ანანური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანანური – ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში.

აქაა საქვეყნოდ განთქმული, გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლი, ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (1689 წ.) მძლავრი თავდაცვითი და სხვა სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაგებობებითურთ. თავისი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობით, განუმეორებელი პეიზაჟით ანანური არა ერთი ქართველი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულა. განსაკუთრებული სიყვარულით უმღერიან ანანურს არაგვის ხეობის მკვიდრი პოეტები:

„გზას მივუყვები, განელდა სიცხე,
შორს ანანურის გუმბათი მოჩანს...
ტაძარი ხელში უჭირავს ციხეს,
როგორც მეომარს – ქათქათა დროშა".”
ან: „ეს ხიდიც მალე მიაღწევს ნაპირს...
და ანანური დარჩება მხოლოდ .
როგორც ფრაგმენტი ლამაზი ზღაპრის“.

სახელწოდება

ანანური აღზევებული და დიდად გავლენიანი არაგვის ერისთავების რეზიდენცია იყო; იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში. ანანური მოწმეა გარეშე მტერთან არაერთი დიდი და, პატარა ბრძოლისა; მისი ციხე-გალავანი არაერთგზის მოურღვევიათ, გადაუწვავთ და აუოხრებიათ მეზობელ ქსნის ზვიად ერისთავებს. ამ სისხლიანი ისტორიის გამოძახილია ის უამრავი ლეგენდა-გადმოცემები ადგილობრივ მოსახლეობას რომ შეუქმნია როგორც თვით სოფლის, ისე მისი ციხე-სიმაგრის შესახებ:

„ერთხელ ანანურს თათრის ლაშქარი დასცემია. ქართველები ცოტანი ყოფილან და ციხეში ჩაკეტილან. თათრების ბელადს ალყა შემოურტყია, მშიერ-მწყურვალნი დიდხანს ვერ გასძლებენო. ამ ჩვენ საქართველოში თითქმის ყველა ციხეს საიდუმლო გვირაბს ატანდნენ. ანანურის ციხესაც ჰქონია გვირაბი (იმისი ნაშთი ახლაც არის დარჩენილი), ჩადიოდნენ და თურმე სასმელ წყალს არაგვიდან ეზიდებოდნენ. ერთი კვირის მერე თათრის ბელადს შეუთვლია, დაგვნებდით, უწყლოთ როდემდი უნდა ისხდეთო! ქართველებმა კიდევ ცოცხალ კალმახებს დაუწყეს ჰაერში ფრიალი, – გააგებინეს, წყალიც ბევრი გვაქვს და სასმელ-საჭმელიცაო. გაბრაზდა თურმე თათრის ბელადი, ისე გაბრაზდა, კბილებიდან ცეცხლსა ჰყრის. ბოლოს, რო ვეღარაფერი გააწყო, ჯილდო გამოუცხადებია, ვინც იმ წყლის საიდუმლოს გამიგებს, ოქრო-ვერცხლით ავავსებო. მეორე დღესვე ბელადთან მისულა ერთი ქვრივი დედაკაცი, იმის ქმრისათვის მეფეს რაღაც დანაშაულობაზე თვალები დაუთხრევინებია, – „კაი კაცობა“ თუ რამე პქონდა ჩადენილი. ჰოდა ამ ქალს უთქომ, რო ანანურის ციხეში შეუპოვრის მხრიდან არის შემოყვანილი მილებიო. იმ მილებს თუ გადაუჭრით, ციხეც ჩაგბარდებათო. გაუთხრიათ შეუპოვრის გორა და ამოუყრიათ ორპირად ჩაწყობილი მილი, – ერთში წყალი მოდენილა, მეორემი – რძე: კვირიკე რო არი მთაზე, იქ ირმები უწველიათ ქალებს და ირმის რძე მილით მოდენილა. ამოუყრიათ თათრებს მილები და მესამე დღეზე ციხეც დანებებულა. ეს ქალი, ვინც მტერს საიდუმლო ასწავლა, სოფლის ხიზანია, სახელად ანა რქმევია, გვარად – ნური ყოფილა. მისულა თათრის ბელადთან ჯილდოს მისაღებად. იმას კიდევ უბრძანებია ვეზირ-ნაზირებისათვის, მოაბით ცხენის ძუაზე და დააგლეჯინეთო. ქალი ბელადს ფეხებში ჩავარდნია, იმას კიდევ მოუშორებია: თავის ხალხს ვინც უღალატებს, სხვას რა ხეირს დააყრისო! მოუბმეინებია ეს ქალი ცხენის ძუაზე, მიუშვეს და ნაფლეთ-ნაფლეთ დააგლეჯინეს. იმ ადგილისათვის კი ქალის ლალატის გამოთ ანა ნური დაურქმევია ჩვენს ხალხსა“ (კოსტა გიორგის ძე როსტიაშვილი ს. ანანური).

სოფლის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე ხალხში სხვაგვარი გადმოცემაც არსებობს:

„ერთხელ ერეკლე მეფის დროს, ანანურს ლეკები დასცემიან. ციხეში სდომებიათ შესვლა, მაგრამ ვერ შესულან. ღამე არყალის ხევზე დაბანაკებულან. იმ ღამით ქაისხევში ისეთი წვიმა მოსულა, რომ ადიდებულ არყალას მთელი ეს ლეკობა არაგვის ქალაში გაუტანია. დიდძალი ცხენი და ჯორი დაუხრჩვია, ხალხიც ბევრი უზარალებია. ვინც გადარჩა, თურმე იძახიანხი სანან ური გაგვიხდა აქ წამოსვლაო.?” იმის მერე სოფლისთვის ანანური დაურქმევიათ“. (გიორგი ზავრადაშვილი).

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს ლეგენდა-გადმოცემები, საინტერესო შინაარსის მიუხედავად, სინამდვილისაგან შორს დგანან. ჯერ ერთი, ცნობილია, რომ ხალხი თავის სოფელს თუ ქალაქს მოღალატე პიროვნების სახელს არასოდეს არქმევს, მეორეცაა და ღვარცოფს გადარჩენილი ლეკები ქართულად ვერ იტყოდნენ: „აქ მოსვლა სანანური გაგვიხდაო“. უფრო არსებითი ისაა, რომ ერეკლე მეფემდე, როცა ეს ამბავი „მომხდარა“, სოფელს ანანური რამდენიმე საუკუნით ადრე უკვე რქმევია, ასე რომ ლეგენდა ლეგენდავე რჩება და იგი სერიოზული მსჯელობისათვის არ გამოგვადგება.

სულ პირველად კ. ჰანი დაინტერესებულა ტოპონიმ ანანურის წარმოშობი“ ისტორიით. მან სახელწოდება ანანური წარმართული ღვთაების ნანის სახელს დაუკავშირა. ალ. ხახანაშვილმა კ. ჰანის მოსაზრება უარყო. თავის მხრივ მკვლევარმა ტოპონიმი ანანური ანთროპონიმული წარმოშობისად ჩათვალა და დაუშვა, რომ აქ ამოსავლად უნდა გვქონოდა ანნა, ანანია, სუფიქსი –ურ-ი კი საწარმოქმნო საშუალებაა და ისევე მიერთვის ფუძეს, როგორც ეს კურდღელაურ-, ოსიაურ-, ამბროლაურ-... სახელებში გვაქვსო. აღნიშნული ვარაუდი სხვა ცნობილი მკვლევრების მიერაც გაზიარებულია და აღიარებული.

მაშასადამე ანანური ნიშნავს: „ანანიას კუთვნილი ადგილი“; „მამული, რომელიც ანანიას გვარს სჭერია“. საყურადღებოა, რომ მთიულურ დიალექტში ანანეურ- ფორმაა გავრცელებული, რაც ტოპონიმის ვიღაც პირისადმი კუთვნილებას გვიდასტურებს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები