ჰიდრონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდრონიმი – (ბერძნ. hydōr – წყალი და unyma – სახელი), ბუნებაში არსებული, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ისეთი გამდინარე ან გაუმდინარე ჰიდრო ობიექტების სახელწოდებები, როგორიცაა: ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე, ღელე, ფშანი, წყარო, წყალვარდნილები; დიდი და მცირე წყალსატევები, სანავიგაციო და სამეურნეო დანიშნულების არხები, ჰიდროტექნიკური ნაგებობანი.

წარმოქმნის თვალსაზრისით ჰიდრონიმები ტოპონიმებისაგან არსებითად არ განსხვავდება; ენა მათი გაფორმებისას იყენებს იმავე მორფოლოგიურ-სადერივაციო ელემენტებს, რომლებიც ტოპონიმთა წარმოების პროცესში გვხვდება. ამიტომაც ითვლება ჰიდრონიმია ტოპონიმიის შემადგენელ ნაწილად, მის განუყოფელ დარგად. ჰიდრონიმები, ტოპონიმთა მსგავსად, სამ სტრუქტურულ ჯგუფს ქმნიან:

ა) მარტივფუძიანი სახელები: აბაშა, არაგვი, თერგი, ილორი, ლიახვი, მტკვარი, რიონი, სულორი, ქსანი, ჭოროხი, ხრამი…
ბ) წარმოქმნილი (კონფიქსიანი) სახელები: ალგ-ეთ-ი, გუბაზ-ეულ-ი, ზი-ეთ-ი, ნარდ-ევან-ი, ო-ქაჯ-ე, ო-ხოჯ-ა, რიც-ეულ-ა, სა-მარჭიხოლ-ო, სა-ქუხ-ებ-ი. სა-წურბილ-ე // სა-წურბლ-ია, ტაბ-ნარ-ა, ტან-ა, ქერ-შავ-ეთ-ი, ქც-ია, ღელიკ-ეთ-ი, ყვი-რილ-ა, ჩალ-იან-ი, წუბრ-ოვან-ი.
გ) თხზული (ორ- და მეტფუძიანი) სახელები: აჭარისწყალი, ბაზალეთის ტბა. გუფთის წყარო, დიდი ლიახვი, თეთრი არაგვი, ინჯისწყალი, ლეღვთახევი, ლოჭინის ხევი, მარნისხევი, მესტიაჭალა, მლაშე ტბები, ორწყალი, პალიასტომის ტბა, სამწყარო, სიონის წყალსაცავი, უჩაღალი, ქართისწყალი, ღალიძგა, ღებისწყალი, შავწყალა, შავწყაროს წყალი, შაორის წყალსაცავი, ცხენისწყალი, წვერუკნის ღელე.

ჰიდრონიმთა შორის ხშირად გვხვდება რთული შედგენილობის -ურ-ა (რაე-ნარევ ფუძეებთან დისიმილირებული -ული-ა) სუფიქსი, რომელიც მხოლოდ პატარ-პატარა მდინარე-ხევების სახელწოდებებში იჩენს თავს. დიდი წყალუხვი მდინარეების სახელებში -ურ-ა (//-ულ-ა) სუფიქსი, ჩვეულებრივ, არ გვხვდება. ამ ტიპის ჰიდრონიმები ნაწარმოებია იმ გეოგრაფიული ობიექტების (სოფელი, მთა, ხეობა…) სახელებისგან, რომელთა სიახლოვესაც ისინი მოედინებიან: არტანი – არტნ-ულა, დვირი – დვირ-ულა, ზვარე – ზვარ-ულ-ა, (მ)ლაშე – ლაშ-ურ-ა, ნეძვი – ნეძურ-ა, რიკოთი – რიკოთ-ულ-ა, საირხე – საირხ-ულ-ა, საკრავე – საკრა-ულ-ა, ქვედი – ქვედ-რ-ულ-ა, შარახევი – შარახე-ულ-ა, ჩარგალი – ჩარგლ-ურ-ა, ჩიხა – ჩიხ-ურა, ცხრაძმა – ცხრაძმ-ულ-ა, ხეკორძი – ხეკ-ორძ-ულ-ა, ხოტევი – ხოტე-ურ-ა.

-ურ-ა //-ულ-ა დერივაციული სუფიქსის ასეთი გავრცელებულობის გამო სპეციალისტთა ერთ ნაწილს (ფ. მაკალათია, შ. აფრიდონიძე, პ. ცხადაია…) იგი საკუთრივ ჰიდროფორმანტად მიაჩნია, თუმცა ეგევე სუფიქსი ტოპონიმიაშიც დასტურდება, ძირითადად სოფლების სახელწოდებებში: ველ-ურ-ა (სოფელია ახალგორის რაიონში), დამჩხრე-ულ-ა (სოფელია ხაშურის რაიონში), ზარაგ-ულ-ა, მახ- ურ-ა (სოფლებია ცაგერის რაიონში), მელ-ურ-ა (სოფელია მესტიის რაიონში)… ამ ენობრივი ფაქტის გათვალისწინებით შეიძლებოდა -ურ-ა (//-ულ-ა) სუფიქსი ზოგადად ობიექტის კუთვნილება-წარმომავლობის აღმნიშვნელ დერივატად მიგვეჩნია.

ზოგიერთი სპეციალისტი ჰიდრონიმად თვლის სინოტივე-სისველის, ტენიანობის შემცველ ობიექტთა საკუთარ სახელებსაც: ბუყბუყა წყარო, საფლობი, ზანზარა კოდა, დათვის საწუმპე, საფლობის სვანი, ჭუჭყიანი, ლელიანხევი, ჭყანტობი (//ჭყანტიანი) და მისთ, ამ ტიპის სახელები მიკროტოპონიმთა შორის უნდა განიხილებოდეს.

ჰიდრონიმური ტერმინები: აბანო, ვეძა, მდინარე, რუ, ტბა, წყალი, ხევი… ტოპონიმებთან შეერთებისას, წესისამებრ, კარგავენ ჰიდრონიმურ მნიშვნელობას და ჩვეულებრივ ტოპონიმთა რკალში ექცევიან. საფიქრებელია, რომ დიდრუვი, დედოფლის წყარო, თეთრი წყარო, კოდისწყარო, მელისწყარო, ორწყალი, რუსთავი, ღრმაღელე, შარახევი, წყალთაშუა, წყალწმინდა, წყალტუბო, წყარაფორეთი და მისთ. სახელწოდებები ტოპონიმებია და არა ჰიდრონიმები.

ჰიდრონიმთა ეტიმოლოგიურ ანალიზს ძირითადად ექვემდებარება მიკროჰიდრონიმები, რამდენადაც მათი უმეტესობა გამჭვირვალეა და ხშირ შემთხვევაში გვიანდელი ხანის წარმონაქმნია. რაც შეეხება დიდი, წყალუხვი მდინარეების სახელებს (მტკვარი, რიონი, ჭოროხი, არაგვი, თერგი, ილორი, სულორი, ქსანი…), ისინი ეტიმოლოგიურ ანალისს ნაკლებად ან საერთოდ არ ექვემდებარებიან. ეს ფაქტი მაკროჰიდრონიმთა სიძველეზე მეტყველებს.

გ. ბედოშვილი

ლიტერატურა

  • ბედოშვილი გ. ერწო-თიანეთის ჰიდრონიმია. – წგ: ერწო-თიანეთის ტოჰონიშია, თბ. 1980;
  • კემულარია მ. ქვემო იმერეთის ჰიდრონიმია, – კრ. „საქართველოს ტოპონიმია“, II, თბ., 1999;
  • მელიქიძე. ს. ქართლის ჰიდრონიმია. – იქვე:
  • ცხადაია პ. ზემო სამეგრელოს ჰიდრონიმია. – იქეე:

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები