ტანა (მდინარე საქართველო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე ტანა

ტანამდინარეა ცენტრალურ ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე. სიგრძე — 39 კმ, აუზის ფართობი — 382 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე.

სახელწოდება

ამ სახელწოდების წარმოშობის თაობაზე ხალხში არაერთი გადმოცემა არის შემონახული გადმოცემათა შორის ყველაზე გავრცელებული ვარაუდი, რომლის მიხედვითაც სახელწოდება ტანა თურმე სიტყვა ტინს („კლდე“) უკავშირდება. უნდა შევნიშნოთ, რომ ეს აშკარად ხალხური ვერსია ზოგიერთ სპეციალისტს სარწმუნოდაც კი მიუჩნევია. ამგვარი ვარაუდი, როგორც ჩანს, ტანა და ტინ სიტყვების მსგავსი ფონეტიკური ჟღერადობით არის შეპირობებული.

ფაქტობრივად ტანა (ტან-ა) ქართლური დიალექტური ერთეულია. იგი ნიშნავს: მდინარის ერთიანი ტანი; „მდინარე, რომელიც შენაკადებს არ შეირევს“, „თავი წყალი“. ამ თვალსაზრისით უთუოდ მნიშვნელოვანია გურული ტანწყალი, რაც ნიშნავს: „მდინარის მთავარი ნაწილი შენაკადებს გარეშე“. ქართლურშივე სიტყვა ტანს მნიშვნელობა გაფართოვებია და მდორედ, თხლად მიმავალი წყლის აღნიშვნა უკისრია: „სადაც თხელია წყალი, ტანს ვეძახით“. „ტანზედაც დაგერიყება ტივი …“ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა ტანი ეწოდება ხის ღეროს, რომელსაც გაცლილი აქვს ფესვები და ტოტები“. „სწორი, ლიტაო ხე“ (ქიზიყ).

ტანა გაფორმებულია სუფიქსით, რაც ობიექტის რაღაცასთან მსგავსებაზე მიგვანიშნებს (შდრ. თაფლა – „თაფლისფერი“, შვინდა „შვინდისფერი“, ნიშ-ა „თეთრი ნიშნის მქონე“, ბაწარ-ა „ოქროსფერი სოკო; ერთბაშად ამოდის ბეგრი და ბაწარივით გაებმება“. მაშასადამე, ჰიდრონიმი ტანა შეიძლება გავიაზროთ როგორც „ერთიანი, უშენაკადო მდინარე“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები