არაგვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვების შესართავი

არაგვიმდინარე (მდინარეთა სისტემა) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ამ ჰიდროსისტემას ქმნის ოთხი მდინარე, ოთხი არაგვი: მთიულეთის (ანუ თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (ანუ შავი) არაგვი, ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი.” პირველი ორი ერთიმეორეს მიერთვის დაბა ფასანაურთან. გუდამაყრის არაგვი მართლაც შავი შეფერილობისაა; თეთრ არაგვთან შეერთებისას იგი თავის სიშავეს კარგა მანძილზე მიიყოლებს. რაც შეეხება ფშავისა და ხევსურეთის არაგვებს, ისინი ფშავ-ხევსურეთის მიჯნაზე, ადგილ ორწყალთან ერთდებიან. სამხრეთისაკენ დაქანებული ეს მდინარეები უწინ ისტორიულ სოფელ ჟინვალთან შეერთვოდნენ ერთიმეორეს; მდინარეთა შეერთების ადგილს ხერთვისი ერქვა. დღეისათვის მთელი ეს ხერთვისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ჟინვალის წყალსაცავთ არის დაფარული, ამიტომ არაგვთა შეერთების ადგილი შეიცვალა: ფშავ-ხევსურეთის არაგვი წყალსაცავს თვალივის ბოლოებზე მიერთვის, მთიულეთ-გუდამაყრისა კი ანანურთან ამთავრებს თავის მუხლჩაუხრელ სრბოლას.

პირველი ქართველი სწავლული, რომელმაც არაგვის შინაარსის გარკვევა სცადა, ჩვენი სახელოვანი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი იყო: „და ეწოდა სახელი ესე ამ მდინარეს თვითთავე, ვინათგან დის ჩქარად, მოჰგვის და იმღვრევის შავად: „ხედავ, არაგვის ეს წყალი ამ ხევთა!“ როგორც ვხედავთ, ვახუშტი ბატონიშვილი მდინარის სახელწოდების ამოსავალს ობიექტის თვისებაში – სწრაფ დენასა და ხეობების დაგვა-ჩამორეცხვაში – ხედავდა. მოგვიანებით ნიკოლოზ ბარათაშვილმაც არაგვის სისწრაფეს, „არა გვიან“ სრბოლას მიაპყრო პირველ რიგში ყურადღება. სხვათა შორის ნ. ბარათაშვილის ეს პოეტური სიტყვათშეხამება – არაგვი||არაგვიანი – შემდგომი ხანის ზოგმა მკვლევარმა ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად მიიჩნია.

კ. ჰანი ვახუშტისეულ თვალსაზრისს კარგად იცნობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას სარწმუნოდ არ თვლიდა, რაკი სხვაგვარ ახსნას გვთავაზობდა. მისი თქმით, საყურადღებო უნდა ყოფილიყო ზენდური არვატ- სიტყვა, რაც სწრაფად მსრბოლს („бегущий“) ნიშნავს. რუსმა ტოპონიმისტმა ვ. ნიკონოვმა ზენდური სიტყვის (არვატ) მოხმობას „ხელოვნური და ნაძალადევი უწოდა.“ კ. ჰანის სხვაგვარი ახსნით სახელწოდება არაგვი უნდა გავიგოთ, როგორც „მთის მდინარე“, რადგან ალანთა ენაზე მას ხოხ-დონ (ხოხ „მთა“, დონ „წყალი“, „მდინარე“) ეწოდებაო. სხვათა შორის ანალოგიური თვალსაზრისი ქართველ ისტორიკოსთა ერთ ნაწილსაც გამოუთქვამს. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არაგვი თურმე არამეული არ („მთა“) და ლათინური აკვა||აგვა („მდინარე“) სიტყვათა შეერთების გზით გვქონია მიღებული.“ ამ ვერსიის მიხედვითაც არაგვი (არ+აკვა) გაიაზრება როგორც „მთის წყალი“, „მთის მდინარე“.

ივ. ჯავახიშვილმა პირველმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ ჰიდრონიმ არაგვის ფუძისეული -რაგ-||-რგ- ელემენტი საერთოს ავლენდა სახელწოდება თერგის ძირისეულ -რგ- ელემენტთან. ამ ფაქტმა დიდ მეცნიერს გამოათქმევინა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც არაგვი წყლის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი უნდა ყოფილიყო.“

აღნიშნულ თვალსაზრისს ჩვენში საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს.

უკანასკნელ ხანს ერთგვარ მოდად იქცა ჰიდრონიმ არაგვის ინდო-ევროპული წარმოშობის „წყლის დინების“, „სისველის“ „ნესტის“ და ა.შ. აღმნიშვნელ არ, ორ, ერ, რ ძირებთან ნათესაური მიმართების საკითხების კვლევა.“ ჩვენ რომ ამ თვალსაზრისს გავყვეთ, მაშინ საერთო წარმომავლობისა აღმოგვაჩნდება არა მარტო არაგვი და სხვა ევროპულ, უნგრულ-ფინურ, ბალტიურ, ესპანურ… ენებში დადასტურებული რო|რა, არ-ელემენტიანი ჰიდრონიმები (რაინი, რონა, არნო, არაგონი, არლანსა…), არამედ ინდოეთის, ირანის, აზიისა და აფრიკის, აგრეთვე, სხვა კონტინენტების არაერთი მდინარის სახელწოდება (რუდე-შური, ფარაპ-რუდი, სეფირუდი, თერგერუდი, ჩაირუდი…).“ ჰიდრონიმთა ამგვარი მეთოდით კვლევამ, საეჭვოა, ოდესმე დადებითი შედეგები მოგვცეს. ქართულმა ენათმეცნიერებამ კონკრეტული ენობრივი ფაქტების მსოფლიო პალეონტოლოგიური მეთოდებით კვლევა-ძიებაზე კარგა ხანია უარი თქვა და სრულიად სამართლიანადაც.

განა უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა, სახელწოდება არაგვის ახსნა ისევე ქართულ-ქართველური მასალის გამოყენებით გვეცადა? ეგებ მთლად უარსაყოფი არ ყოფილიყო ამ თვალსაზრისით “ძველისძველი ქართული რაგგვ- სიტყვის მოძიება? ა-რაგვ- (სა-რაგვ-?) „მდინარე, რომელშიც თევზს რაგვით ანუ ფიჩხულებით იჭერენ“? ამ მხრივ ერთობ საინტერესოდ გვეჩვენება ცნობილი პოეტის ტარიელ ჭანტურიას ინტუიტური მიგნება არაგვის ორაგვე და არგვეთ- სახელებთან დაკავშირების თაობაზე.“

როგორც ვხედავთ, საკითხი ღიადვე რჩება. ეს იმიტომ, რომ დღემდე საბოლოოდ გარკვეულად ვერ ჩაითვლება ჰიდრონიმ არაგვის ენობრივი კუთვნილების საკითხი. სწორედ ამიტომ არ ხერხდება მისი ენათმეცნიერული ანალიზი – რა წარმოადგენს ძირს და რა – აფიქსს: არა-გვ-., ა-რაგ-ვ-, არ-აგვ-, ა-რა-გვ- მ? აუცილებელია დადგინდეს არაგვის სტრუქტურული სახე, რათა მეცნიერული შეფასება მიეცეს სახელწოდების თითოეულ შემადგენელ ნაწილს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები