სინტაგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინტაგმა (ბერძნ. syitagma – ერთად აგებული, შეერთებული),

1. შესიტყვება, ორი ან მეტი ენობრივი ერთეულის შეხამება მეტყველების ნაკადში (ამ გაგებით ტერმინი სინტაგმის ხმარება ფ. დე სოსიურის სახელთან არის დაკავშირებული); რამდენადაც მეტყველება სმენით აღიქმება, იგი დროში განფენილობით ხასიათდება, ამიტომ მეტყველების ნაკადში ერთმანეთს შეეხამება ერთმანეთის მომდევნო ერთეულები. ჩვეულებრივ სინტაგმებს ქმნიან სიტყვათა შეხამებები (შესიტყვებები): „სახლის+წინ“ „ქვითკირის+სახლი“, „მაღალი+სახლი“, „სახლში+შევიდა", „სახლი+დაინგრა“… მათ გარეგან სინტაგმას უწოდებენ; მაგრამ შეიძლება სინტაგმას ქმნიდნენ ისეთი ენობრივი ერთეულები, რომლებიც სიტყვაზე მოკლეა: „გადა+სახლება“, „სახლ-ეული", „სახლ-კარი“, „სახლ+ მმართველობა“… ამ შემთხვევაში შინაგან სინტაგმაზე ლაპარაკობენ. სინტაგმა შეიძლება შედგებოდეს სიტყვაზე უფრო გრძელი ერთეულებისაგანაც: „მაღლობზე დგას+ორსართულიანი ქვითკირის სახლი“.

2. მელოდიკურ-შინაარსობრივი მთლიანობა, რომელიც მოცემულ კონტექსტში გამოხატავს ერთ ცნებას და შეიძლება შედგებოდეს ერთი სიტყვისა, სიტყვათა ჯგუფის ან წინადადებისაგან. ხშირ შემთხვევაში სინტაგმებად გვევლინება სინტაქსური წყვილები (მსაზღვრელი-საზღვრული, ჩართული სიტყვები და ა. შ.). მაგრამ სინტაქსური და სინტაგმატური დაყოფის თანხვედრა აუცილებელი არ არის. პირუკუ ერთი წინადადების სხვადასხვაგვარი სინტაგმური დაყოფა საშუალებას იძლევა გამოიხატოს ამა თუ იმ გამონათქვამის მნიშვნელოვანი ნიუანსები და მოდალობა.

სხვადასხვაგვარი სინტაგმური დაყოფა ერთი და იმავე წინადადებისა ხშირ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს გამოხატავს.

სინტაგმა, როგორც მინიმალური ერთეული. სტრუქტურულად დაიყოფა რიტმიკულ ჯგუფებად. რომლებიც გაერთიანებულია სიტყვათმახვილითი. სინტაგმებად დაყოფის ძირითადი საშუალებაა – პაუზა, რომელიც თან ახლავს ტონის, ტემპის და ინტენსივობის ცვალებადობას. სინტაგმის უკანასკნელი სიტყვა ატარებს სინტაგატურ მახვილს. შესაძლოა, სინტაგმის რომელიმე სიტყვა იყოს საგანგებოდ გამოყოფილი (ე. წ. ლოგიკური მახვილით). სინტაგმის ინტონაციურ-მელოდიკურ ცენტრს ქმნის მთავარი მახვილის მატარებელი სიტყვა. სინტაგმას ახასიათებს თავისი მელოდიკური ქარგა (კონტური).

ი. ფოჩხუა
ი. თევდორაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები