უცუნა ლამაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kolkhium.PNG

უცუნა ლამაზი - colchicum speciosum.

უცუნა ლამაზი ჩვენში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, კერძოდ რაჭაში ეძახიან უცუნის; ლეხჩუმში შანშველას; გურიაში - თავნიორას; აჭარაში - სათოვლიას; სამეგრელოში - დგრეჩეს. ჯირჩეს. ლაჰა გვაჯას. სვანეთში — მაშვლის.

მიეკუთვნება შრომანასებრთა ოჯახს. უცუნას ტუბერბოლქვი წაგრძელებულია. სიგრძით 7 სმ, სიგანით კი 3 სმ, ირგვლივ შემოხვეული აქვს მიხაკისფერი სიფრიფნა ან ზოგჯერ ტყავისებრი ქვედა მკვდარი ფოთლები, რომლებიც წვეროსაკენ წაგრძელებულია, მოკლე ღეროზე 3-4 შიშველი, ხორცოვანი, მბრწყინავი, წაგრძელებული, ლანცეტა ფოთლები სიგრძით 25 40 სმ-მდეა, სიგანით კი 2-4 სმ. ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3 მოვარდისფერო ყვავილი ამოდის. ყვავილსაფრის მილი სამწიბოიანია, 20-25 სმ სიგრძის, რომელ მიწის ზედაპირიდან 8-10 სმ სიმაღლეზეა. ყვავილსაფრის გვირგვინის ფურცლისებრი ნაწილები ბლაგველიფსურია, შიგნითა მხარეს ბუსუსებით. ბუტკო სამნასკვიანია, რომელიც ყვავილსაფარის მილის მიწისქვეშა ნაწილშია ჩამალული. ნაყოფი სამად გაყოფილი კოლოფია, წაგრძელებულ-კვერცხისებრი წვეტით, თესლი მუქი-მოყავისფრო, თითქმის მრგვალი, ხორცოვანი თანათესლით. თესლი ივნისში მწიფდება და უკუნას მიწისზედა ნაწილები ხმება, რომლის დროსაც კვდება ძველი დედაბოლქვი და ვითარდება ახალი. ყვავილობს აგვისტო-სექტემბერში, ყვავილობისას მცენარეს ღერო, ფოთლები არ აქვს. განაყოფიერებული ნასკვი ნიადაგში იზამთრებს, მეორე წელს კოლოფა ნაყოფი ფოთლებთან ერთად ზედაპირზე ამოდის.

უცუნა ალკალოიდების შემცველი ძლიერ შხამიანი მცენარეა, ალკალოიდებიდან შეიცავს კოლხიცინს, განსაკუთრებით ტოქსიკურია ბოლქვები და თესლები, შემოდგომით შეგროვებული ბოლქვები ალკალოიდებს წიცავს 0,08-დან 2%-მდე, თესლები კი 0,4–0,7 % -მდე. უცუნას ბოლქვების შეგროვება აგვისტოში მიმდინარეობს, ყვავილობის დაწყების წინ.

უცუნა გვხვდება ზღვის დონიდან 150–3000 მ სიმაღლეზე, ალპურ - სუბალპურ საძოვრებზე, ტყეებში. ტუბერბოლქვების მოსავალი ტყის ჰა-ზე 20–40 ცენტნერს აღწევს, სუბალპურში კი — 25 ცენტნერს.

ჩვენში გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში, სვანეთში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში.

უცუნა გამოყენებულია სამედიცინო დანიშნულებით სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ, გარდა მედიცინისა მას სხვა გამოყენებაც აქვს, ერძოდ, მასში შემავალი ალკალოიდი კოლხიცინი გაყოფის პროცესში მყოფ მცენარეულ უჯრედთან კონტაქტის შემთხვევაში იწვევს პოლილოიდის მოვლენას, რაც პირველად რუსმა მეცნიერმა ი. გერასიმოვმა აღმოაჩინა 1890 წელს. უცუნას სხვადასხვა სახეობა გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე, ასევე (ტოქსიკურობის გამო) უცუნას ნაყენს იყენებენ მცენარეთა დაცვაში, მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ. ნაყენის დასამზადებლად გამოყენებულია ნედლი და მშრალი ბოლქვები: ტუბერბოლქვებს უნდა მოსცილდეს ფესვები, გამხმარი ხალთა და კარგად დაქუცმაცდეს; 1 კგ დაქუცმაცებულ ტუბერბოლქვს ათავსებენ 2 ლიტრ წყალში, რომელსაც აჩერებენ 24-48 საათის განმავლობაში, შემდეგ კარგად გამოწურავენ (ორპირ დოლბანდში ან საწურში) და იყენებენ მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ. მშრალი ბოლქვისაგან დამზადებულ ნაყენს (1 კგ/10 ლიტრ წყალზე), ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უმატებენ ტუტე რეაქციის ნივთიერებებს. ამ შემთხვევაში მწუწნავი მავნებლების სიკვდილიანობა 91 % -ს აღწევს, მღრღნელი მწერებისა კი 50%-ს. უცუნას ნედლი ბოლქვები კარგად ინახება ტენიან სილაში, შენახვის ხანგრძლივობა დაახლოებით სამ კვირას აღწევს.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები