადასახედიდან, ქალაქის არაჩვეულებრივად მომხიბლავი პანორამა იშლება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ალბათ ამიტომაც შეურქმევია ჩვენს ხალხს მისთვის ასეთი ამაღლებული პოეტური სახელი – ფიქრის გორა. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი სულ სხვა გზით არის წარმომდგარი.

სახელწოდება

ფიქრის გორა, როგორც ტოპონიმი, კვლევის საგნად ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან იქცა. გამოითქვა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც იგი წარმომდგარი ყოფილა სიტყვა ფეიქრისაგან, ეი → ი-ს გზით: ფეიქრის გორა – ფიქრის გორა. აღნიშნულ თვალსაზრისს ბევრი მკვლევარი იზიარებს. ეს ვარაუდი არსებითად ემყარება იმ ფაქტს, რომ ფიქრის გორის სიახლოვეს, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე, გაშენებული იყო თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკა (საფეიქრო კომბინატი), ობიექტის სახელრქმევა ამ პრინციპით შეიძლება მართლაც მოხდეს; შდრ. ღვინის აღმართი (ძველი სირაჯხანის აღმართი), ბამბის რიგი – უბანი და ქუჩა სიონის ეკლესიასთან (აქ ძველად ბამბა იყიდებოდა), ვერცხლის ქუჩა ანუ ოქრომჭედლების რიგი – ქუჩა თბილისის ცენტრში; აქ თბილისელი იუველირები ყიდდნენ თვითნაკეთ ნივთებს, სხვადასხვა სამკაულებს და მისთ. ტოპონიმი ფიქრის გორა კი, როგორც უკვე გთქვით, სხვა გზით ჩანს წარმოქმნილი. პირველ რიგში მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ქართულ ტოპონიმიაში წესისამებრ არ გვაქვს აბსტრაქტული შინაარსის სახელთა გამოყენების შემთხვევები. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ორ და მეტფუძიან სახელში ერთ-ერთი ფუძე რეალურად არსებული გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვაა (გორა, ხევი, მთა, ველი, უბანი, მიწა, კლდე…), მაშინ ტოპონიმის მეორე შემადგენელი წევრიც უეჭველად კონკრეტული არსებითი (ზედსართავი, რიცხვითი,) სახელი უნდა იყოს: კლდე-წითელი, თეთრი მიწები, დიდ-გორი გრძელი-ხევი… შეუძლებელია: ტოპონიმში გვქონდეს კონკრეტული და აბსტრაქტული შინაარსის სახელთა ერთობლიობა, სინტაგმური შეთავსებადობა: სიხარულის გორაკი, ბედნიერების ხევი, ოცნების ღელე, სიმამაცის ვაკე, სევდის უბანი, გმირობის ჭალა და მისთ.

ჩვენი ვარაუდით სახელწოდება ფიქრის გორა ჩვეულებრივი ოროგრაფიული (ფიზიკური დახასიათების შემცველი) ერთეულია. იგი ბევრად უფრო ადრე ჩანს წარმოქმნილი, ვიდრე აქ საფეიქრო კომბინატი აიგებოდა. ტოპონიმის პირველი ფუძე (ფიქრის) წარმომდგარია ფიქალ- სიტყვისაგან დასმული ნათესაობით ბრუნვაში (ფიქლი-ის). აი, სწორედ ამგვარი სიტყვათშეხამება (ფიქლის გორა) უნდა გაეაზრებინა ხალხს შედარებით უფრო პოეტურ, ამაღლებულ სახელად და მისგან ფიქრის გორა წარმოექმნა. მაშასადამე ფიქრის გორა ჩვენ უნდა გავიგოთ როგორც „ფიქლის გორა“ („გორაკი, რომელიც ფიქალ-ფიქალ, ფიქლურად არის ნაწყობი“). გეომორფოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნული ობიექტი მართლაც შრეებად, ირიბად განლაგებული მოზრდილი ფიქლებით არის ნაგები.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ადგილთა სახელებად „ფიქრის გორა“ საკმაოდ ხშირად დასტურდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლი, კახეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, ქიზიყი…), ისე გურიაში და, ვგონებ, იმერეთშიც. ლანჩხუთში, მაგალითად, 1880-90-იან წლებში ცნობილ სათემო ადგილს, სოფლის საკრებულო გორაკს „ფიქრის გორა“ რქმევია. „ჩვენს წინ, მინდორში, არის პატარა გორაკი, რომელსაც დაარქვეს „ფიქრის გორა“, სადაც ჟორდანიები იკრიბებოდნენ… აქვე ისვენებდა ყველა მოსეირნე და საუბრის მოყვარულნი“; ან: „როცა ხელმწიფის და მისი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცანი, მინდოდა „ფიქრის გორა“-ზე ეს საგანიც აღმეძრა“. როგორც ვხედავთ, ლანჩხუთში არსებული ფიქრის გორა ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო საკრებულოს ფუნქციით ჰქონია გამოყენებული. საკითხავია, ლანჩხუთის „ფიქრისგორა“ თბილისის „ფიქრის გორა“-საგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუ სახელწოდების მიგრაციასთან გვაქვს საქმე?მოსალოდნელია, რომ საქართველოში არსებული ყველა „ფიქრის გორა“ თბილისის ფიქრის გორას-გან იყოს დასესხებული.

ფიქალ-სიტყვა საკმაოდ ხშირად იჩენს თავს ტოპონიმთა წარმოქმნის დროს. მესხეთში, მაგალითად, ე.წ. ქვეშა მთაზე არის ცნობილი საზაფხულო საძოვარი, რომელსაც ფიქრულა ეწოდება; ფიქრულა კი სხვა არაფერია, თუ არა იგივე ფიქლურა („ფიქალ-ფიქალ ნაგები მთა“). მაშასადამე, ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმის (ფიქრისგორა) ფიქალ-სიტყვისაგან მომდინარეობა მოულოდნელად აღარ უნდა გვეჩვენოს, თუმცა ჩვენმი დღესაც ბეერს ღრმად სწამს რომ ფიქრის გორა მაინცადამაინც ცნება „ფიქრი“-საგან გვქონია მიღებული.

საბოლოოდ: ფიქრის გორა (– ფიქლის გორა) „გორაკი, რომელიც ფიქლური წყობით არის აგებული.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები